LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა

125
გიორგი კალანდარიშვილი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატს, გიორგი კალანდარიშვილს და ცესკოს ე.წ. პროფესიული წევრობის 3 კანდიდატს: მაია ზარიძეს, გიორგი შარაბიძეს და გია ცაცაშვილს მოუსმინეს და დეპუტატებმა ყველა მათგანს მხარი ერთხმად დაუჭირეს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გიორგი კალანდარიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ დეპუტატები კანდიდატებს მათ მიერ განვლილ საქმიანობასა და ცესკოს მიღწევებზე დაყრდნობით შეაფასებენ.

„მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევეცადოთ ინსტიტუციიდან პოლიტიკის დაცლა. დღეს ისედაც მისი დაკომპლექტების კონტექსტში 17 კომისიის წევრი არის წარმოდგენილი, საიდანაც 9 სხვადასხვა პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელი არის. ისედაც მაღალი პოლიტიკური წარმომადგენლობა არის ინსტიტუციაში უზრუნველყოფილი, მაგრამ ადამიანები, რომელთა შეფასება და არჩევა პროფესიულად ხდება, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვაჩვენოთ მაღალი სტანდარტი დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობის, პოლიტიკური და კორპორატიული გავლენებისაგან გათავისუფლების.”-განაცხადა კალანდარიშვილმა.

კალანდარიშვილის განცხადებით, „დღეის მდგომარეობით, არ არსებობს არც ერთი ისეთი გადაწყვეტილება, რომელთა მიმართებაშიც რაიმე არსებითი კითხვის ნიშნები დგას“ მათ საქმიანობაში.

კალანდარიშვილმა საკომიტეტო მოსმენაზე წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შესახებაც ისაუბრა:

„ჩვენი ვარაუდით, განვლილი პილოტირებიდან გამომდინარე, ვპროგნოზირებთ, რომ წინასწარი შედეგების გამოქვეყნება შესაძლებელი იქნება 21:00 საათიდან – 22:00 საათის პერიოდში“- აღნიშნა კალანდარიშვილმა.

მისივე თქმით, შემაჯამებელი ოქმები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პირდაპირ საარჩევნო უბნებიდან, პლანშეტების მეშვეობით გადმოიგზავნება. როგორც კალანდარიშვილმა განმარტა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლების მარკირების პროცედურა კვლავ შენარჩუნებული იქნება:

„როგორც ტრადიციულზე, ისე მოდერნიზებულ უბნებზე მოხდება პლანშეტების გამოყენება. მას შემდეგ, რაც ხმის მთვლელი აპარატები უზრუნველყოფენ დათვლას, ამოიბეჭდება ქვითარი, გადაეცემა ყველა იქ მყოფ უფლებამოსილ პირს და მას შემდეგ განხორციელდება პლანშეტების მეშვეობით ცესკოში ამ ოქმების გადმოგზავნა, მათი პირდაპირ ცესკოს ვებ-გვერდზე გატანის უზრუნველყოფა“- აღნიშნა კალანდარიშვილმა.

ცნობისთვის, ცესკოს ხელმძღვანელის პოსტზე გიორგი კალანდარიშვილი, ხოლო ცესკოს ე.წ. პროფესიული წევრობის თანამდებობაზე მაია ზარიძის, გიორგი შარაბიძისა და გია ცაცაშვილის კანდიდატურებია წარდგენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები