პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც მარიხუანას მოხმარების კუთხით შეზღუდვების დაწესებას და სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.
საკომიტეტო განხილვაში სასულიერო პირები მონაწილეობდნენ. შს სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებები, სავარაუდოდ, დღესვე გავა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, კანაფის და მარიხუანას მოხმარება იკრძალება ყველგან, ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის გარდა.
მარიხუანასთან დაკავშირებით შს სამინისტრო “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისთვის“ ახალი, სპეციალური მუხლის დამატების ინიციატივით გამოდის. კანაფის ან მარიხუანას მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას – 500 ლარის ოდენობით.
უწყების მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, კანაფისა და მარიხუანას მოხმარება ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, გარდა ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1 000 ლარამდე ოდენობით. აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე ოდენობით.
მარიხუანას 21 წლამდე ასაკის პირის მიერ მოხმარება 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით დასჯადი ქმედება იქნება. აღნიშნული ქმედების განმეორება კი, 1000 ლარიდან 1500 ლარამდე ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.
კანაფის ან მარიხუანას მოხმარება ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, სასამართლოში, აეროპორტში, სამედიცინო ან ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში (მათ შორის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტში), ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში ან საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილას – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით. აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენა 1000 ლარიდან 1500 ლარამდე ოდენობით დასჯადი იქნება.
გარდა ამისა, 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს კანაფის ან მარიხუანას მოხმარება ან ზემოქმედების ქვეშ ყოფნა არასრულწლოვანის თანდასწრებით, ან სასწავლო-საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულების, ბიბლიოთეკის, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკის, ბავშვთა გასართობი ცენტრის და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, აგრეთვე 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე 150 მეტრის რადიუსში. იგივე ქმედების განმეორებისთვის ჯარიმა 1 500 ლარიდან 2 000 ლარამდე იქნება.
მარიხუანას მოხმარება ან ზემოქმედების ქვეშ ყოფნა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე ოდენობით, ხოლო განმეორებით ჩადენა 1 500 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობით დაჯარიმებას.
მარიხუანას მოხმარება ან ზემოქმედების ქვეშ ყოფნა სამხედრო ნაწილში – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე ოდენობით. იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა 1 500 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობით დაჯარიმებით დაისჯება.
დაწესებულების მიერ კანაფისა და მარიხუანას მოხმარების ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ზემოქმედების ქვეშ ყოფნის გამოვლენილი ფაქტის აღსაკვეთად ზომების მიუღებლობა – გამოიწვევს დაწესებულების დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში – 2 000 ლარის ოდენობით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, ავტომობილის და ნებისმიერი სხვა სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა სისხლის სამართლის წესით დასჯადი იქნება და გამოიწვევს ჯარიმას ან თავისუფლების ერთ წლამდე ვადით აღკვეთას.
ასევე, ცვლილებით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არის გათვალისწინებული არამხოლოდ არასრულწლოვნის, არამედ 21 წლამდე ასაკის პირის ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე დაყოლიებისათვის.