LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ისე მომეწონა ეს სიმღერა და ისე შემიყვარდა, რომ ვიცი, მსმენელიც ძალიან კმაყოფილი დარჩება“ – ლაშა ღლონტი სიმღერის პრემიერით „არ დაიდარდოში“.

95
lasha

27 ივნისს რადიო „არ დაიდარდოს“ და ლაშა რამიშვილის გადაცემას „საღამოს რადიო შოუ“ მომღერალი ლაშა ღლონტი სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერის „ყველაფერი შენით იყო“ პრემიერა შედგა. ლაშამ „არ დაიდარდოს“ მსმენელისთვის ცოცხლად შეასრულა სიმღერები „მომხვიე ხელები“ და „შენ რომ დიდი იქნები“.

 ლაშა, ვიცი, რომ ახლახან ანტვერპენში გქონდა კონცერტები. მომიყევი აღნიშნული ღონისძიებების შესახებ.

კი პატარ-პატარა, სალონური ტიპის კონცერტები მქონდა. მინდა აღვნიშნო, რომ ემიგრანტებისთვის „არ დაიდარდო“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი არხია, ყოველთვის გაფაციცებით ელიან ეთერს და ახალი სიმღერების პრემიერებს. თქვენ ვერც წარმოიდგენთ, რამხელა ფუნქცია და პასუხისმგებლობა გაქვთ.

აუცილებლად უნდა გკითხო ჯგუფზე „ალილო“, რომელიც ძალიან პოპულარული და მოთხოვნადია. როგორ ჩამოყალიბდა ეს ჯგუფი?

ბატონ გურამის გარდაცვალების შემდეგ დიდ „ალილოში“ სტაგნაცია და ცოტა არეულობა იყო, რადგან ასეთი ლიდერი და დამაარსებელი წავიდა ჩვენგან. ჩვენ ვფუნქციონირებდით როგორც „კვარტეტი ალილო“ და იყო კიდევ მეორე განაყოფი, რომელიც ძირითადად ფოლკლორზე მუშაობდა და ძალიან კარგად და წარმატებულადაც გამოსდიოდათ ეს საქმე. შემდეგ „კვარტეტმა ალილომ“ შემოვიერთეთ სამი არაჩვეულებრივი წევრი, აჩიკო ბერიძე, საბა კემულარია და სანდრო კობახიძე. ასე ვთქვათ, გავძლიერდით და შევქმენით ჯგუფი „ალილო“. ანსამბლი გახალისდა და გაახალგაზრდავდა, რაც ძალიან კარგია. ჩვენი ჯგუფი და სიმღერები საკმაოდ წარმატებულია.

გეგმავ სოლოკონცერტს და მინდა უფრო დეტალურად მომიყვე იმის შესახებ, თუ რა სახის ღონისძიებას უმზადებ მსმენელს.

თუ ყველაფერი კარგად იქნება, მინდა, რომ მსმენელს ძალიან მალე შევთავაზო  ჩემი სოლო კონცერტი. ამჯერად გარკვეული მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ეს არ იქნება მხოლოდ კონცერტი, ეს იქნება ჩემი ცხოვრების ისტორია. კონცერტზე ძალიან დიდი ორკესტრი არ იქნება, მაგრამ იქნება პიანინოც, გიტარაც, როიალიც. მინდა ცოტათი სალონური სახე მივცე ამ კონცერტს. 2012 წელს ჩატარდა ჩემი პირველი სოლოკონცერტი, ყველა ბილეთი ერთ დღეში გაიყიდა და მე ძალიან ბედნიერი ვიყავი იმით, რომ ქართულ სიმღერას ამდენი თაყვანისმცემელი ჰყავს.

ლაშა, გაქვს შენი სტუდია და ზრდი ახალ თაობას. რას იტყვი ჩვენს მომავალ თაობაზე?

ძალიან მაგარი, საოცარი თაობა მოდის და უკვე ლიდერებიც გამოიკვეთნენ. მოდიან ბავშვები, რომლებიც ახლებურად აზროვნებენ და სხვათა შორის, მე სულ ვითვალისწინებ მათ აზრს. ყოველთვის მაინტერესებს მათი შეხედულებები და როცა საშუალება მაქვს, ჩემს სიმღერებსაც ვასმენინებ. სტუდიას, რომელიც თბილისში მდებარეობს „ლაბორატორია“ ჰქვია. აქვე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი სტუდიის პედაგოგს, თამუნა მანჯავიძეს. ასევე მაქვს სტუდია „ლალე“, რომელიც ასევე ძალიან წარმატებულია. თბილისშიც და ბათუმშიც ძალიან ნიჭიერი თაობაა. პედაგოგების ისეთი კარგი კოლექტივია, რომ მეც სიამოვნებით გავივლიდი მათთან ვოკალის მასტერკლასებს, მართლა საოცრად მუშაობენ ბავშვებთან. მეც ჩემი მოუცლელობის მიუხედავად, მაინც ვახერხებ ამ ბავშვებთან კონტაქტს.

დღეს გვაქვს ახალი სიმღერის „ყველაფერი შენით იყო“ პრემიერა. როგორ შეიქმნა ეს ნამუშევარი?

არის ერთი არაჩვეულებრივი ქუთაისელი ქალბატონი, ნანა იამანიძე, რომელიც არანორმალურად არის ქართულ სიმღერაზე შეყვარებული და რომელიც ჩემი დიდი ხნის მეგობარია. თურმე, ქალბატონ ნანას არაჩვეულებრივი სიმღერები ჰქონია, რომელთაც დიდი ხანი ინახავდა. ერთხელაც მომასმენინა და მითხრა, ჩაწერა ხომ არ გვეცადაო. ძალიან მარტივი, ანკარა მელოდიაა და ძალიან მომეწონა. სიტყვები ნუკრი კარკაძემ დაწერა, არანჟირება კი ერეკლე დიდიამ გააკეთა. ისე მომეწონა ეს სიმღერა და ისე შემიყვარდა, რომ ვიცი, მსმენელიც ძალიან კმაყოფილი დარჩება. ეს ნამუშევარი შეყვარებულ ადამიანს ეძღვნება, მე კი ჩემს მეუღლეს მივუძღვნი, რადგან გიჟდება ამ ნამუშევარზე.

 

ლაშა ღლონტი – ყველაფერი შენით იყო

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ლაშა ღლონტი – მომხვიე ხელები. Live

 

ლაშა ღლონტი – შენ რომ დიდი იქნები. Live

 

ლაშა ღლონტი. “საღამოს რადიო შოუ”. ვიდეო კოლაჟი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები