„ისტორიის ის ფურცელი, როდესაც არჩევნები არის ცემა-ტყეპა, უნდა დაიხუროს“, – ასე ეხმიანება პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია დღეს რუსთავში, „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბთან მომხდარ დაპირისპირებას.
დავით კირკიტაძის ინფორმაციით, რუსთავში მათ ოფისზე მოხდა თავდასხმა და იყო შეჭრის მცდელობა
მისივე განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის მეორე ტურის არჩევნების შემდეგ ოპოზიცია აჩვენებს მაგალითს, „თუ როგორ იქცევა გამარჯვებული და ის, ვინც ზრუნავს მოქალაქეზე და არა პარტიაზე“.
„დღეს ჩვენ ვნახეთ ის, რისი შეცვლაც გვინდა ამ ქვეყანაში. ეს არის იმ ხალხის გაწირვა, ვინც რუსთავში „ქართული ოცნების“ აქტივისტია. ამ ხალხს ძალადობისთვის, კანონის დარღვევისთვის სწირავენ. ისტორიის ის ფურცელი, როდესაც არჩევნები არის ცემა-ტყეპა, უნდა დაიხუროს. კოალიციის სახელით, მინდა ხაზი გავუსვა, რომ მშვიდობიანი ცვლილების ჩვენს პრინციპს ვერაფერი შეცვლის. ჩვენ გავაგრძელებთ მოქალაქეებზე ზრუნვას. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, მოქალაქეს რა პოლიტიკური პოზიცია აქვს ან რომელი პარტიის აქტივისტია. აბსოლუტურად ყველა მოქალაქის გვერდით ვიქნებით, ვინც ამ სისტემის მსხვერპლია. ამ არჩევნებს ბოლომდე მშვიდობიანად მივიყვანთ და შევცვლით, შემდეგ კი ვანახებთ მაგალითს, თუ როგორ იქცევა გამარჯვებული და ის, ვინც ზრუნავს მოქალაქეზე და არა პარტიაზე“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.