იტალიამ Apple-ს, Apple Distribution International-სა და Apple Italia-ს 98 მილიონი ევროს ჯარიმა დააკისრა, ბრალდებით, რომ კომპანიამ App Store-ის საშუალებით ბოროტად გამოიყენა თავისი „აბსოლუტური დომინანტური პოზიცია“ და აპლიკაციების დეველოპერებს არაკეთილსინდისიერი პირობები დაუწესა ტრექინგის წესების მეშვეობით. სიახლის შესახებ Euro News-ი წერს.
რეგულატორების განცხადებით, Apple-მა ბოროტად გამოიყენა თავისი დომინანტური პოზიცია iOS-ის აპლიკაციების დისტრიბუციის ბაზარზე, როდესაც მესამე მხარის დეველოპერებს App Tracking Transparency-ის წესები დაუწესა, რაც მათზე არაპროპორციულ ტვირთად იქცა.

ანტიმონოპოლიურმა ორგანომ დაადგინა, რომ Apple-ი დეველოპერებს აიძულებდა მომხმარებლის თანხმობის ორჯერ მიღებას სარეკლამო მონაცემების გამოყენებისთვის – იმაზე მეტად, ვიდრე ამას კონფიდენციალურობის კანონმდებლობა ითხოვს. შედეგად, სარეკლამო მოდელებზე დაფუძნებული ბიზნესები ზიანდებოდა, მაშინ როცა კონფიდენციალურობის დაცვის დამატებითი სარგებელი პროპორციული არ იყო.
ანტიმონოპოლიური უწყების დასკვნით, ეს დუბლირება
„იწვევს ATT პოლიტიკის წესების არაპროპორციულობას, რადგან Apple-ს შეეძლო მომხმარებლის კონფიდენციალურობის იგივე დონე უზრუნველეყო, დეველოპერებისთვის თანხმობის ერთ ეტაპად მიღების შესაძლებლობის მიცემით“.
გამოძიება და ევროპული კონტექსტი
გადაწყვეტილება ეფუძნება ხანგრძლივ გამოძიებას, რომელიც იტალიის კონკურენციის ორგანომ ჩაატარა ევროკომისიასთან და იტალიის პერსონალური მონაცემების დაცვის მარეგულირებელთან – Garante per la Protezione dei Dati Personali-სთან კოორდინაციით. გამოძიება სწავლობდა Apple-ის App Tracking Transparency სისტემის გავლენას ბაზარზე
ATT პოლიტიკის მიმართ ყურადღება მთელ ევროპაში იზრდება. მარტში საფრანგეთის კონკურენციის ორგანომ Apple 150 მილიონი ევროთი დააჯარიმა, იმ მიზეზით, რომ ფუნქციის დანერგვის ფორმა დეველოპერებს ზედმეტ ტვირთს აკისრებდა და მომხმარებელთა კონფიდენციალურობის დასაცავად აუცილებელი არ იყო.

რა არის App Tracking Transparency?
App Tracking Transparency, რომელიც Apple-მა 2021 წელს დანერგა, App Store-ში განთავსებულ აპლიკაციებს ავალდებულებს, მომხმარებლისგან სპეციალური სტანდარტიზებული ფანჯრის მეშვეობით მიიღონ მკაფიო ნებართვა, სანამ სხვა აპებსა და ვებსაიტებზე მათი აქტივობის ტრექინგს დაიწყებენ.
თუ მომხმარებელი თანხმობას არ მისცემს, დეველოპერები კარგავენ წვდომას იმ მონაცემებზე, რომლებიც ფართოდ გამოიყენება მიზნობრივი რეკლამისთვის.
კონკურენციის ორგანოები აცხადებენ, რომ ეს სისტემა, რომელიც Apple-მა ერთპიროვნულად დააწესა, შესაძლოა მესამე მხარის დეველოპერებსა და სარეკლამო შუამავლებს არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებდეს, მაშინ როცა თავად Apple სარგებლის მიღებას აგრძელებს.
