იტალიის კუნძულ სარდინიაზე მდებარე ცნობილი სანაპირო La Pelosa Beach, რომელსაც თეთრი ქვიშისა და ფირუზისფერი წყლის გამო ხშირად „ევროპის კარიბებს“ უწოდებენ, ახალ წესებს აწესებს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ სანაპიროზე ჩვეულებრივი პირსახოცების გამოყენება აკრძალა და დამრღვევებისთვის ჯარიმა დააწესა.
მიზეზი საკმაოდ უჩვეულოა: სპეციალისტების განმარტებით, სველი პირსახოცის ბოჭკოებს ათასობით მიკროსკოპული ქვიშის მარცვლის შეკავება შეუძლია. დღის ბოლოს, როდესაც დამსვენებლები ნივთებს ალაგებენ,სანაპიროდან უნებლიედ ქვიშის მნიშვნელოვანი ნაწილი გააქვთ. დროთა განმავლობაში ეს პროცესი სანაპირო ზოლის ეროზიას იწვევს და ადგილობრივ ეკოსისტემას საფრთხეს უქმნის.

ახალი წესების მიხედვით, ვიზიტორებმა პირსახოცების ნაცვლად ჩალის ან ბამბუკის სპეციალური ხალიჩები უნდა გამოიყენონ. აკრძალვა ვრცელდება სხვა მასალისგან დამზადებულ დასაგებებზეც. სანაპიროს ინსპექტორები ტერიტორიას ყოველდღიურად აკონტროლებენ და დარღვევის შემთხვევაში დამსვენებლებს ადგილზე აჯარიმებენ .
პირსახოცების აკრძალვა მხოლოდ ერთ-ერთი ღონისძიებაა, რომელიც სანაპიროს დასაცავად მიიღეს. ზაფხულის სეზონზე La Pelosa-ზე ერთ დღეში მაქსიმუმ 1 500 ადამიანის შესვლაა დაშვებული. სანაპიროზე მოსახვედრად ვიზიტორებმა ადგილი წინასწარ უნდა დაჯავშნონ და მცირე საფასურიც გადაიხადონ.

გარდა ამისა, სანაპიროდან გასვლისას დამსვენებლები ვალდებულნი არიან ფეხები სპეციალურ სარეცხ ზონებში ჩამოიბანონ, ხოლო ნიჟარების, კენჭების ან ქვიშის წაღება მკაცრად აკრძალულია. მსგავსი წესის დარღვევა 300-დან 5 000 ევრომდე ჯარიმას ითვალისწინებს, განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში კი სამართლებრივი პასუხისმგებლობაც შეიძლება დადგეს.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, შეზღუდვების მთავარი მიზანი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ეკოლოგიურად მგრძნობიარე სანაპიროს დაცვაა, რათა მისი უნიკალური ბუნებრივი გარემო მომავალ თაობებსაც შეუნარჩუნდეს.
