LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანა მელაიმ კოლუმბიის უნივერსიტეტი დაამთავრა და ამერიკულ ხმის ჩამწერ სტუდიაში ალბომს წერს

2476
ivanamelai20101

ივანა მელაიას ცხოვრებაში დიდი სიახლეებია. აშშ-ში მცხოვრებმა უკრაინელმა მომღერალმა, რომელმაც ხუთი წელი საქართველოში გაატარა და აქ პოპულარობა მოიპოვა, პრესტიჟული კოლუმბიის უნივერსიტეტი დაამთავრა, ახლა აშშ-ში საკუთარი ფროდაქშენ-კომპანია აქვს, ხოლო ამერიკული ხმის ჩამწერ სტუდიასთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ალბომზე მუშაობს. გარდა ამისა, ივანა იმასაც ასწრებს, რომ საქართველოში დაბრუნებულმა, ქვეყანაზე, სადაც 5 წელი გაატარა და თავისი სიყვარული იპოვა (ივანას მეუღლე ჯგუფ “ქუჩის ბიჭების” წევრი, გურამ ლომიძე), რამდენიმესერიანი დოკუმენტური ფილმიც გადაიღოს. ყველა სიახლის შესახებ ივანამ fortuna.ge-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

ივანა მელაი:

ყველა წუწუნებს ამ წელზე, მაგრამ ჩემთვის შესანიშნავი იყო (იღიმის). გასული წლის დეკემბერში კოლუმბიის უნივერსიტეტი დავამთავრე, კინოსა და ტელევიზიის პროდიუსერის განხრით. მუსიკალური მიმართულებით აღარ წავედი, რადგან ვიფიქრე, რომ ამ მხრივ ვერავინ ვეღარაფერს მასწავლის, ჩემი პირველი უმაღლესი განათლება მუსიკას უკავშირდება.

არ დაიჯერებთ, მაგრამ უნივერსიტეტში ქუჩიდან მივედი, ჩემი რეზიუმეთი და ვიკითხე, ვისთან შეიძლება გასაუბრება, რადგან იქ სწავლა მინდოდა. რეზიუმეს გაცნობის შემდეგ ძალიან გაუხარდათ და გადამიხადეს დიდი მადლობა იმისთვის, რომ მათთან მივედი. გარკვეული პერიოდის შემდეგ შემატყობინეს, რომ მიმიღეს. გაითვალისწინეს ისიც, რომ უკრაინასა და საქართველოში ტელევიზიაში მუშაობის 7-წლიანი გამოცდილება მქონდა, ამიტომ გამოცდებიც არ ჩამაბარებინეს, ამასთანავე, სახელმწიფომ აანაზღაურა ჩემი სწავლის საფასურიც. სწავლის პერიოდში მოვხვდი ამერიკის საუკეთესო სტუდენტების ჩამონათვალში. სწავლის პერიოდი საკმაოდ რთული, მაგრამ საინტერესო იყო. მივხვდი, რომ ამერიკულ საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის პრესტიჟულ ამერიკულ სასწავლებელში უნდა მოვხვედრილიყავი.

სხვათა შორის, როცა ვთქვი, რომ ეს წელი ჩემთვის შესანიშნავია, მხოლოდ სწავლას არ ვგულისხმობდი, ჩიკაგოს ხმის ჩამწერი სტუდიიდან Music Garage, სადაც იწერებოდნენ ისეთი ცნობილი მუსიკოსები, როგორებიც არიან სტინგი, ბარბარა სტრეიზანდი და Maroon 5 და შემომთავაზეს კონტრაქტი ამერიკული ალბომის ჩაწერაზე. ალბომს უფასოდ მიწერენ, პარტნიორობის უფლებით.

უკვე ჩავწერეთ სამი სიმღერა და გადავიღე კლიპი, რომლის პრემიერაც ოქტომბერში შედგება. გავხსენი ასევე საკუთარი პროდაქშენ-კომპანია, რომელიც მუშაობს სხვადასხვა ვიდეოს, რეკლამის, კლიპის გადაღებაზე. ჩემი კლიპისთვის სცენარი 15 წუთში დავწერე და თავად გადავიღე. ალბომი, ალბათ, 2021 წელს გამოიცემა.

შეიძლება ითქვას, რომ ახალი ცხოვრება მესამედ დაიწყეთ.

