იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბართოლი მიიჩნევს, რომ საქართველოში საკმაოდ ხელსაყრელი ბიზნეს კლიმატია.
როგორც იტალიის ელჩმა ”ფორტუნას” განუცხადა, იტალიურმა ინვესტიციებმა საქართველოში ჯამში უკვე 350 მლნ ევრო შეადგინა, რაც 20-დან 40%-მდე უნდა გაიზარდოს.
”საქართველოში ბიზნეს კლიმატი საკმაოდ ხელსაყრელია. ეს არის კორუფციისგან თავისუფალი გარემო, დაბალი გადასახდები, იაფი მუშახელი. ანუ არის ყველა გარემოება ბიზნესის საკეთებლად. ის, რისი კეთებაც ჩვენ გვიწევს, არის გავაღრმავოთ უკვე არსებული კარგი ურთიერთობები. – განუცხადა ”ფორტუნას” ბართოლიმ.
მისივე თქმით, იტალია ფოკუსირებულია გამოვავლინოს ყველაზე შემოსავლიანი სექტორები და მასზე იმუშაოს. ამისთვის, ელჩის განმარტებით, პირველი ნაბიჯი იყო ”იტალიის ვაჭრობის სააგენტოს” (ICE) დაფუძნება, რომელიც იტალიური პროდუქტის პოპულარიზაციას ახორციელებს. მეორე ნაბიჯი კი იყო ფოკუსირება ავეჯისა და მშენებლობის სექტორზე.
”ეს მოიცავს სამშენებლო მასალებს, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგალითად, სასტუმროებსა და სხვა პრესტიჟულ მშენებლობებში. საუბარია ხის, მარმარილოს მოსაპირკეთებელ მასალებზე და აქსესუარებზეც. თუმცა, ეს არ არის ერთადერთი, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურაც. გარდა იმისა, რომ იტალია არის ნომერი პირველი ავეჯისა და აქსესუარების მიმწოდებელი ევროპაში და პირველი ექსპორტიორი ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში, ქვეყანა ლიდერობს ინფრასტრუქტურაშიც. თქვენ შეგიძლიათ დათვალოთ 1000-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი, მიწოდებული 90-ზე მეტ ქვეყანაში” – აღნიშნა ბართოლიმ და დასძინა, რომ ინფრასტრუქტურის სექტორი საქართველოსთვის ერთ-ერთი გამოწვევაა.
იტალიის ელჩი ფიქრობს, რომ საქართველო არამარტო იტალიური ინფრასტრუქტურით, არამედ სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიებითა და მანქანა-დანადგარებითაც უნდა დაინტერესდეს.
”მე ვფიქრობ, ინფრასტრუქტურა არის საქართველოს გამოწვევა – ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვისაც. შემდეგი არის ლოჯისტიკა და რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობა ორი ასპექტის გათვალისწინებით: აგროინდუსტრია და საკვების წარმოება. იტალიური კომპანიები ჩამოდიან საქართველოში, აგროვებენ და ამუშავებენ პროდუქტს. მაგალითად, ასეთი კომპანიაა ”ფერერო როშე”. კიდევ ერთი ასპექტი არის სოფლის მეურნეობის მექნიზაცია. თუ მართალია ის მოცემულობა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია მოსახლეობის 50%, მაგრამ ის აგენერირებს მშპ-ს მხოლოდ 9%-ს, ეს ნიშნავს რომ ამ სექტორს სჭირდება მოდერნიზაცია და ტექნიკური აღჭურვა. ჩვენი ტექნოლოგიები არის საუკეთესო მსოფლიოში, და თქვენი ინტერესი უნდა იყოს გამოიყენოთ იტალიური მანქანა-დანადგარები, რათა გახადოთ ქართული სოფლის მეურნეობა უფრო პროდუქტიული, ხოლო პროდუქცია – ხარისხიანი” – აღნიშნა ანტონიო ენრიკო ბართოლიმ.