28 ივნისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს ანსამბლ „ბასიანის“ სოლისტი გელა დონაძე სტუმრობდა, რომელმაც ვატიკანში სიქსტეს კაპელაში მოწყობილ კონცერტზე ისაუბრა.
– გელა, არაჩვეულებრივი კონცერტი გამართა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდმა ვატიკანში. საინტერესოა, რას გრძნობდით სიქსტეს კაპელაში გამოსვლისას?
– პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ მართლაც უმნიშვნელოვანესი, თამამად შეიძლება ითქვას ისტორიული კონცერტი მოეწყო ვატიკანში. შეუძლებელია ემოციების სიტყვებით გადმოცემა, მით უფრო, რომ დარბაზმა, სადაც მანამდე მხოლოდ სიქსტეს კაპელა მღეროდა და არასდროს მოწყობილა უცხოელი შემსრულებლების კონცერტი, პირველად უმასპინძლა ქართველ მუსიკოსებს – საპატრიარქოს მგალობელთა გუნდსა და ანსამბლ „ბასიანს“. სწორედ ჩვენ გვხვდა წილად ბედნიერება ევროპის ცენტრიდან წარგვედგინა მსოფლიოსთვის ქართული კულტურა, შეგვესრულებინა უწმინდესის შექმნილი საგალობლები „ავე მარია“ და „კირიე ელეისონ“, გვემღერა ჩვენი წინაპრების შექმნილი შედევრები „ლილე“, „ჩაკრულო“, „მრავალჟამიერი“ და გვეჩვენებინა, რამდენად მდიდარი და მრავალფეროვანია ქართული პოლიფონია.
– 29 ივნისს კიდევ ერთი კონცერტში მიიღებთ მონაწილეობას, რა ნაწარმოებების შესრულებას გეგმავს საპატრიარქოს გუნდი?
– წმინდა პეტრეს ტაძარში, სწორედ რომის პაპი მესის შემდეგ გაჟღერდება ქართული საგალობლები „ავე მარია“ და „შენ ხარ ვენახი“. რა თქმა უნდა, ყველას ძალიან გვინდოდა, რომ უწმინდესიც ჩვენს გვერდით ყოფილიყო, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ვერ შეძლო ვატიკანში ჩამობრძანება, ამიტომ ყველა გამოსვლა სწორედ მას მივუძღვენით. კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი გამოსვლა მთელი ქართველი ერისთვის. დიდ მადლობას ვუხდით საპატრიარქოს და ჩვენს პატრიარქს, კულტურის მინისტრს, ქალბატონ თეა წულუკიანს, საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და ყველას, ვინც კონცერტის ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა. აქვე აღვნიშნავ, რომ პირველ ივლისს უკვე საქართველოში, ბეთანიაში მოვაწყობთ კონცერტს და ჩვენს ემოციას და ამაღლებული განწყობა ჩვენს მეგობრებს გავუზიარებთ.