ისრაელის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, 30 ივლისიდან საქართველო „წითელი“ ქვეყნების სიაში შედის, ჰოტელიერი მაია მურაჩაშვილი რადიო „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ეხმაურება. მისი განცხადებით, ისრაელი ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, საიდანაც საქართველოში ტურისტების დიდი რაოდენობა ჩამოდის. შესაბამისად, აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ, სასტუმროებში ჯავშნების გაუქმება გამოიწვია.
მაია მურაჩაშვილის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს მოქალაქეებიც თავს იკავებენ ქვეყნის შიგნით მოგზაურობაზე.
ის ასევე აცხადებს, რომ მოსახლეობა აქტიურად უნდა ჩაერთოს იმუნიზაციის პროცესში, რათა ქვეყანაში კოვიდინფიცირებული ადამიანების რაოდენობა უფრო არ გაიზარდოს და სხვა ქვეყნებმაც საქართველო „წითელ ზონად“ არ გამოაცხადონ. მაია მურაჩაშვილი არსებული რეგულაციების შესრულების მნიშვნელობაზეც ამახვილებს ყურადღებას.
„ისრაელი ბოლო 10 წელია შედის იმ ქვეყნების ხუთეულში, საიდანაც საქართველოში ბევრი ტურისტი ჩამოდის. 2018-2019 წლებში მე-4 ადგილს იკავებდა 70 000-მდე ვიზიტორით. ეს ერთადერთი ქვეყანა იყო თითქმის დარჩენილი, საიდანაც ტურისტები მასიურად ჩამოდიან, ავტობუსებით ჯგუფებად, რაც როგორც ტურისტებისათვის, ასევე სასტუმროებისათვის ძალიან მომგებიანია. ისინი პირველები იყვნენ, რომლებმაც ვაქცინაციის პროცესი დაასრულეს, თავის ქვეყანაში და დაიწყეს აქტიურად მოგზაურობა.
ის მომენტი, რომ ჩვენ ისრაელისათვის აღარ ვართ უსაფრთხო ქვეყანა და მოხდა ჩაკეტვა, საკმაოდ დიდ პრობლემებთან არის დაკავშირებული. ტურისტულ კომპანიებს თითქმის სრულად ჩაეხსნათ ივლისის და აგვისტოს თვის ჯავშნები. არცერთი ჯავშანი აღარ დარჩა. მხოლოდ ის ჯგუფები ჩამოვლენ, რომლებიც მზად არიან 1-კვირიან კარანტინში წავიდნენ. დანარჩენი ჯგუფები აღარ, რადგან ისრაელის მთავრობამ მოუწოდა არ იმოგზაურონ ისეთ ქვეყანაში, რომელიც წითელ ზონაშია.
ჯავშნების ჩახსნა სასტუმროებზე, შიდა ტურიზმზე და საქართველოს მოქალაქეებზეც აისახება. მაშინ, როდესაც ყოველდღიურად ქვეყნდება ინფორმაცია ქვეყანაში არსებული კოვიდინფიცირებული ადამიანების შესახებ, ადამიანები და ოჯახები, რომელთაც ქვეყნის შიგნით დაგეგმილი ჰქონდათ მოგზაურობა.
ისრაელი ჩაიხსნა, ისედაც არ აქტიურობდა ევროპა და ამერიკა, შიდა ტურიზმი იყო გააქტიურებული და დღეს და გუშინ რასაც ვუყურებ, ჯავშნებს აუქმებენ ქართველი დამსვენებლებიც. ახალი ჯავშნები სამწუხაროდ არ შემოდის, აგვისტოს თვეს ჯავშნები ფაქტობრივად თავისუფალია.
საქართველოში ახლა ტურისტები ძირითადად დუბაიდან, ყატარიდან, აბუ-დაბიდან და სხვადასხვა საემიროებიდან შემოდიან. ესენი ჯერ კიდევ მოძრაობენ და მათთვის ჯერ კიდევ არ ვართ წითელი ზონა, თუმცა ეს კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება არ ვიცი. ბეწვის ხიდზე გავდივართ ახლა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაკონტროლდეს ის რეგულაციები, რაც დარჩენილი გვაქვს. ვაქცინაციის პროცესი უნდა დაჩქარდეს და ვაქცინაციის პორტალი გაიმართოს.
იმედი გვაქვს ვაქცინაციის შემდეგ გამოსწორდება მდგომარეობა და იქნებ შემოდგომა მაინც გამოვიყენოთ საერთაშორისო ტურისტების მისაღებად, რადგან ხარჯვისუნარიანი საერთაშორისო ტურისტია. აღვნიშნავ იმას, რომ წლევანდელი ტურისტები გამოირჩეოდნენ დაბალი ხარჯვისუნარიანობით. ვსაუბრობ მასიურ შემოსვლაზე, არ ვსაუბრობ ერთეულებზე, რომლებიც ინდივიდუალური ჯავშნებით შემოდიან.
თუ ჩვენს ქვეყანაში არსებული კოვიდინფიცირებული ადამიანების რაოდენობა მოიმატებს, რა თქმა უნდა ეს სხვა ქვეყნების ტურისტებზეც იქონიებს გავლენას. შიდა ტურიზმზე უკვე მოქმედებს“, – განაცხადა მაია მურაჩაშვილმა.