LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირმა სოხაძე: ის, რომ სალონიდან არ გამოვდივარ და პილინგს, რევიტალიზაციას ვიკეთებ, ზღაპარია… დავდივარ ფეხით, წითელ ხორცს არ მივირთმევ, სიგარეტს არ ვეწევი, ალკოჰოლსაც არ ვეტანები…

25
ირმა-სოხაძე

8 ნოემბერს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ ირმა სოხაძე სტუმრობდა. გადაცემაში მომღერლის ორი ახალი სიმღერის პრემიერა შედგა.

ირმა, როგორ ახერხებთ, რომ სულ ასეთი ლამაზი და პოზიტიური იყოთ?

ამას ვერ მოახერხებ, თუ ასეთი არ ხარ და ეს არც ისე რთულია. არ ვიცი, ადამიანების რაღაც რაოდენობა რატომ ხარჯავს დროს და ენერგიას იმაზე, რომ ჩასაფრებული იყოს და რაღაც ცუდი შენიშნოს, ვიღაც დააბულინგოს და გული ატკინოს. ის ხომ თავის თავს აკლებს ამით და ძალიან ბევრი კარგი და პოზიტიური რამის დანახვის შანსს ართმევს.

გამომდინარე იქიდან, რომ მუსიკალურ სფეროში პატარა ასაკიდან ხართ, შეიძლება, დღევანდელი გადმოსახედიდან უკვე მიეჩვიეთ ნეგატიურ კომენტარებს, მაგრამ კარიერის დასაწყისში თუ მოქმედებდა თქვენზე უარყოფითი შეფასებები?

პატარა რომ ვიყავი, დიდი ბულინგი არ მიგრძნია, მაგრამ იყო ჩემს ცხოვრებაშიც მსგავსი შემთხვევები. მაგალითად, ერთი ძალიან დიდი კონცერტი ტარდებოდა სხვა ქვეყანაში და ერთმა უფროსმა მომღერალმა ისეთი რამ მითხრა, სხვას, ჩემს ადგილას, შეიძლებოდა, ფარ-ხმალი დაეყარა. რატომ არ ხარ დღეს ხმაზე, მამიკოო –  ასე მითხრა და მე იმ წუთში მივხვდი, რომ ამ კაცს უნდოდა ცუდად მემღერა, რადგან ერთი კვარტეტი მეორე კვარტეტს ეჯიბრებოდა. დედაჩემი გაგიჟდა, დედიკო, ავად ხომ არ ხარო, მე ვუთხარი, გადასარევ ხმაზე ვარ და ძალიან კარგად ვიმღერებ-მეთქი. ეს თავიდანვე მქონდა მე, არასდროს ვითრგუნებოდი, მწყინდა და არასდროს ვფიქრობდი, რომ იმან ეს მითხრა, ეს მიქნა და ახლა რა მეშველება-მეთქი. ვატარებდი ამ ყველაფერს და ერთგვარი ჟინიც მიჩნდებოდა, რომ რაღაც უკეთესად გამეკეთებინა.

რაც უფრო კეთილგანწყობილი ხარ, ამას უფრო მეტი სიკეთით გიბრუნებს სამყარო და უფრო კარგადაც გამოიყურები. მართლა, არაფერი მაქვს გაკეთებული, რაიმე განსაკუთრებულად თავს არ ვუვლი, ვცხოვრობ ჩვეულებრივად, ისე, როგორც ყველა. დავდივარ ფეხით, უკვე 15 წელია, წითელ ხორცს არ მივირთმევ, სიგარეტს არ ვეწევი, ალკოჰოლსაც არ ვეტანები და ძალიან მიყვარს აუზი. ის, რომ სალონიდან არ გამოვდივარ და პილინგს, რევიტალიზაციას ვიკეთებ, ზღაპარია. მირჩევნია, მეტყობოდეს, რომ რაღაც ჩავარდნილი და გასაკეთებელი მაქვს, ვიდრე მეტყობოდეს, რომ სახე გაკეთებული მაქვს. ყველაფერს თავისი ხიბლი აქვს… სიბერე არ არის არც ნაოჭი და არც ჭაღარა. სიბერეა, როცა მენტალურად ხდები სხვანაირი და რაღაცების მიღება არ შეგიძლია, როცა მახსოვრობა გიქვეითდება და ა.შ. ამაზე ვიზრუნოთ, ვაკეთოთ სუდოკუები, კროსვორდები, ტვინის სავარჯიშოები. ნაოჭს და თეთრ თმას თავი დავანებოთ, ძალიან მოდური, ტრენდული და ლამაზია, მე რომ მკითხოთ.

ვისაუბროთ სიმღერაზე „მზე ისევ ამოვა“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.

დღეს გია მაჭარაშვილის 2 სიმღერა მოგიტანეთ. ჩვენი მეგობრობა დიდი ხანია დაიწყო. ჩვენი ერთ-ერთი პირველი სიმღერა იყო „გაიღიმე“, რომლის ტექსტიც ჩემია, მუსიკა კი გიასი. გიამ მოიტანა ეს მუსიკა მარათონისთვის დამიკრა და მითხრა, რა ვქნა, ტექსტი არ მაქვსო. ტექსტი ზუსტად 10 წუთში დავწერე, რადგან მუსიკოსები უკვე სტუდიაში იყვნენ შეკრებილნი. გაგიჟდა ყველა და ჩავწერეთ.

„მზე ისევ ამოვა“ არც ისე ახალი სიმღერაა, უბრალოდ, ვერსიაა ახალი, ახლა ჩავწერე. ჩაიწერა ირაკლი ქაცარავასთან. ლექსი აქაც ჩემია, არანჟირება გია მაჭარაშვილის.

როგორი ისტორია აქვს თქვენს მეორე სიმღერას, დუეტს, რომელსაც გია მაჭარაშვილთან ერთად ასრულებთ?

ეს დუეტიც, როგორც გითხარით, გიამ დამიწერა, ჩემი ერთ-ერთი სოლოკონცერტისთვის. ეს დუეტი, რომ მომიტანა, გავგიჟდი ისე მომეწონა. სიტყვები მაშინაც მე დავწერე. 2002 წელს რომ ჩავწერეთ კონცერტისთვის, იმის მერე არ გვიმღერია და ამასწინათ, ერთმა ქალბატონმა მომწერა, თუ შეგიძლიათ მითხრათ, თქვენ და გია მაჭარაშვილმა, რომ იმღერეთ „შენთან ვარ და შენთან ვიქნები“, იმის ჩანაწერი სადმე თუ არსებობსო. რაც მე იმ ქალბატონს ვლოცავ, რადგან მეც მივიწყებული მქონდა. იქვე მივწერე, ეს რა კარგი რაღაც გამახსენეთ, აუცილებლად თავიდან ჩავწერთ-მეთქი. შევუსრულე პირობა და ჩავწერეთ.

 

ირმა სოხაძე – მზე ისევ ამოვა

 

ირმა სოხაძე & გია მაჭარაშვილი – შენთან ვარ

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ირმა სოხაძე. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g