„ყივანახველას შემთხვევების მატების უკან გამოტოვებული ვაქცინები იდგა“, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
ივანე ჩხაიძემ მწვავე ინფექციური დაავადების გახშირებულ შემთხვევებსა და ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბრის დროს აღნიშნა, რომ ქვეყანაში ათასობით ბავშვია აუცრელი, ვაქცინის გაკეთება კი არასდროს არის გვიან.
„გვახსოვს რომ 2023 წელთან შედარებით, 2024 წელს ყივანახველას შემთხვევები 10-ჯერ მეტი იყო. საქართველოში, სამწუხაროდ, კორონავირუსის პანდემიამ მნიშვნელოვნად დააქვეითა ვაქცინების მოცვის მაჩვენებელი. თუ პანდემიამდე ჩვენ ქვეყანას ევროპაში საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა, პანდემიამ ეს ციფრები შეცვალა. ათასობით ბავშვია აუცრელი როგორც ყივანახველას საწინააღმდეგო ვაქცინით, ისე წითელა, წითურა, ყბაყურას გამომწვევების წინააღმდეგ.
მინდა მოსახლეობას შევახსენო, რომ ვაქცინის გაკეთება არასდროს არის გვიან. თუ რაღაც მიზეზების გამო თქვენი ოჯახის წევრი ჩამორჩა ვაქცინაციის კალენდარს, არ ნიშნავს, რომ დაწევა არ შეიძლება. ჩვენ ვამბობთ, რომ დროულად მიმართეთ ვაქცინაციის კაბინეტს, ვინაიდან თუ არ ჩავთვლით როტავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, ყველა სხვა ტიპის ვაქცინის გაკეთება მოგვიანებითაც არის შესაძლებელი. იმუნიზაციის ექიმს შეუძლია კონკრეტულ პაციენტს მოარგოს ვაქცინაციის კალენდარი. ინდივიდუალური კალენდარი გააკეთოს, რაც გამოტოვებული ვაქცინების გაკეთების შესაძლებლობას მოგვცემს. ყივანახველას შემთხვევების მატების უკან გამოტოვებული ვაქცინები იდგა“,- განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ივანე ჩხაიძემ.