LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ის, რომ პოლიტიკური ნიშნით ვიღაც გათავისუფლდა, არის ტყუილი და ჩვეულებრივი სპეკულაცია… [გიგა სოფრომაძეს] ამოეწურა ხელშეკრულების ვადა“ – კალაძე მერიის თანამშრომელზე

165
კახაკალაძე, გიგა სოფრომაძე

„ის, რომ პოლიტიკური ნიშნით ვიღაც გათავისუფლდა, არის ტყუილი და ჩვეულებრივი სპეკულაცია“ – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

ჟურნალისტებმა კალაძეს თბილისის მერიის უკვე ყოფილი თანამშრომლის, გიგა სოფრომაძის სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით განთავისუფლების შესახებ ჰკითხეს. როგორც კახა კალაძემ შესაბამისი კითხვის კომენტირებისას განაცხადა, „სოფრომაძეს ხელშეკრულების ვადა ამოეწურა და მისი გაგრძელების საჭიროება დღის წესრიგში აღარ იდგა“:

„ის, რომ პოლიტიკური ნიშნით ვიღაც გათავისუფლდა, არის ტყუილი და ჩვეულებრივი სპეკულაცია. ის არ იყო შტატში, როგორც თანამშრომელი, იყო ხელშეკრულებით და ამოეწურა ხელშეკრულების ვადა. ის უშუალოდ მუშაობდა შშმ პირების მიმართულებით პროგრამების დანერგვაზე. დღეს, ყველა ამ პროგრამას, რომელიც დანერგილია, ჰყავს შესაბამისი ხელმძღვანელი და მისი მუშაობის აუცილებლობა არ იყო. შესაბამისად, ხელშეკრულება დასრულებულია და გაგრძელების საჭიროება არ იდგა დღის წესრიგში. ეს არის მარტივად. დანარჩენი, ვისაც რა სპეკულაციები უნდა, მისი უფლებაა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მერიაში დასაქმებულებისთვის განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრების გამოთქმა არასდროს შეუზღუდავთ. მისივე თქმით, „ამის ნათელი მაგალითი არის თუნდაც ნიკა გვარამიას პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელიც მერიის თანამშრომელი იყო“:

„ჩვენ არავინ შეგვიზღუდავს. უამრავი ადამიანი იყო, ვისაც ჰქონდა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება, აქციებზეც დადიოდა, პოლიტიკურ განცხადებებს და შეფასებებს აკეთებდა. ამის ნათელი მაგალითი არის თუნდაც ნიკა გვარამიას პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელიც ჩვენი თანამშრომელი იყო. ჩვენ თუ ისეთი მიდგომები გვქონდა, რომ პოლიტიკურად განსხვავებულ აზრს ვდევნიდით, მაშინ ამ ადამიანებსაც გავუშვებდით სამსახურიდან, მაგრამ არ გვქონია ეგ დამოკიდებულება. თუმცა, ერთი რამ მინდა ვთქვა. ის, რაც გააკეთა საჯარო სამსახურების ზოგიერთმა თანამშრომელმა, იყო ძალიან მძიმე იმიტომ, რომ შენ შეგიძლია საკუთარი სახელით ნებისმიერი მოსაზრება გამოხატო, მაგრამ კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ამას აკეთებ კოლექტიურად, საჯარო სამსახურის სახელით, აბულინგებ შენს თანამშრომლებს, აყენებ შეურაცხყოფას, რომ მოაწერონ ხელი. ამის მტკიცებულებები არსებობს. პიროვნულად ნებისმიერ ადამიანს, მიუხედავად იმისა, სად მუშაობს, შეუძლია გამოხატოს თავისი მოსაზრება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, გიგა სოფრომაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს.

„8 – წლიანი მუშაობის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის საქმე, რასაც აქამდე ვაკეთებდი, აღარ ყოფილა საჭირო… არ ვიცი, რა ვთქვა, არ ვიცი, მეწყინოს თუ გავბრაზდე, მაგრამ კითხვები მაქვს… რა უნდა მითხრან, რით უნდა დამემუქრონ, რამდენი უნდა გადამიხადონ, რომ არამც თუ ჩემს თანამშრომელზე, არამედ ვინმეზე რამე ზედმეტი დავწერო?! თქვენს, მკადრებლების და მომწონებლების “ღირსებაზე” იყოს”, – დაწერა სოფრომაძემ.

სამსახურიდან გამათავისუფლეს 🙂 8 წლიანი მუშაობის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის საქმე, რასაც აქამდე ვაკეთებდი, აღარ ყოფილა…

Posted by გიგა სოფრომაძე on ხუთშაბათი, 26 დეკემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g