თბილისს ცირკი დაუბრუნდა – ის, რაც პანდემიის რთულ პერიოდში მოგენატრათ და ძალიან დიდხანს ელოდით ბავშვებო, მშობლებო, ბებიებო და ბაბუებო, შეგიძლიათ ისევ იხილოთ.
საქმე ის არის, რომ 2 იანვრიდან, თქვენ პირველად გექნებათ შესაძლებლობა ნახოთ ცირკი ყინულზე. როგორც „თბილისის ცირკში“ აცხადებენ, მონატრებულ ცირკში გელოდებათ მრავალფეროვანი სანახაობა, კერძოდ: თვალისმომჭრელი ლაზერშოუ, საერთაშორისო აკრობატები, ჟონგლიორები და ასევე, ბევრი სიურპრიზი.
აღსანიშნავია, რომ თბილისის ცირკის სალაროები უკვე გაიხსნა და მუშაობს ყოველდღე 10:00 – 19:00 საათამდე. ამასთან, ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ონლაინაც, შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3oGJVSm
რაც მთავარია, არ უნდა დაგავიწყდეთ კოვიდპასპორტის აღება, ვინაიდან, წარმოდგენაზე დაიშვებიან მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ მქონე პირები. ქვეყანაში, „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდა. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი, ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის.
„არ გამოტოვოთ დაუვიწყარი სანახაობა რომელიც გელით თქვენ და თქვენს პატარებს!“, – აცხადებენ თბილისის ცირკში.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 0322 983035; 551759888