იტალიის ხელისუფლება, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში არავაქცინირებული ადამიანებისთვის კოვიდრეგულაციებს გაამკაცრებს.
The Guardian-ის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ პირებმა, რომლებსაც არ აქვთ ვაქცინის ორივე დოზა მიღებული, ვეღარ შეძლონ შიდა მომსახურების მიღება ისეთ დახურულ დაწესებულებებში, როგორებიცაა კლუბები და რესტორნები, სტადიონები, საცურაო აუზები და სპორტდარბაზები, ასევე მუზეუმები, თეატრები და კინოთეატრები.
“სავარაუდოდ, იტალიის მთავრობა დაუწესებს შეზღუდვებს არავაქცინირებულ ადამიანებს, რადგან ისინი ხელს უწყობენ კოვიდ-19-ის ინფექციების გავრცელებას.
მთავრობა იმედოვნებს, რომ ქვეყნის მასშტაბით, მატარებლით ან თვითმფრინავით მგზავრობის დროს, ე.წ. “მწვანე საშვის” წარდგენა, ხელს შეუწყობს ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო გაფართოებას.” – წერს გარდიანი და აქვე აღნიშნავს, რომ განკარგულება, სავარაუდოდ, ამ კვირაში დამტკიცდება და ძალაში 26 ივლისიდან შევა.
როგორც გამოცემა წერს, მას შემდეგ, რაც იტალიამ ვაქცინაციის პროგრამა დააჩქარა, გარკვეული დროის განმავლობაში, მნიშვნელოვნად იკლო ვირუსით ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების მაჩვენებელმა, თუმცა სტატისტიკური მონაცემები კვლავ გაიზარდა გასული კვირის განმავლობაში, ინფექციების უმეტესობა კი ე.წ. “დელტა შტამით” არის გამოწვეული.
შეგახსენებთ იტალიაში, კვირას, 18 ივლისს ინფიცირების დღიური მაჩვენებელი – 3 127 შემთხვევა გამოვლინდა.
Wordometers-ის მსოფლიო კოვიდრუკაზე იტალია მეათე ადგილზეა – პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ჯამში დადასტურებული 4 293 083 შემთხვევითა და 127 884 გარდაცვლილით.
რაც შეეება ქვეყანაში კოვიდრეგულაციების შესაძლო გამკაცრებას არავაქცინირებული პირებისთვის, ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას არაერთგვაროვნად აფასებენ ქვეყანაში:
? უკიდურესად მემარჯვენე პარტიები ე.წ. “მწვანე ბარათის” სქემას ეწინააღმდეგებიან, ეს კი ამხნევებს იტალიის მცირე, თუმცა მაინც საფრთხის მატარებელ ანტივაქსერულ ჯგუფებს, ასევე ადამიანებს, რომლებსაც ჯერ ვერ გადაუწყვეტიათ ვაქცინის გაკეთება;
? უკიდურესად მემარჯვენე ლიგის ლიდერი, მატეო სალვინი, რომელიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, მარიო დრაგის კოალიციური მთავრობის მთავარი პარტნიორია, მხარს უჭერს “მწვანე ბარათის” შემოღებას, თუმცა როგორც აღნიშნავს, არა იმ შემთხვევაში, თუ სტადიონებზე მიდიხართ.