ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ირანიდან დამატებითი სარაკეტო შეტევის საფრთხე არ არსებობს.
როგორც ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, ამ დროისთვის ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით შეტევები აღარ ხორციელდება.
„იყო გარკვეული დარტყმები ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში. ამ ეტაპზე ჩვენ ვაფასებთ თავდასხმის შედეგებს, მაგრამ მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს“, – განაცხადა ჰაგარიმ.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ მოსახლეობას შეუძლია, დატოვოს თავშესაფრები. მათივე ცნობით, ისრაელის საჰაერო სივრცე გაიხსნა.
ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა
სხვადასხვა მედია საშუალებების ინფორმაციით, ირანმა ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში განაცხადეს, რომ ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმა „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას მკვლელობის საპასუხოდ განხორციელდა.
გერმანია ირანის მხრიდან ისრაელზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას უმკაცრესად გმობს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა სოციალურ ქსელში დაწერა.
ბერბოკი მოუწოდებს ირანს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს შეტევა.
„ჩვენ გავაფრთხილეთ ირანი ამ სახიფათო ესკალაციის შესახებ. ირანმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს თავდასხმა. ის რეგიონს უფრო მეტად უბიძგებს უფსკრულისკენ“, – წერს ანალენა ბერბოკი სოციალურ ქსელში.
მსოფლიო ცეცხლშია გახვეული, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებს.
ტრამპი ირანის მხრიდან ისრაელზე სარაკეტო თავდასხმის დაწყებას ეხმაურება.
„პრეზიდენტ ტრამპის დროს ჩვენ არ გვქონია ომი ახლო აღმოსავლეთში. 7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმა არ მოხდებოდა, თეთრ სახლში მე რომ ვყოფილიყავი“, – აღნიშნავს ტრამპი.
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა დაგმო ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაფართოება.
„ესკალაცია უნდა შეწყდეს. ჩვენ აბსოლუტურად გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა“, – აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა.
ირანის მხრიდან ისრაელზე სარაკეტო თავდასხმის გამო, ისრაელმა, იორდანიამ და ერაყმა საჰაერო სივრცე დაკეტეს.
ისრაელის საავიაციო სამსახურის ინფორმაციით, ბენ გურიონის აეროპორტში ყველა ფრენა გაუქმებულია.
ისრაელის თავდაცვითი ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ირანის სარაკეტო თავდასხმას შედეგები მოჰყვება.
„ჩვენ დავიცავთ ისრაელის მოქალაქეებს. ამ სარაკეტო თავდასხმას შედეგები მოჰყვება. ჩვენ გვაქვს გეგმები და ვიმოქმედებთ იმ დროსა და ადგილას, რომელსაც ჩვენ ავირჩევთ“, – აღნიშნა „ცაჰალის“ სპიკერმა.
ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის ძალების პირველადი შეფასებით, ირანმა ისრაელის მიმართულებით 180 რაკეტა გაუშვა, თუმცა ეს არ არის საბოლოო ციფრი და ამჟამად მიმდინარეობს სიტუაციის შეფასება.