„მიმდინარე არასრული 5 თვის განმავლობაში, ყივანახველის გაცილებით უფრო მეტი შემთხვევა გვაქვს, ვიდრე 2023 წლის განმავლობაში გვქონდა, გაცილებით უფრო მეტია“, – ამის შესახებ „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
ივანე ჩხაიძის თქმით, ბავშვებში ყივანახველის შემთხვევების მატება გამოტოვებულმა ვაქცინებმა განაპირობა:
„შემთხვევების მატება სახეზე გვაქვს და, სამწუხაროდ, ეს ტენდენცია რომც არ გაგრძელდეს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყივანახველის შემთხვევები ბევრად მეტი იქნება, ვიდრე ეს გასულ წელს იყო.
სამწუხაროდ, ბავშვების ვაქცინაციის მაჩვენებელი შემცირებულია. ძალიან ბევრმა ადამიანმა გადახედა პანდემიის შემდეგ ვაქცინებისადმი დამოკიდებულებას, 2022 წელს მძიმე ვითარება იყო. ეს ეხებოდა არა მხოლოდ ყივანახველას, ასევე წითელას, წითურას, ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინებსაც. 2023 წელს შედარებით გამოსწორდა, მაგრამ საქართველო ჯერ კიდევ ვერ დაუბრუნდა პანდემიამდე პერიოდს, სადაც ვაქცინებით მოცვის მაღალი მაჩვენებელი გვქონდა.
ყივანახველას შემთხვევების მატება ბავშვებში გამოტოვებულმა ვაქცინებმა განაპირობა. ეს ტენდენცია გაგრძელდება, თუ არ მივაწვდენთ ყველას ხმას, რომ არ არსებობს არც ერთი ინფექციის მიმართ ისეთი ეფექტური მედიკამენტი, რასაც ვაქცინებით ვიცილებთ თავიდან.
თუ ვინმემ გამოტოვა წითელას, წითურას, ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინა 1 წლის ასაკში, შეუძლია გაიკეთოს. არ უნდა ჩათვალოთ, რომ თუ ვაქცინა არ გაიკეთე თავის დროზე, ახლა დაგვიანებულია და აზრი არ აქვს.
ძალიან ხშირად გვიწევს ყივანახველის შემთხვევების დიაგნოსტირება, როგორც ამბულატორიულ პრაქტიკაში, ისე სტაციონარული პაციენტების მიღებისას. ყივანახველის შემთხვევების მატება მხოლოდ ლაბორატორიულად არ ხდება, ასევე კლინიკურადაც. ყველა სამედიცინო ცენტრი, რომელიც პედიატრიულ პაციენტებს მართავს, აღნიშნავს, რომ კვლავ მკვეთრად მომატებულია ყივანახველის შემთხვევები“, – განუცხადა ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსს“.