თითქმის ერთი თვეა, 16 აპრილიდან, როგორც თბილისში, ასევე ქვეყნის სხვა რეგიონებში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციები მიმდინარეობს.
კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტს უერთდებიან სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის ადამიანები – აქციებზე, მოწოდებებით, სოციალურ ქსელში დაფიქსირებული საკუთარი პოზიციებით.
აღნიშნული კანონპროექტისა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ „კვირის პალიტრასთან“ საუბრობენ ხელოვანები, მათ შორის ირმა სოხაძეც, რომელიც ამბობს, რომ „რუსეთი და წარსულში დაბრუნება არ უნდა“.
„მე არ ვიცი, ეს კანონი რუსულია, ფრანგული თუ ამერიკული და არც მაინტერესებს. მნიშვნელოვანი ისაა, რომ ასეთ ვნებათაღელვას იწვევს. სტრატეგიული პარტნიორების უმეტესობა გვაფრთხილებს, თქვენთვის ეს არ ივარგებს და არ გააკეთოთო, ამიტომ უნდა შეველიოთ ამ კანონპროექტს და მშვიდად გავაგრძელოთ ცხოვრება. გავაკეთოთ ის, რაც ჯობია ჩვენი ქვეყნისთვის და იმ ახალგაზრდებისთვის.
პროტესტს ხელოვნურად ვერ გავაჩერებთ, ვერაფრით შევეწინააღმდეგებით. შეიძლება ვიღაცამ მართლაც ისარგებლოს, ამ ყველაფერს სათავეში ჩაუდგეს და იმაზე უარესი შედეგი მივიღოთ, ვიდრე იმ ფულის აღმოჩენა თუ ამ კანონის მიუღებლობა იქნება. ჩვენ იქ ვცდებით, როდესაც განსხვავებული აზრისა და კუდიანების დევნას ვიწყებთ, შეთქმულების თეორიებს განვიხილავთ. აქ არ არის განსხვავებული აზრი, აქ ყველა ერთ აზრზე ვართ, რომ ჩვენი მომავალი – ევროპისკენ სვლა კონსტიტუციით, 78-ე მუხლითაა დამტკიცებული.
ნუ დავყოფთ, რომ თითქოს ახალგაზრდებს უნდათ ევროპა და ჩემს თაობას კი – რუსეთი. არა, ბატონო, მე უფრო არ მინდა რუსეთი, რადგან უკვე ვიცხოვრე იმ ქვეყანაში და ვიცი, რაც არის, და როგორღა უნდა მინდოდეს იმ წარსულში დაბრუნება? ვინ დაგვაბრალა ეს ჩემს თაობას? ეს არ არის თაობათა ომი და საერთოდ, ეს არავის ომი არ არის. შეიძლება გამჭვირვალობა მართლაც აუცილებელია, მაგრამ არ მინდა ყველა ნიუანსი ვიცოდე ქვეყნის შუაზე გახლეჩის ფასად. ხომ გახსოვთ, რა ბედნიერები ვიყავით ამ კანონის დაინიცირებამდე? მართლაც გვჯეროდა, რომ „ზღაპრის ბოლო კეთილია“ და უცებ კვლავ შუაზე რატომ გავიხლიჩეთ?
ღამეები არ მძინავს, ვზივარ, ეკრანს ვუყურებ და ვტირი. გავიგოთ, რომ ყველა ვართ ერთ აზრზე! რაც უფრო მალე გავიგებთ და ვაღიარებთ, უკეთესი იქნება ჩვენთვისაც და ქვეყნისთვისაც.
– თქვენი სიმღერა „ზღაპრის ბოლო კეთილია“ ამ აქციებზეც არაერთხელ გაჟღერდა. ალბათ, ავტორისთვის ძალიან სასიამოვნოა, როცა ყველა თაობის წარმომადგენელი ამ იმედიან სიტყვებს ღიღინებს.
– ძალიან სასიამოვნოა და მიხარია. ჰოდა, იმღერონ! იმ ძალიან სასიხარულო საფეხბურთო მატჩის შემდეგაც მანტრასავით იმეორებდა ყველა, მაშინაც ვტიროდი, ოღონდ სიხარულის ცრემლებით, ვერ გადმოგცემთ, რა საოცარი შეგრძნებაა. ვიღაცამ მითხრა, აქციაზე ახალგაზრდებს აუკრძალეთ ეს სიმღერაო. მე და გია მაჭარაშვილმა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს არ მივეცით ამის ნება, არც ლოგოდ და არც საუნდტრეკად არ მივცემთ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, რათა სათავეში ჩაუდგნენ და ამ სიმღერით გადატრიალება მოახდინონ, მაგრამ ახალგაზრდებმა, კი, ბატონო. მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ უკეთესი მომავლისთვის და ჩვენ ვიქნებით ყველაზე ბედნიერი, თუ ამ სიმღერის თანხლებით ივლიან და შევალთ ევროკავშირში.
„ზღაპრის ბოლო კეთილია“ – ასეც უნდა იყოს და გვჯერა, რომ ასეც იქნება“, – ამბობს ირმა სოხაძე „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.