რთულია, როცა იმ ადგილიდან, სადაც სელებრითი იყავი, მიემგზავრები ქვეყანაში, სადაც მხოლოდ უკრაინულ და ქართულ დიასპორებში გიცნობენ. კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლამ ახალი შესაძლებლობები გამიხსნა, მით უმეტეს, მასწავლიდნენ უნიკალური ლექტორები, მათ შორის მაიკლ სემფსონი გახლდათ, ის მუშაობდა „უოლ სტრიტის მგელზე“, ასევე დოკუმენტურ ფილმებზე მაიკლ ჯეკსონისა და მაკოლეი კალკინის შესახებ. მისგან სცენარის დაწერის ხელოვნება შევისწავლე. სხვათა შორის, მამამისი კიევში დაიბადა და გაიზარდა, შემდეგ კი 15 წელი თბილისში ცხოვრობდა. ამ უდიდესმა სცენარისტმა იცის, რა არის საცივი, წარმოგიდგენიათ?!.

თქვენ რამდენ ხანს ცხოვრობდით საქართველოში?

5 წელი და ბევრს ჰგონია, რომ აქ მთელი ცხოვრება გავატარე. შესანიშნავად ვიხსენებ აქ გატარებულ წლებს, იყო რთული პერიოდები, მაგრამ ეს არა საქართველოს, არამედ ჩემს მშობლებს უკავშირდება. ძალიან უსიამოვნო სიტუაცია შეიქმნა უკრაინაში, როცა ჩემს მშობლებს ბიზნესი წაართვეს. ისინი საქართველოში ჩამოვიდნენ და მას შემდეგ აქ ცხოვრობენ, თბილისში, ზაფხულობით – ბათუმში. როცა ვინმე იგებდა, რომ ივანას მშობლები იყვნენ, ძალიან თბილად ექცეოდნენ, რაც ცრემლს მგვრიდა. ერთხელ ერთმა ძალიან ცნობილმა ქართველმა (მის სახელს არ დავაასახელებ) მითხრა, იცი, საქართველოში არასდროს მიუღიათ არც ერთი უცხოელი მომღერალი, ეს მხოლოდ შენ შეძელიო.

უკრაინიდან საქართველოში გადმოსვლით ძალიან დიდი „კაიფი“ დავიჭირე. აბსოლუტურად ყველაფერი მომწონდა, გინებაც კი. პირველი, რაც მასწავლეს, გინებაა და დამარიგეს, რომ თუკი ამას ვისწავლიდი, არ დავიკარგებოდი (იცინის).

ძალიან სამწუხაროა, რომ რუსულენოვანი და ინგლისურენოვანი პუბლიკისთვის ახლა არაფერი კეთდება. წლების წინ ამ ქვეყანაში სწორედ ამ მიზნით მომიწვიეს. სამწუხაროა, რომ ბევრი ქვა მესროლეს და გარკვეული პოლიტიკური თემებიც მომაწებეს, არადა, არასდროს გავრეულვარ პოლიტიკაში და არც ერთი პარტიის მხარდამჭერი არ ვყოფილვარ, არც არავის მხარდაჭერისკენ მომიწოდებია…  ასეთ დროსაც კი არავინ დამიდანაშაულებია და პატიოსნად ვცდილობდი საქმის გარკვევას. სულ იმას ვამბობდი, რომ არაფერს ცუდს არ ვაკეთებდი, მხოლოდ ვმღეროდი ხალხისთვის.

საქართველოში უამრავი შესანიშნავი ადამიანი ცხოვრობს. მინდა, აქ დოკუმენტური ფილმი გადავიღო და მათ შესახებაც ვისაუბრო. დეკემბრამდე საქართველოში ვიქნები და რასაც მოვასწრებ, გადავიღებ. ქართველებისგან, პირველ რიგში, თავისუფლება  და უბრალოება ვისწავლე, რასაც ძალიან ვაფასებ.

ამდენი საქმე და ოჯახი ერთად როგორია?

საკმაოდ რთულია. ისიც არ დავივიწყოთ, რომ ჩემი ქმარი ქართველია. ქართველ მამაკაცებს უყვართ მბრძანებლობა და სურთ, მათ გვერდით ქალი იყოს სანდო, მას ჰქონდეს დრო ოჯახისთვის და ა.შ. ვფიქრობ, გურამი ძალიან ჭკვიანი ადამიანია და თავიდანვე იცოდა, რომ სახლში ჯდომა ჩემთვის არაა. მით უმეტეს, როცა მე და გურამი პირველი ორწელიწადნახევარი სამ თვეში ერთხელ ორი კვირით ვხვდებოდით სადღაც პარიზში, რომში, ნიცაში, ერთად მთელი ევროპა მოვიარეთ. ვინ შეძლებს, რომ მეორე ნახევარი ასე უყვარდეს, დისტანციაზე და თან, იყოს ერთგული და ენდობოდეს მას? ჩვენ შემთხვევაში ერთგულება ნამდვილად იყო, რადგან საჯარო ადამიანი ვარ და რამე რომ ყოფილიყო, ამაზე აუცილებლად სადმე დაიწერებოდა. რთული იყო, მაგრამ დედობა კიდევ უფრო რთული გამოდგა.

