საქართველოს სახელმწიფო საზღვარი დღეიდან ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოდან 5 ქვეყნისთვის (გერმანია, საფრანგეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა) იხსნება იმ პირობით, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეებმა საქართველოში შემოსვლისას უნდა წარმოადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული „პისიარ“ ტესტის პასუხი, ან საქართველოს აეროპორტებში განთავსებულ ლაბორატორიებში საკუთარი ხარჯით ჩაიტარონ „პისიარ“ ტესტირება – ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში „ფორტუნას“ უთხრეს, რომ ჩამოთვლილი ხუთი ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტით საქართველოში მხოლოდ საჰაერო გზით ჩამოსვლა, მითითებული ხუთი ქვეყნიდან გამომგზავრების შემთხვევაში.
„საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე, მათ უნდა შეავსონ საგანგებოდ შემუშავებული სპეციალური, ელექტრონული ანკეტა, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებოდ შექმნილ ვებგვერდზე registration.gov.ge, სადაც უნდა მიუთითონ საქართველოში შემოსვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვა“, – განგვიცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
დღეიდან ასევე მცირდება კარანტინის ვადა.
„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან კარანტინის ვადა იზღუდება 9 დღემდე. ყველა იმ ქვეყანასთან მიმართებაში, რომელიც არის ნაცვალგების ქვეყნების ჩამონათვალში და ყველა იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ნაცვალგების ქვეყნების მოქალაქეა, დღეიდან საზღვრის კვეთას კარანტინის გავლის გარეშე შეძლებს, თუკი წარმოადგენენ 72-საათიან ვალიდურობის მქონე PCR ტესტს“, – განაცხადა ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.
განმარტებისთვის, რა არის ნაცვალგების პრინციპი:
ნაცვალგების პრინციპი არის საერთაშორისო სამართლებრივი ტერმინი და გულისხმობს ქვეყნის მიერ იგივე ქმედების განხორციელებას მეორე ქვეყნის მოქალაქეებისთვის ან იურიდიული პირებისთვის, რასაც ეს მეორე ქვეყანა ახორციელებს ამ პირველზე.
ნაცვალგების პირობა განისაზღვრება როგორც შიდასახელმწიფოებრივი სამართლით, ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებით.