აკაკი კობალაძესა და აკაკი ხუსკივაძეს, რომლებიც ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულები იყვნენ, სასამართლომ გირაოს თანხის სანაცვლოდ, უძრავი ქონებისთვის ყადაღის დადების შუამდგომლობები დაუკმაყოფილა.
აკაკი კობალაძის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე განხილული იქნა საკითხი, რომ დაკისრებული გირაო, რომელიც ფულადი შენატანი იყო, სასამართლოს ამის ნაცვლად შეთავაზებული უძრავი ქონებისთვის ყადაღა დაედო.
მან ასევე გამარტა, რომ ”ერთის მხრივ, ეს იყო ერთ-ერთი ბრალდებულის დედის საკუთრება, სახლი და მეორე შემთხვევაში, თავად ბრალდებულის საკუთრება. სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა და ფულადი შენატანის ნაცვლად უძრავი ქონება დავტვირთეთ. დღეს მხოლოდ ეს საკითხი განიხილა სასამართლომ, დანარჩენი პროცესი განუსაზღვრელი ვადით გადადო”.
შეგახსენებთ, რომ ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, ორი პირი, აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე არიან ბრალდებულები. მათ სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 151-ე და 339-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც იძულებას, მუქარასა და ქრთამის შეთავაზებას გულისხმობს.