სოციალური საწარმო „ისტორიალი“ 25 წლის წინ ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის მიერ ქართული კულტურის მატერიალური და არამატერიალური მემკვიდრეობის სექტორის ეკონომიკური მდგრადობის ხელშეწყობისა და ცნობადობის ამაღლების მიზნით დაფუძნდა. მას შემდეგ „ისტორიალი“, საქართველოს ისტორიის და კულტურული მემკვიდრეობის თემატიკის გამოყენებით, დეკორატიულ და სასაჩუქრე პროდუქციას ქმნის.
მაკა დვალიშვილი, სოციალური საწარმოს „ისტორიალი“ დამფუძნებელი:
– მოგეხსენებათ, 2000-იანი წლების დასაწყისში საქართველოში რთული ეკონომიკური ვითარება იყო და ეს განსაკუთრებით აისახებოდა კულტურის სფეროში დასაქმებულ და კულტურის პროდუქციის შემქმნელ ხელოვანებზე. სწორედ ამ პერიოდში ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა მიზნად დაისახა არა მხოლოდ ქართული მატერიალური და არამატერიალური კულტურის პოპულარიზაცია, არამედ იმ ადამიანების ხელშეწყობაც, რომლებიც ამ სფეროში იყვნენ დასაქმებულები. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის უზარმაზარი საცავი გააჩნია, გადაწყდა, ის თემად და მატერიალური გამოყენების შესაძლებლობად გვექცია, რომელიც ორი მიმართულებით იმუშავებდა – ერთი მხრივ, პოპულარიზაციას გაუწევდა საქართველოს ისტორიასა და კულტურას, მეორე მხრივ კი, ეკონომიკური დახმარების ბაზებს შეუქმნიდა ოსტატებს.
„ისტორიალი“ თავდაპირველად შეიქმნა, როგორც ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ბრენდი, მაგრამ 2012 წლიდან ის ჩამოყალიბდა, როგორც დამოუკიდებელი სოციალური საწარმო. ამის შემდეგ ჩვენ არაერთგზის ვითანამშრომლეთ ჯერ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG), 2023 წლიდან კი, გავლენის ფონდის „აქციო“ ფინანსური და და ტექნიკური მხარდაჭერით, განვაახლეთ სახელოსნო, რამაც წარმოების გაზრდის, კვალიფიცირებული ოსტატების მხარდაჭერის და საგანმანათლებლო კურსების შექმნის შესაძლებლობა მოგვცა. ანუ ამჟამად არა მხოლოდ პროდუქციას ვქმნით, არამედ ვცდილობთ, რომ ისტორიული ლითონმქანდაკებლობაც შევასწავლოთ ჩვენს ახალგაზრდებს. ამისთვის ვთანამშრომლობთ სამხატვრო აკადემიასთან, სტუდენტები პრაქტიკას სწორედ ჩვენი საწარმოს ბაზაზე გადიან.
– დღეისთვის ისტორიალის კოლექცია 200-მდე დასახელების ნივთს აერთიანებს, კონკრეტულად რა ნივთებზეა საუბარი?
– ჩვენი ნამუშევრებისთვის, ძირითადად, საქართველოს ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილ და საქართველოს მუზეუმებში დაცულ ნივთებს ვიყენებთ თემად, ინსპირაციად. ისინი თარიღდება ძველი წელთაღრიცხვის XXIII-ე საუკუნიდან დაწყებული და ახალი წელთაღრიცხვის VIII-ე საუკუნით დამთავრებული, საკმაოდ დიდი სპექტრია. ჩამოსხმული და ხელნაკეთი ნაკეთობები 24 კარატიანი მოოქროვებით, ცივი მინანქრის და ნახევრადძვირფასი ქვების გამოყენებით, ინარჩუნებენ ისტორიულ ორიგინალებთან სტილისტურ მსგავსებას და, ამავე დროს, შეესატყვისებიან თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნებს. ჩვენ ვამზადებთ ქალის და მამაკაცის სამკაულს, კორპორაციულ სასაჩუქრე ნივთებს, მცირე დეკორატიულ ქანდაკებებს, სუფრის და საოფისე აქსესუარებს, ისტორიულ-დეკორატიული თასების ასლებს, მხატვრულ ინსპირაციებს.
