საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე არდაშვებას, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ განცხადებით ეხმიანება.
როგორც ორგანიზაციის მიმართვაშია აღნიშნული, ხელისუფლების დამოკიდებულება წარმოადგენს პირდაპირ დემარშს „სამართლიანი არჩევნებისა“ და მთლიანად სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ:
“დღეს ცნობილი გახდა, რომ მმართველმა პარტიამ დაბლოკა “სამართლიანი არჩევნების” ჩართვა საარჩევნო საკითხებზე საპარლამენტო სამუშაო ჯგუფში, რომელიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ევროკავშირის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესასრულებლად არის შექმნილი.
ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად, სამუშაო პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა თავად დასავლელი პარტნიორების რეკომენდაცია იყო, თუმცა, ხელისუფლების მიერ შექმნილი ფორმატი არასამთავრობო სექტორის ფართო წარმომადგენლობას გამორიცხავდა. მმართველმა პარტიამ სასურველი მიმართულებით რეფორმებზე მუშაობის საშუალება არ მისცა ყველა მსურველ ორგანიზაციას, ვინაიდან თითოეულ სამუშაო ჯგუფში მათთვის მხოლოდ 2 ადგილი განსაზღვრა.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სხვა სამუშაო ჯგუფების შემთხვევაში, სამოქალაქო სექტორის მიერ წარდგენილი ორგანიზაციების შერჩევაში ხელისუფლება არ ჩარეულა, განსხვავებით საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ჯგუფისა. მმართველმა პარტიამ უარი განაცხადა ამ ჯგუფში, არასამთავრობო სექტორის შეთანხმებით წარდგენილი, “სამართლიანი არჩევნების” მონაწილეობაზე.
ამდენად, ხელისუფლების დამოკიდებულება წარმოადგენს პირდაპირ დემარშს “სამართლიანი არჩევნებისა” და მთლიანად სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ, მათი კონსტრუქციული პოზიციის და სამუშაო ჯგუფებში ჩართულობის მზაობის მიუხედავად.
ხელისუფლების ასეთი დამოკიდებულება გამოწვეულია ორგანიზაციის მიუკერძოებლობისა და კრიტიკული პოზიციის მიუღებლობით.
„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ პროცესიდან პროფესიული ორგანიზაციის ჩამოშორება რეალურად სამუშაო ჯგუფის ფორმალურად შექმნაზე მიანიშნებს, რომლის მიზანი საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებისა და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების ნაცვლად, პროცესის გაჭიანურება და რეკომენდაციების შესრულების მზაობის ილუზიის შექმნაა.
„ქართული ოცნების“ ეს გადაწყვეტილება, საქართველოს მომავლისთვის ასეთ გადამწყვეტ მომენტში, ეწინააღმდეგება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.
„სამართლიანი არჩევნები“ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, დამოუკიდებელი, და საარჩევნო საკითხებზე მომუშავე წამყვანი ორგანიზაციაა, რაც დასტურდება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერითა და თანამშრომლობით, ორგანიზაციის არსებობის 27 წლის განმავლობაში.
„სამართლიანი არჩევნები“ მმართველი პარტიის ასეთ პოზიციას სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვად აფასებს, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. თუმცა, ორგანიზაცია არ აპირებს არჩეული გზიდან გადახვევას და კვლავ გააგრძელებს მუშაობას ქართველი ხალხის საუკუნოვანი მისწრაფების – დასავლური ინტეგრაციის – ხელშეწყობისთვის“, – აღნიშნულია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, დღეს პარლამენტში საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში მონაწილეობის უფლება არ მისცეს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებს“.
აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, გივი მიქანაძემ განმარტა და აღნიშნა, რომ „სამართლიანმა არჩევნებმა“ ნეიტრალიტეტი დაკარგა, როდესაც პრემიერ-მინისტრის გადაყენების თაობაზე მოთხოვნას შეუერთდა.