დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტს დღეს უსასყიდლოდ გადაეცა ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, სადაც თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება.
როგორც კალაძემ საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პარკის პროექტზე ჰოლანდიური კოპანია მუშაობს და მშენებლობა რამდენიმე ათეული მილიონი დაჯდება. დედაქალაქის მერის განმარტებით, პროექტის განხორციელებას დაახლოებით 3 წელი დასჭირდება.
„დღეს ჩვენი დედაქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა, რადგან ბიძინა ივანიშვილი და ფონდი „ქართუ“ მუნიციპალიტეტს სრულიად უსასყიდლოდ ქალაქის ცენტრში გადასცემს ყოფილი იპოდრომის ტერიტორიას, სადაც ასევე „ქართუს“ დახმარებით გაშენდება თბილისის ცენტრალური პარკი, რომელიც რამდენიმე ათეული მილიონი დაჯდება. პროექტს რაც შეეხება, მუშაობს ჰოლანდიური კომპანია. თითქმის დასრულებულია, მიმდინარეობს სამუშაოების ბოლო ეტაპი, ხვალ გვექნება სრული პრეზენტაცია ამ პროექტთან დაკავშირებით და მომდევნო დღეებში მოგაწვდით ინფორმაციას ზუსტ თარიღთან დაკავშირებით, როდის დაიწყება მშენებლობა.
დღევანდელი დღე თითოეული თბილისელისთვის, იმ ადამიანისთვის, რომელმაც იცის, იპოდრომის ტერიტორიასთან დაკავშირებული ისტორია და პირადად ჩემთვის ნამდვილად განსაკუთრებულია. იპოდრომის ტერიტორიის გადარჩენაში ფასდაუდებელია ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილის წვლილი, რომელმაც აღნიშნული სივრცე გამოისყიდა, დღეს კი სრულიად უსასყიდლოდ, ქართველ ხალხს, თბილისსა და თბილისელებს გადასცემს. ამ მართლაც საშვილიშვილო საქმისა და მომავალი თაობების წინაშე გაწეული ღვაწლისთვის მსურს პირადად მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახს ამ მნიშვნელოვანი საჩუქრისთვის, სადაც გაკეთდება ცენტრალური პარკი.
კიდევ ერთხელ მინდა ვახარო ჩვენს მოქალაქეებს, რომ ამ ტერიტორიაზე გაშენდება თანამედროვე უნიკალური პარკი, რომელიც აუცილებლად იქცევა თბილისელების უსაყვარლეს ადგილად. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ქალაქისთვის, რომლითაც ყველა, აქ მცხოვრები ადამიანი და ჩამოსული სტუმარი იამაყებს“, – განაცხადა კალაძემ.