ხელისუფლებას მთლიანად მძევლად ჰყავდა აყვანილი მსხვილი ბიზნესი და მის მხარდასაჭერად უწევდა გარჯა, ბიზნესმა დაკარგა თავისი უმთავრესი მახასიათებელი, – გადაწყვეტილების თავისუფლად მიღების შესაძლებლობა – ასე აფასებს ბიძინა ივანიშვილი იმ ვითარებას, რომელშიც ბიზნესი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს იყო.
ივანიშვილი ირწმუნება, რომ დღეს ბიზნესი არათუ თავისუფალია, არამედ მისი წარმომადგენლები უკვე აღარც პოლიტიკურ განცხადებებს ერიდებიან და არც პოლიტიკაში მოსვლას.
„სწორედ საჯარო სივრცისა და მედიის გახსნამ, ინსტიტუტებისა და პოლიტიკის არსებითმა გამიჯვნამ მოიტანა ეს უდიდესი დემოკრატიული შედეგი“,- ამის შესახებ ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე დღეს გამოქვეყნებული წერილში საუბრობს.
ივანიშვილი ამბობს, რომ ქართული ეკონომიკა დღეს სწორი და ოპტიმისტური მიმართულებით მოძრაობს, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსმა მკვეთრად შეკვეცა შიდა და გარე ინვესტორების აქტივობა.
„სამეწარმეო საქმიანობისა და კონკურენციისათვის ჩამოყალიბებულია მაქსიმალურად თავისუფალი და ტოლერანტული გარემო. ჩვენ საბოლოოდ დავუსვით წერტილი ბიზნესში მთავრობის ფავორიტიზმს და ხელისუფლების გამდიდრებისათვის შექმნილ მონოპოლიებს,“ – ნათქვამია ივანიშვილის წერილში.