მთავრობის ადმინისტრაციაში მაგართული სხდომის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა მედიისთვის ბრიფინგი გამართა, სადაც რამდენიმე შეზღუდვის შემსუბუქებაზე ისაუბრა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში არსებული რეგულაციების მიხედვით დაკეტილი სახელმწიფო თუ სხვა კერძო ობიექტების გახსნა ხვალიდან იგეგმება. თეა წულუკიანის განმარტებით, იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები გაიხსნება, თუმცა ახალი პრინციპით იმუშავებს. მინისტრის თქმით, იუსტიციის სახლების შენობაში მოქალაქეები პირბადის გარეშე არ დაიშვებიან. მისი განმარტებით, მოქალაქეები იუსტიციის სახლში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და დროებით სანოტარო ბიუროში მისვლას წინასწარ დაჯავშნის შემთხვევაში შეძლებენ
„ახალი პრინციპი არის შემდეგი: იმისთვის, რომ თქვენ განაცხადი შეიტანოთ ამა თუ იმ სერვისზე და მოხვდეთ იუსტიციის სახლის, საზოგადოებრივი ცენტრის ან დროებითი სანოტარო ბიუროს შენობაში, საჭირო იქნება, რომ მოქალაქის პორტალის mygov.ge-ს მეშვეობით ვიზიტი დაჯავშნოთ თქვენთვის სასურველ დღეს და დროს. mygov.ge-ის გვერდის ავლით შენობაში ვერც ერთი მოქალაქე ვერ მოხვდება. ჯავშნის ელექტრონული სისტემა უკვე მოქმედებს ამ წუთიდან. შესაბამისად, თქვენ უკვე დღეიდან, შეგიძლიათ დაჯავშნოთ, ხვალ დილიდან თქვენთვის სასურველი ვიზიტი“, – განაცხადა წულუკიანმა.
თეა წულუკიანის ინფორმაციით, ერთადერთი სერვისი, რომელიც არ იქნება აქტიური, ეს არის რიტუალის მეშვეობით ქორწინება. მინისტრის თქმით, აღნიშნული წესი იმოქმედებს მინიმუმ საგანგებო მდგომარეობის ვადით და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესაბამისად. წულუკიანმა ასევე აღნიშნა, რომ იუსტიციის სახლსა და სხვა სერვისცენტრებსი არ დაიშვებიან არასრულწლოვნები.
„გასათვალისწინებელია, რომ შენობაში არავინ დაიშვება პირბადის გარეშე. ასევე არ დაიშვებიან არასრულწლოვნები. შესაბამისად, იუსტიციის სახლების ბავშვთა სივრცეები დარჩება დროებით დაკეტილი“, – განაცხადა მინისტრმა.