LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ის არჩევნები, რომელსაც ივანიშვილი ატარებს, დიდი შანსია, რომ გაყალბდეს… რაც შეეხება ინტერნეტით ჩატარებულ არჩევნებს, ჩვენ დღეს ჩავატარეთ პრეზენტაცია, რომელიც არის უტყუარი და რომელიც გამოიღებს თავის შედეგს…“ – პაატა ბურჭულაძის ინიციატივით ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის შეხვედრა გაიმართა, რას აცხადებენ შეხვედრის მონაწილეები

117
ნიკა მელია, პაატა ბურჭულაძე, ლევან ხაბეიშვილი

პაატა ბურჭულაძის ინიციატივით ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის შეხვედრა გაიმართა.

როგორც შეხვედრის შემდეგ პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, ინტერნეტით ჩატარებული არჩევნები უტყუარია და თავის შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

მისი თქმით, „ის არჩევნები, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ატარებს, დიდი შანსია, რომ გაყალბდეს, ამიტომ ვინც ამ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, საკუთარ თავს მოიტყუებს“:

„რაც შეეხება ინტერნეტით ჩატარებულ არჩევნებს – ჩვენ დღეს ჩავატარეთ პრეზენტაცია, რომელიც არის უტყუარი და რომელიც გამოიღებს თავის შედეგს. მაქსიმუმ ორ თვეში ჩვენ გვექნება ამის აღჭურვილობა. სამი მოდელი არსებობს, ერთი უკვე აქ არის, ორი ჩამოვა. ერთი შექმნა ჩეხეთმა და ორი შექმნა ამერიკამ“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ პაატა ბურჭულაძესთან, ოპოზიციის ნაწილთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ამ ჯგუფში საუბარი შედგა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით – იქ გასვლა არ არის უბრალოდ შეცდომა, იქ გასვლა არის უდიდესი შეურაცხყოფის მიყენება თვეების განმავლობაში რუსთაველის გამზირზე შეკრებილი საზოგადოებისთვის“.

მელიას თქმით, ეს საორგანიზაციო ჯგუფი ქვეყანაში არსებული კრიზისის განმუხტვაში ხალხის ჩართულობას უზრუნველყოფს.

„ჩვენ აქ ვისაუბრეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. აქ საზოგადოება არის განსხვავებული, საზოგადოებრივი ჯგუფები არიან ერთმანეთისგან განსხვავებული, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები არიან, რომლებსაც კრიზისის დაძლევა სურთ. კრიზისის დაძლევა შესაძლებელია მხოლოდ ხალხის ჩართულობით. ხალხის ჩართულობა როგორ შეიძლება მოხდეს და უზრუნველყოს ამ საორგანიზაციო ჯგუფმა, ამაზეა საუბარი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების უპირატესობაზე კი არ არის საუბარი, საპარლამენტო არჩევნების უპირატესობაზეა. ამ ჯგუფში საუბარი ასევე შედგა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით – იქ გასვლა არ არის უბრალოდ შეცდომა, იქ გასვლა არის უდიდესი შეურაცხყოფის მიყენება თვეების განმავლობაში რუსთაველის გამზირზე შეკრებილი საზოგადოებისთვის, – განაცხადა ნიკა მელიამ.

შეხვედრის შემდეგ ისაუბრა ლევან ხაბეიშვილმაც.

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, „გარკვეულ ჯგუფებს უკვე მზადება აქვთ დაწყებული ე.წ. არჩევნებში მონაწილეობისთვის, ეს არანორმალურია“.

ხაბეიშვილის განცხადებით, ივანიშვილის პირობებში საქართველოში არანაირი არჩევნები არ იქნება, რადგან „ეს იქნება უბრალოდ სპექტაკლი“,

„მნიშვნელოვანია აბსოლუტურად ყველას ესმოდეს, რომ სანქცირებული ივანიშვილი, სანქცირებული კალანდარიშვილით საქართველოში არჩევნებს არასდროს არ ჩაატარებს. შესაბამისად, გარკვეულ ჯგუფებს რომ უკვე მზადება აქვთ დაწყებული ე.წ. არჩევნებში მონაწილეობისთვის, ეს არანორმალურია. აქ შეკრებილი საზოგადოება, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ვთანხმდებით ერთ რამეზე, ძალიან მნიშვნელოვანი და მარტივი „მესიჯი“ გვაქვს საზოგადოებისთვის: „საქართველო ივანიშვილის გარეშე“. ივანიშვილის პირობებში საქართველოში არანაირი არჩევნები არ იქნება, ეს იქნება უბრალოდ სპექტაკლი, სადაც ის სხვადასხვა მსახიობებს შესთავაზებს სხვადასხვა როლს, ზოგმა დაირქვას რომ პოლიტიკოსია, ზოგმა – მერობის კანდიდატი და ა.შ. ჩვენი ნომერ პირველი ამოცანაა ივანიშვილის რეჟიმის დამხობა და ამის შემდეგ ობიექტური არჩევნების ჩატარება, სადაც ხალხი გადაწყვეტს, ვინ იყოს ხელისუფლებაში და როგორი კოალიციური მთავრობა უნდა“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

magti 5g