– საშუალოდ, რა დროა საჭირო ისტორიული თემის ნივთში გასაცოცხლებლად?
– უპირველესად, აღვნიშნავ, რომ ჩვენთან ყველაფერი არის ხელნაკეთი, შესაბამისად, თითოეულ ნივთზე მუშაობა დიდ დროს მოითხოვს. საწარმოში გვაქვს ორი მიმართულება – როდესაც ახალი თემატიკა იქმნება დიზაინერებთან თანამშრომლობით და როდესაც ისტორიული თემა ცოცხლდება ჩვენს ნამუშევრებში. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ თითოეულ ნაკეთობას რამდენიმე ერთეულად ვამზადებთ (მაქსიმუმ 10-15 ცალს), ძალისხმევა ნამდვილად დიდია საჭირო.
– იყო რომელიმე ნაკეთობა, რომელსაც განსაკუთრებული ძალისხმევა დასჭირდა?
– არასტანდარტული მიდგომა ყველა ნამუშევარს სჭირდება, თუმცა გამოვარჩევდი ახალგორის აღმოჩენებიდან სასაფეთქლეებს, განსაკუთრებული ღირებულების ოქროს ნაკეთობას, რომლის ინსპირაციად გამოყენებისთვის და წმინდა ერგონომიული თვალსაზრისით გადამუშავებისთვის დიდი სიფრთხილე გავწიეთ, რათა ყოფილიყო მსუბუქი, ადვილად სატარებელი.
– სად არის შესაძლებელი „ისტორიალის“ მიერ ნივთებში გაცოცხლებული საქართველოს კულტურის საკუთარი თვალით ნახვა?
– ნიკო ნიკოლაძის ქუჩის #7-ში, ვერის პარკთან, გვაქვს ორი ობიექტი – ერთი გახლავთ შოურუმი, სადაც გამზადებული პროდუქციაა წარმოდგენილი და სადაც სტუმრობისას ყველა აღნიშნავს, რომ თითქოს მუზეუმში მოხვდნენ და მეორეგან ფუნქციონირებს სახელოსნო, სადაც ჩვენი პროდუქცია იწარმოება და სადაც მასტერკლასებს ვატარებთ ახალგაზრდებისთვის.
– „ისტორიალის“ პროდუქციის საქართველოს ფარგლებს გარეთ რეალიზაციის შესაძლებლობა თუ გქონიათ?
– დიახ და ახლაც ვმუშაობთ ამ თემაზე. სხვათა შორის, ჩვენი ნაკეთობები არის ნაწილი მოძრავი გამოფენისა „სამკაული და ისტორია“. ამ გამოფენამ იმოგზაურა აშშ-სა და ევროპის დიდ ქალაქებში. ჩვენი ნამუშევრები წარმოდგენილი იყო როგორც ექსპოზიციაში, ასევე გასაყიდად. ამ გამოფენამ გაგვიხსნა გზა, უშუალოდ დავკავშირებოდით როგორც მყიდველებს, ასევე მონაწილეობა მიგვეღო ძალიან საინტერესო ექსპოზიციებში საქართველოს ფარგლებს გარეთ, რის საფუძველზეც შეკვეთები სხვადასხვა უცხოური მუზეუმისგან მივიღეთ. ახლახან მექსიკიდან გვქონდა დიდი შეკვეთა, ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე ამერიკელ და ევროპელ აგენტთან, რომლებიც ჩვენს ნაკეთობებს საკუთარი ქვეყნების ბაზარზე გაიტანენ.