იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში აღწერს იმ სიტუაციას, რომელსაც დედაენის ბაღში, სირბილის დროს შეესწრო. მისი თქმით, დაინახა, ბიჭი გოგონას ხან უყვიროდა, ხან გულში იხუტებდა, ბოლოს კი სკამიდან გადმოაგდო ქვაფენილზე. ამის შემდეგ, როგორც იუნა წერს, საჭიროდ ჩათვალა, რომ წყვილთან მისულიყო…
„გავბრაზდი, ამოვუნთქე, რომ არ მეღრიალა მოძალადისთვის და მივედი – იუნა შაფათავა ვარ, ვუთხარი (ვერ მიცნობს მამაზეციერი სავარჯიშო ფორმაში) და ნახევარი საათია, შენს ისტერიკას ვუყურებ, რა უფლებით სცემ ამ გოგოს-მეთქი? უნდობლად შემომხედა გიჟის თვალებით, მომსინჯა, რამდენად შემაშინებდა. ქალბატონო, თქვენი საქმე არ არის, ნუ ერევითო. რას ნიშნავს, ნუ ერევი-მეთქი? ვინ მოგცა უფლება, რომ სცემ? დაცვას დავუძახებ ახლავე და პატრულსაც, თუ წესიერად არ მოიქცევი –თვალების გუგები იმხელა ჰქონდა, თვალის ფერი აღარ უჩანდა, ნახე, რა კაიფში ხარ? სანამ მე აქ ვარ, ამ გოგოს ხელს არ დააკარებ, დაეგდე ახლავე ლაწირაკო–მეთქი, სანამ პატრული არ გამოვიძახე და წესიერად მოექეცი ამ გოგოს, რომ წავალ გინდ მტკვარში გადამხტარხარ. ქუჩაში ხარ, შენს სახლში არა. ამ დროს ბიჭზე არანაკლებად მძიმე კაიფში მყოფმა გოგომ ძლივს აწია თავი, ენა არ უტრიალდებოდა, დიდი ბოდიში, ნუ ერევით, დიდი მადლობაო… შევხედე. შავგვრემანი, თხელი, ძალიან სიმპათიური სახე, რომ არ დაგავიწყდება, ისეთი და უგონოდ კაიფში…
სინანულისგან ტუჩზე ვიკბინე, მაგრამ მაინც ვუთხარი: შენ კიდევ, რა გაგჭირდა ასეთი, მსოფლიოში მილიონი კაცია, ამის ცემას რომ უთმენ, წადი, მიხედე შენს თავს-მეთქი. სახეზე აზრი დაეტყო,თავი დაიქნია და არაფერი თქვა. არასრულწლოვანები იყვნენ ორივე, ბიჭი ჩასაყლაპი გარეგნობის ცისფერთვალება ქერა ნაძირალა, გოგო კი… კიდევ ერთხელ თითი დავუქნიე უკვე პატრულით შეშინებულ ბიჭს, არაფრით რომ არ მითხრა, რამდენი წლისაა... გოგო უკვე სრულყოფილი ქალი იყო, მერე რა, რომ პატარა და ბიჭი კი, ეჭვიანობის სცენის დროს აქეთ-იქით ხელების ქნევით თავში რტყმევით, აგიჟებდა…
გავეცალე… ვიფიქრე: ჩემზე ძალადობის დროს, იუნა შაფათავა, თავისი გათახსირებული ქალის სახელით რომ მოსულიყო ჩემთან და ჩემი მოძალადე ისე გაეთათხა, მაგის ლაწირაკი ბოიფრენდი რომ გავთათხე და თითი ვუქნიე, შესაძლოა, ჩემი ახალგაზრდობა სულ სხვანაირად წარმართულიყო...“ – წერს იუნა საკუთარ გვერდზე.
მისივე მოსაზრებით, საზოგადოება უფრო აქტიურად უნდა ებრძოლოს ძალადობას.