LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ისრაელის ავიადარტყმების შედეგად თეირანში დაიჭრა სულ მცირე 50 ადამიანი, მათ შორის 35 ქალი და ბავშვი…“ – რა ვითარებაა ირანში ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ და სამხედრო ობიექტებზე თავდასხმის შემდეგ

199
ვითარება ირანში

ისრაელში გვიან ღამით განაცხადეს, რომ ირანის ბირთვულ სამიზნეებს დაარტყეს.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ისრაელმა ირანზე დარტყმა დაიწყო და ისრაელში „განსაკუთრებული საგანგებო მდგომარეობა“ გამოცხადდა.

გავრცელდა ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებაც.

ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელმა დაიწყო ოპერაცია „აღმავალი ლომი“, მათი პილოტები ირანის მასშტაბით უამრავ სამიზნეს ესხმიან თავს და ოპერაცია გაგრძელდება, ვიდრე საჭირო იქნება.

ირანის სახელმწიფო მედიამ კი ისრაელის დარტყმის შედეგად რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსნის დაღუპვის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

ირანში დაადასტურეს, რომ იერიშის შედეგად, დაღუპულია „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მეთაური ჰოსეინ სალამიც.

ირანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისრაელი და აშშ მძიმე საფასურს გადაიხდიან.

ისრაელს მკაცრი სასჯელით დაემუქრა ირანის სულიერი ლიდერიც.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ირანზე დარტყმისთვის ისრაელმა 200 მოიერიშე თვითმფრინავი გამოიყენა და 100-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა.

CNN – ის ცნობით ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად ექვსი ირანელი ბირთვული მეცნიერი დაიღუპა.

მედიის ინფორმაციით, დაღუპულ მეცნიერებს შორის არიან ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი ფერეიდუნ აბასი და ფიზიკოსი მოჰამედ მეჰდი თეირანჩი, რომელიც ასევე ისლამური აზადის უნივერსიტეტის პრეზიდენტი იყო.

ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ დაადასტურა, რომ საჰაერო დარტყმების შედეგად რამდენიმე სამხედრო მეთაური და მეცნიერი დაიღუპა.

ირანის სახელმწიფო მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის დარტყმის შედეგად საცხოვრებელ სახლებში ხანძარი გაჩნდა, დაღუპულთა შორის ბევრი ქალი და ბავშვია. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ისრაელის ავიადარტყმების შედეგად თეირანში დაიჭრა სულ მცირე 50 ადამიანი, მათ შორის 35 ქალი და ბავშვი. ადგილობრივი მედიის თანახმად, შეტევა განხორციელდა თეირანის და სხვა ქალაქების საცხოვრებელ რაიონებზეც.

ირანის საგარეო უწყების ცნობით, ირანს უფლება აქვს, ისრაელის მისამართით საპასუხო ზომები მიიღოს.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელის დარტყმები ვერ განხორციელდებოდა აშშ-ის დახმარების გარეშე.

ირანმა გაერო-ს წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, „სასწრაფოდ და კოლექტიურად დაგმონ“ ისრაელის დარტყმები.

ფოტო: AFP News Agency

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g