LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიის საელჩომ საქართველოში იტალიური დიზაინის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

677
მასიმილიანო დ’ანტუონო

10 მარტს ქ. ქუთაისში იტალიის საელჩომ საქართველოში, იტალიის ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოსთან (ICE-ITA) თანამშრომლობით, იტალიური დიზაინის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა.

ღონისძიება იტალიური არქიტექტურისა და დიზაინის პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი ტრადიციული ინიციატივის ფარგლებში წელს უკვე მეცხრედ ჩატარდა.

იტალიური დიზაინის დღის აღნიშვნა საქართველოში დაიწყო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართული ღონისძიებით, რომელსაც არქიტექტურისა და დიზაინის დარგების თვალსაჩინო ფიგურები, სამეცნიერო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიება იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ხუბუამ გახსნეს.

„წლევანდელი „იტალიური დიზაინის დღე“, რომლის თემა „უთანასწორობანი. დიზაინი უკეთესი ცხოვრებისთვის“ მილანის ტრიენალეს XXIV საერთაშორისო ექსპოზიციის თემას ეხმიანება, შესანიშნავი შესაძლებლობაა, ვიმსჯელოთ დიზაინის მნიშვნელობაზე უთანასწორობისა და ადამიანთა კეთილდღეობაზე მისი გავლენის შემცირებაში“, – განმარტა იტალიის ელჩმა დ’ანტუონომ.

ღონისძიების უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და დიზაინის სკოლის პირველი საბაკალავრო პროგრამის – დიზაინის წარდგენა, რომელიც ქ. ნეაპოლის ფედერიკო II-ის სახ. უნივერსიტეტთან თანამშრომლობით განხორციელდება, მისი წარმატებით დასრულების შემდგომ კი, სტუდენტები ორმაგ დიპლომს მიიღებენ.

„ეს პროგრამა, რომელიც ნეაპოლის უნივერსიტეტის რექტორის მატეო ლორიტოს ძალისხმევით, ამ ერთ-ერთ უძველეს საჯარო უმაღლეს სასწავლებელსა და ქართულ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის წარმატებული შედეგია, რომელიც ხელს შეუწყობს იტალიასა და საქართველოს შორის კავშირებისა და ცოდნის ურთიერთგაცვლის გაძლიერებას“, – აღნიშნა იტალიის ელჩმა დ’ანტუონომ.

ღონისძიება გაგრძელდა ნეაპოლის ფედერიკო II-ის სახ. უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, კარლა ლანჯელას მოხსენებით და ცნობილი იტალიელი არქიტექტორის მატეო ვერჩელონის ლექციით “Conscious Design: Poetic Expressions and Suggestions of the Italian Project”.

ღონისძიების დასასრულს გამოცხადდა მარანგონის ინსტიტუტის მიერ იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით ორგანიზებული კონკურსი „Italy Meets Georgia: a Fusion of Aesthetics and Innovation” ახალგაზრდა ნიჭიერი დიზაინერებისთვის, რომელიც წელს უკვე მეორედ ტარდება. კონკურსში გამარჯვებულებს შესაძლებლობა ექნებათ სწავლა გააგრძელონ მოდისა და დიზაინის კურსებზე მარანგონის ინსტიტუტში, რომელიც ამ დარგებში ერთ-ერთი საუკეთესო იტალიური უმაღლესი სასწავლებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g