გია მურღულია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც მის მასწავლებლებს იხსენებს და აღნიშნავს, რომ ისინი არა მხოლოდ მათი პროფესიული ცოდნით, არამედ პიროვნული თვისებებითაც განსაკუთრებულ გავლენას ახდენდნენ.
გია მურღულია გამოხატავს მადლიერებას და ამავდროულად აღფრთოვანებას მათი სულიერი მემკვიდრეობის მიმართ, რაც მათ შემდეგაც უკვდავი რჩება.
„ფიქრი არანაკლები ცხოვრებაა, ვიდრე თავად ცხოვრება, თუმცა თითქოს მხოლოდ მისი ნაწილია.
ახლა ჩემი მასწავლებლები მახსენდებიან.
ისინი ამქვეყნად აღარ არიან და ცხოვრებას მოსწყდნენ, მაგრამ ფიქრიდან არსად წასულან.
მამუკა ოჩიგავა სკოლაში ქართულს მასწავლიდა. მან მომაწონა და შემაყვარა ჩემი მომავალი პროფესია. მომხიბვლელი ადამიანი იყო – დიდებულად მეტყველებდა და შეეძლო უმნიშვნელო ყველაზე მნიშვნელოვნად ექცია. მან დამანახვა, რომ აზრი ცალკე და აზრი, ადამიანის მოწოდებული, ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ხმა, თვალები, მიმიკა, ჟესტები – ყველაფერი უკიდურესი ინდივიდუალობით აცოცხლებს ფრაზის მნიშვნელობას. მანვე შემაგრძნობინა, რომ ღმერთის ყველაზე დიდი საჩუქარი კეთილშობილებაა.
რეზო სირაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიკითხავდა ლექციებს. მერე და მერე დავახლოვდით და ხშირად ვყოფილვარ მასთან სახლში მნიშვნელოვან ამბებზე სასაუბროდ თუ მეგობრულ სუფრასთან. მისგან გავიგე, როგორ გადაიქცევა ხოლმე ფიქრი ესთეტიკად. ის, რაც ჭეშმარიტია, მშვენიერიც არის. მანვე მასწავლა ფრაზის დაგემოვნება და ისიც, თუ რა არის მხატვრული სახე. ახლა მახსენდება, როგორ ამბობდა თავისივე დამკვიდრებულ სიტყვას – “სახისმეტყველება”. ამ ადამიანმა შექმნა საქართველოში ფილოლოგიის ახალი სკოლა. მისებურად ვერავინ ხედავდა დეტალში მთელს. თუკი დღეს ქართული ქრისტიანული კულტურა მეტ-ნაკლებად შესწავლილია, მისი უზომო დამსახურებაც არის. მერე როგორი იუმორი ჰქონდა ან როგორ მღეროდა! ეს კიდევ ცალკე სამყარო იყო. არც თვითირონიის ასეთი სიმაღლე დამინახავს სხვასთან. მისგან ვისესხე ჩემი ერთი საგანმანათლებლო პროგრამის სახელი: “ფიქრი ფიქრზე”.
რეზი თვარაძე, ერთი შეხედვით მკაცრი და კუშტი კაცი იყო, მაგრამ მისი ოდნავ სევდიანი ღიმილი მხოლოდ ორი სიტყვით შემიძლია მოვიხსენიო – ” დამაფიქრებლად მშვენიერი”. ამ დიდებული ადამიანისგან ბევრი რამ ვისწავლე – მეცნიერებისაც, საქმისაც და ცხოვრებისაც. არავის ისე არ შეეძლო შეეგრძნო მომენტის მნიშვნელობა, როგორც რეზის. არც სხვა შემხვედრია ცხოვრების გზაზე ისეთი, მასავით “ქვის სინაზით” რომ გამოეხატა სამშობლოს სიყვარული. მისი პატრიოტობა ესთეტიკური იყო. ახლაც თვალნათლივ ვხედავ და მესმის მისი სიტყვები, როდესაც სოფელში ვესტუმრე: “გია, წამოდი – მიცვალებული ამოვთხაროთ”. შეცბუნებულმა ვიფიქრე, ნეტავ რას მეუბნება-მეთქი. თურმე ღვინის მომცრო ბოცაზე მელაპარაკებოდა. ადამიანობას მოგაწონებდა, ისეთი კაცი იყო.
თამაზ ჩხენკელი თავის თავში ისე აერთიანებდა აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ერთი წამითაც არ დაგაეჭვებდა, რომ ნიჭიერებაც, ძალმოსილებაც, ჭეშმარიტებაც და ღირსებაც უნივერსალურია და ნებისმიერი მიკერძოება მხოლოდ თავისას მიჯაჭვული ადამიანის მოგონილია. რომაელი დიდებულისა და ირანელი სუფიას ერთდროული განსახიერება იყო. მას შეეძლო არტისტიზმი ჩვეულებრივ ცხოვრებად ექცია. მისი ასეთი ბუნების გამოვლინებისას, ვერავინ გადაჭარბებასა თუ ზედმეტობას ვერ გრძნობდა. აბსოლუტურად ორიგინალური ხედვა ჰქონდა. ინდური და ჩინური პოეზიის მისეული თარგმანები ჩემი სამაგიდო ტექსტებია. მანვე დამანახვა მანამდე ჩემგან დაუნახველი კუთხით ვაჟა-ფშაველა. ვერ ვიხსენებ სხვას, ვისაც ისეთი შთაგონებით შეეძლო ესაუბრა სიყვარულზე, როგორც ჩემს ძვირფას თამაზს.
ზურაბ კიკნაძისგან ბევრი რამ ვისწავლე ბიბლიისა და მითოსის შესახებ. უნიკალური ცოდნისა და აზროვნების კაცი იყო! მომნუსხველად უბრალო და, ამავე დროს, ისეთი – ყველა რომ გრძნობს, რა მნიშვნელოვანი პერსონაც არის. რაზეც გინდა ესაუბრა – აღმოსავლურ მისტიციზმსა თუ ღვინის დაგემოვნების კულტურაზე, სათქმელს პირველივე წამიდან საინტერესოდ აქცევდა. ერთი უცნაურობაც ახასიათებდა – ემოციურობისა და სიმშვიდის ისეთი ნაზავი, ადამიანს რომ ძალიან დამაჯერებელს ხდის. ფიქრის დაძალება არ იცოდა და არც ძალიან დიდი ცოდნით გაამპარტავნებული მინახავს.
ოთხივეს ადამიანურობის ის შესანიშნავი ნიშანი აერთიანებდა, სხვისი წარმატებისა თუ სიხარულის გულწრფელი და ბუნებრივი გამოვლინება რომ ჰქვია – მათ კონკურენციის არ ეშინოდათ და ყველას აძლევდნენ უფლებას, საზოგადოებისა და მომავლისთვის საიტერესონი ყოფილიყვნენ.
ისინი უკვე წავიდნენ – ღმერთმა გაანათლოს ხუთივე.
„სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული“, მაგრამ სიცოცხლის ეს ახალი ხმაური ვერაფრით ჩაახშობს მადლიერების გრძნობას, რაც მათ მიმართ გამიჩნდა და არასდროს ჩაცხრება.
კაცმა არ იცის, ამწუთას ჩემთვის მათი მოგონებაა რეალური ცხოვრება, თუ ტელეფონის ზარი, ახლა რომ უნდა ვუპასუხო“, – წერს გია მურთულია.