LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივერი მელაშვილი: შეიძლება ჰქონდეთ მცდელობა, რომ სააკაშვილი დაადანაშაულონ, თუმცა, მელაშვილი იქნება თუ ყოფილი პრეზიდენტი, შანსი არაა რაღაც გამოიკვეთოს

74
ივერი მელაშვილი

ე.წ კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილი ფიქრობს, რომ საქმეში პოლიტიკური ნიშნები იკვეთება. როგორც მელაშვილმა განაცხადა, მისი და ნატალია ილიჩოვას დაკავება, ასევე სხდომების განახლება არჩევნებს დაემთხვა.

„ძალიან გათვითცნობიერებული არ ვარ, ალბათ, სასამართლოს ისტორიაში ხდება, რომ პროცესები შეიძლება გადაიდოს და ა.შ. მაგრამ წინასაარჩევნო პერიოდს დაემთხვა ჩვენი დაკავება და ახლაც წინასაარჩევნო პერიოდია, შესაბამისად, საფუძველი მაქვს ფიქრის, რომ გარკვეულწილად ეს საქმე პოლიტიზებულია,“- განაცხადა ივერი მელაშვილმა.

კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დამნაშავეობა დაინახონ ცალკე წარმოებად მიმდინარე საქმეში, სადაც დავალებების გამცემი ზემდგომი პირების გამოსაკვეთად გამოძიება მიმდინარეობს, მელაშვილმა უპასუხა, რომ ასე ვერ მოხდება.

„თავიდანვე იყო მცდელობა, ჩვენი საქმიდან გამომდინარე უნდოდათ წინა ხელისუფლების ხელმძღვანელობაზე გასულიყვნენ, რომ თითქოს, რაღაც მოხდა. შეიძლება ჰქონდეთ რაღაც მცდელობა, რომ ყოფილი პრეზიდენტი დაადანაშაულონ რამეში, პრეზიდენტზე უნდოდათ გასვლა, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში ტერიტორიების გადაცემა მოხდა და მსგავსი სისულელეები.

მე არ გამოვუკითხივარ არავის, ჩემი პოზიცია იციან, იმდენად აბსურდულია ბრალდებები, ვინც არ უნდა იყოს, მელაშვილი იქნება თუ ყოფილი პრეზიდენტი, შანსი არაა რაღაც გამოიკვეთოს, არაფერი მსგავსი არ მომხდარა, პირიქით, ვიღწოდით, რომ საწადლისთვის მიგვეღწია, რაც ქვეყანას სჭირდებოდა,“- აღნიშნა მელაშვილმა.

„ჩვენი მთლიანი აქცენტი დავალების გამცემ პირებზეა“ – ე.წ. კარტოგრაფების საქმის პროკურორი სააკაშვილის გამოკითხვას არ გამორიცხავს

ცნობისთვის, შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავა .

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის, დავით გარეჯთან მიმართებაში.

ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილს ბრალი დაუზუსტდათ. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულები განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ.

 

mazda magti 5g