რატომ?

ეს მოულოდნელად მოხდა. ჩვენ ბავშვის ყოლას ჯერ არ ვგეგმავდით. გურამს ცოლობაზე თავიდან დავთანხმდი, მაგრამ შემდეგ ერთი წელი, როგორც ნამდვილი ქალი, ვფიქრობდი. გურამთან ერთად ყოფნა მინდოდა, მაგრამ ძალიან მიჭირდა საქართველოს და 3, 5 მლნ. ქართველის დატოვება. შეიძლება, ეს თავხედურად ჟღერს, მაგრამ ასეა. გათხოვების შემდეგ, სამ კვირაში, უეცრად სიგარეტის მოწევას დავანებე თავი. აღარ მომწონდა. მერე ვიფიქრე, რომ აშკარად ექიმთან მისვლის დრო იყო. მითხრეს, რომ ორსულად ვიყავი. მე და გურამი ამ დროს კონცერტ ჰოლში ყოველ შაბათ-კვირას გამოვდიოდით. შესანიშნავი ორსულობა მქონდა. თავიდან მე შეშინებული ვიყავი, გურამი – ძალიან ბედნიერი. მერე მეც დავმშვიდდი და ცხრა თვემდე სცენაზე ვცეკვავდი. გურამი ზოგჯერ მეუბნებოდა, აქ არ გააჩინოო, მაგრამ სცენაზე არ გამიჩენია (იცინის). ამერიკაში ბავშვის გაჩენა კურორტია, ბორჯომში სპაში ყოფნას შევადარებდი, თუმცა მერე ფსიქოლოგიურად ძალიან გამიჭირდა.

ახლაც გიჭირთ დედობა?

არა. დეკემბერში ჩენი გოგონა 4 წლის გახდება. „ოქროს ბავშვია“. ღამე საერთოდ არ იღვიძებდა, პირველად ატირდა, როდესაც ერთი წელი შეუსრულდა. ახლა ყველაზე აქტიური ქართველი გოგონაა მსოფლიოში. ლაპარაკობს ქართულად, რუსულად, ინგლისურად. ისე მღერის, როგორც არც მე, არც  გურამი და არც ერთად აღებული ყველა ქართველი არტისტი. არარეალურ მელიზმებს აკეთებს. ძალიან კომუნიკაბელური ადამიანია. მისთვის მინდა ხელოვანის კარიერა, რადგან მე არასდროს გამჭირვებია ამ სფეროში და ვფიქრობ, მეც და გურამიც მას კარგ რჩევებს მივცემთ.

შეცდომებზე ფიქრობთ ხოლმე?

ბევრი შეცდომა დამიშვია. უფრო ახალგაზრდა ასაკში ვფიქრობდი, რომ სამი ოთახი გარდერობი უნდა მქონოდა და მართლაც ასე იყო. აი, კორონამ ხომ დაგვანახვა, როგორ არ აქვს მნიშვნელობა ნივთებს, ტანსაცმელს და მნიშვნელობა აქვს ახლობელ ადამიანებს, რომლებიც შენთან ერთად არიან? ისეთი თანხა მაქვს დახარჯული სამოსზე, რომ მისი დასახელების მრცხვენია. ვფიქრობ, გავიზარდე და ბევრი რამე გავაცნობიერე.

ახლა ცხოვრებაში ბრწყინვალე ეტაპი მაქვს – ვკითხულობ შესანიშნავ ლიტერატურას, იოგათი და მედიტაციით ვარ დაკავებული, დილიდან აუცილებლად ვლოცულობ, ნეგატიურ აზრებს პოზიტიურით ვცვლი… ეს არის შემოქმედების ეტაპი, როდესაც ზუსტად იცი, რისთვის ქმნი. ოჯახიც მყავს, რომელსაც ხან კარგად ვუძღვები, ხან ისე კარგად ვერა, მაგრამ ამას შევეგუე. დიდი მადლობა ჩემს მეუღლეს, რომ თუკი სტუდიაში რვა საათით ვიკარგები, არ მსაყვედურობს და ზოგჯერ ის ამზადებს საჭმელს. მისთვის ეს შეიძლება, ძალიან რთულია, მაგრამ ამას აკეთებს, რადგან მეც თავის დროზე ვისწავლე საჭმლის მომზადება, ჩემი მეუღლისა და შვილისთვის…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

ფოტო: დათუნა აგასი

ლოკაცია: რესტორანი „ვეფხი და მოყმე“  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g