LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალია ჭარბი ტურიზმისგან დაცვის მექანიზმებს აძლიერებს

112
იტალია

სანტა მადალენაში ადგილობრივი მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს იმ ინფლუენსერების გამო, რომლებიც იდეალური კადრის მისაღებად კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე უკანონოდ იჭრებიან. ფლორენციაში ქალაქის ისტორიული ცენტრიდან რესტორნების გადატვირთული ტერასები გაქრა. კაპრიზე კი ტურისტული გიდები ვალდებულნი არიან გამოიყენონ ყურსასმენები ხმაურის შესამცირებლად. აღნიშნული გამკაცრებული რეგულაციები ასახავს 2026 წელს ჭარბი ტურიზმის წინააღმდეგ მიმართულ გადამწყვეტ ზომებს – მოვლენას, რომელიც იტალიელების თქმით, საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ კულტურულ მემკვიდრეობას, არამედ მათი ყოველდღიური ცხოვრების რიტმს.

იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კუნძული კაპრი, რომელსაც 13 000 მუდმივი მცხოვრებელი ჰყავს, ზაფხულობით ერთდღიანი ვიზიტორების სიჭარბეს ვერ აუდის, ზოგჯერ მათი რაოდენობა დღიურად 50 000-ს აღწევს. 2026 წლის ზაფხულიდან ორგანიზებულ ტურებში მონაწილეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 40 ადამიანს, ხოლო ხმამაღლა ლაპარაკის აღსაკვეთად სავალდებულო ხდება უსადენო ყურსასმენების გამოყენება. ახალი წესები არ ეხებათ მხოლოდ დამოუკიდებლად მოგზაურებს.

ფლორენციამ, 2026 წლის მარტის დასაწყისიდან, აკრძალა ღია ცის ქვეშ კვება იუნესკოს მიერ დაცულ ცენტრალურ ნაწილში, მათ შორის პონტე ვეკიოზე. დამატებით 73 ქუჩაზე აიკრძალა მკვეთრი განათება, რეკლამა და პლასტმასის ტენტები. აღნიშნული ზომების მიზანია გადატვირთულობის შემცირება და ქუჩების გათავისუფლება მაგიდებისა და სკამებისგან.

დოლომიტების ალპები, რომელიც იუნესკომ, 10 წლის წინ, განსაკუთრებული ბუნებრივი სილამაზისა და უნიკალური გეომორფოლოგიისთვის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოაცხადა და რომელიც 2025 წელს მრავალი ავტორიტეტული გამოცემის (მათ შორის BBC და Bloomberg) აუცილებლად სანახავი ადგილების სიაში მოხვდა, ასევე ცდილობს ​ჭარბ ტურიზმთან გამკლავებას. მაგალითად, დოლომიტების ერთ-ერთმა სათხილამურო კურორტმა მადონა დი კამპილიომ ყოველდღიური აბონემენტების რაოდენობა 23 000-დან 15 000-მდე შეამცირა. დოლომიტების მთებით გარშემორტყმულ პატარა სოფელ სანტა მადალენაში კი, სადაც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ეკლესია მდებარეობს, მიმდინარე წლის მაისიდან, გადაადგილების უფლება მხოლოდ ადგილობრივ მცხოვრებლებსა და იმ ვიზიტორებს ექნებათ, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე მინიმუმ ერთი ღამით მაინც დარჩებიან. ერთი დღით ჩასულ ტურისტებს მანქანებიანად და ავტობუსებიანად გააბრუნებენ.

ყველაზე ცნობილი ტურისტული მოსაკრებელი ვენეციას აქვს, რომელიც 2024 წელს ამოქმედდა. ქალაქი წყალზე დიდი ხანია განიცდის ტურისტების მოჭარბებას. მაგალითად, 2021 წელს ვენეციას მხოლოდ საკრუიზო გემებიდან 80 000 მგზავრი ეწვია. მათი დიდი ნაწილი გააკრიტიკეს იმის გამო, რომ ქალაქისთვის ეკონომიკური სარგებელი არ მოუტანიათ, რადგან არ დარჩენილან ღამის გასათევად და არც კვების ობიექტებით უსარგებლიათ. გარდა ამისა, გიგანტური ლაინერები ეკოლოგიურ ზიანს აყენებენ ქალაქის ისედაც მყიფე და დატბორვის პირას მყოფ არხებს.

ფასიანი გახდა რომის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობის, ტრევის შადრევნის მონახულებაც, რომელიც იტალიელი არქიტექტორის ნიკოლა სალვის მე-18 საუკუნის ქმნილებაა. სიმბოლური საფასურის გადახდა არ უწევთ მხოლოდ ქალაქის მცხოვრებლებს, 5 წლამდე ბავშვებსა და შშმ პირებს (თანმხლებთან ერთად).

​მართალია, ​ტურიზმი იტალიის ეკონომიკის მამოძრავებელი ძალაა, თუმცა მიღებული ახალი ზომები მიზნად ისახავს ვიზიტორთა ნაკადის რეგულირებას და ყველაზე პოპულარულ წერტილებში წესრიგის დამყარებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g