ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში, იტალიური ბაღის ანალოგი, სახელწოდებით ,,ევა” გაშენდა. ბაღის დამფუძნებლები მამა-შვილი ბესარიონ და თენგიზ ცინცაძეები არიან.
როგორც ,,ფორტუნას” თენგიზ ცინცაძემ განუცხადა, ბაღი ,,ევა” 2013 წელს გაშენდა და ამ ეტაპზე ის 825 ძირი ვაშლის სხვადასხვა სახეობას აერთიანებს (გოლდენი, ფუჯი, მუცუ, გრანი სმიტი, ოლსტარი დოლდენ დელიშენსი). ბაღში გაშენებულია ასევე 60-ამდე ძირი ქლიავი, პრეზიდენტისა და ემპრესის ჯიშების და 23 ძირი ვაზი (ფრანგული ჯიშის სუფრის ყურძენი).
,,ბაღის გაშენების იდეა გერმანიაში ცხოვრების დროს გამიჩნდა, სადაც იტალიური სტილის ბაღები ვნახე და ანალოგის გაკეთება გადავწყვიტე. აღსანიშნავია, რომ მანამდე სოფლის მეურნეობის მიმართულებით მუშაობის არანაირი გამოცდილება არ მქონდა, თუმცა მაინც დავწერე ბაღის პროექტი, რომელმაც ევროკავშირის ორგანიზაცია IOM-ის დაფინანსება მოიპოვა, დაახლოებით 6000 დოლარის ოდენობით. ეს იყო ჩემი სასტარტო კაპიტალი. ამ წლების განმავლობაში კი ბაღში ჯამში 200 000 ლარამდე ინვესტიცია მაქვს ჩადებული”, – აღნიშნა თენგიზ ცინცაძემ.
მისივე ინფორმაციით, სამომავლოდ ინსვეტიციის მოცულობის გაზრდა კიდევ იგეგმება, ვინაიდან ,,ევას” დამფუძნებელი ბაღის გაფართოებას აპირებს.
,,მინდა, რომ ვაზის ბაღი კიდევ უფრო მასშტაბური გავხადო, ამიტომ 1500-ამდე ძირი ვაზის დარგვას ვგეგმავ. წელსვე ვაპირებ პროდუქციის სარეალიზაციო ქსელში შეტანასაც. ველოდები ვაშლის 20-22 ტონა მოსავალს – ამიტომ, მოლაპარაკებებს ვაწარმოებ რამდენიმე სავაჭრო ქსელთან, მათ შორის ,,გუდვილთან” და სავარაუდოდ, ,,ევას” ბრენდის ქვეშ ჩვენი ხილის გაყიდვა მიმდინარე წელს დაიწყება”, – განუცხადა ,,ფორტუნას” თენგიზ ცინცაძემ.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, როგორც ,,ევას” დამფუძნებელი ამბობს, აპირებს 10-ამდე დასახელების პროდუქციის წარმოებას – ვაშლის ძმარის, ჩირების და სხვა… ამასთან, იგეგმება სარეალიზაციოდ სასაჩუქრე ნაკრების გაკეთებაც.