21 აპრილს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ ჯგუფ „რეზო და ბავშვების“ წევრები, რეზო ბლიაძე, ბექა ნაფეტვარიძე და ლელო ხოტივარი სტუმრობდნენ, რომლებმაც 28 აპრილს დაგეგმილ კონცერტზე ისაუბრეს და მსმენელს ახალი სიმღერა „ღამის მიმდევრები“ წარუდგინეს.
ვისაუბროთ 28 აპრილს დაგეგმილ კონცერტზე,
ლელო: კონცერტი „Silk factory studio“-ს პავილიონში გაიმართება. ეს კონცერტი იმ კონცერტების სიიდან არის, რომელთაც პერიოდულად ჩვენ თვითონ ვუწევთ ორგანიზებას. გვაქვს ახალი წამოწყება „One event company“, რომელთაც ჩვენი მეგობრები მეთაურობენ და ჩვენთან ერთად აიღეს ორგანიზატორობა თავიანთ თავზე. იქნება „რეზო და ბავშვების“ ისეთი კონცერტი, რომელსაც წლის განმავლობაში ხშირად ვერ შეხვდებით ხოლმე, ნამდვილად განსხვავებული იქნება. ჩვენთან ერთად იქნებიან თორნიკე ყიფიანი და დრო 21.
რეზო: ეს კონცერტი რაღაცნაირად ჩვენი საავტორო სიმღერების და მუსიკის შეჯამება. იმედი მაქვს, რომ მოწონებას დაიმსახურებს. კონცერტზე 22 საავტორო სიმღერას ვიმღერებთ.
როგორი იქნება კონცერტის მუსიკალური პროგრამა, ახალ სიმღერებს თუ მოისმენს მსმენელი?
ბექა: ალბათ, არავისთვის იქნება გასაკვირი, თუ ვიტყვით, რომ კონცერტზე, რა თქმა უნდა, შესრულდება ჩვენი ცნობილი სიმღერები, თუმცა იქნება ისეთი სიმღერებიც, რომლებიც ჯერ ფართო საზოგადოებას არ მოუსმენია. წელს დავიწყეთ იმაზე ზრუნვა, რომ საავტორო მუსიკა წინ წამოვწიოთ, დავგეგმეთ აქტივობები, სტუდენტებთან შეხვედრები. ვსაუბრობთ იმაზე, რომ საავტორო მუსიკა არის კარგი, რომ მაქსიმალურად უნდა მივაქციოთ ამას ყურადღება და რომ მეტი დრო უნდა დავუთმოთ.
ვისაუბროთ სიმღერაზე „ღამის მიმდევრები“, რომლის პრემიერაც ჩვენს ეთერში დღეს შედგება.
ლელო: „დაგელოდები“ და „ღამის მიმდევრები“ ერთი პროექტია. რაღაცნაირად ისე ლაგდება ხოლმე, რომ ორ-ორ სიმღერად გვაქვს ხოლმე გადანაწილებული. ორივე სიმღერა ფაქტობრივად ერთდროულად აიტვირთა „youtube“-ზე. ისე მიყვარს ეს სიმღერა, რომ ვერ წარმომიდგენია, ბევრ ადამიანს არ მოეწონოს. ტექსტი და მუსიკა რეზოს ეკუთვნის, არანჟირება პაატა სილაგაძეს და რეზოს.
როგორია სამომავლო გეგმები, უკვე დაგეგმილი თუ გაქვთ სხვა ღონისძიებებიც?
ლელო: უფრო ზაფხულის. ზაფხულის პერიოდში აუცილებლად გვექნება კონცერტები შავი ზღვისპირეთში და რეგიონებშიც მოვხვდებით, როგორც ყოველთვის.
რეზო და ბავშვები – ღამის მიმდევრები
გადაცემის აუდიოჩანაწერი
რეზო და ბავშვები – ყურსასმენები. Live
რეზო და ბავშვები. ვიდეო კოლაჟი