რამდენიმე დღის წინ, გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი“, საზოგადოებამ ცნობილი ექიმების – გუგა კუზანოვის და ნინო ნადირაძის შვილის, ივა კუზანოვის ინტერვიუ იხილა. ინტერვიუში ივა კუზანოვი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე – მიმდინარე უწყვეტ პროტესტსა და ხელისუფლების პოლიტიკურ კურსზე საუბრობდა.
ფართო აუდიტორიამ სწორედ აღნიშნული გადაცემიდან შეიტყო, რომ ივა კუზანოვი ერთ-ერთია იმ ახალგაზრდებს შორის, რომლებიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებში მონაწილეობენ. ინტერვიუს სოციალურ ქსელში საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
„ეს ბავშვი“ – ნანუკა ჟორჟოლიანი კუზანოვების ვაჟის ინტერვიუს ეხმაურება
ივა კუზანოვის პოზიციაზე Ambebi.ge-სთან ინტერვიუში საუბრობს ნინო ნადირაძე, რომელსაც შვილისგან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება აქვს.
„ჩემი და ჩემი შვილის ერთობას ვერავინ გაყოფს, ვერც პოლიტიკა და ვერც სხვა რამ. ახალგაზრდაა, ახალგაზრდობაში თავისი წინააღმდეგობრივი აზრები ყველას აქვს. ივიკოს ყველაზე მეტად უყვარს დედა და დედას ყველაზე მეტად უყვარს ივიკო. ავუხსენი ყველაფერი, რატომ ვარ „ოცნების“ მხარეს. იმიტომ, რომ „ოცნებამ“ შეძლო ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების უზრუნველყოფა. ამიტომ ყველას აქვს იმის საშუალება, რომ თავისი აზრი გამოხატოს.
ჩვენი ოჯახის არც ერთი წევრი ერთმანეთთან არასოდეს იქნება დაპირისპირებული. არცერთი მიზეზის გამო და, მით უმეტეს, პოლიტიკის. ჩემს შვილს პოლიტიკა ნაკლებად აინტერესებს, მას რა კითხვებიც ჰქონდა გავეცი პასუხი, რომ არანაირი რუსეთისკენ ქვეყანა არ მიექანება. ჩემი არგუმენტები მან საკმაოდ მყარად მიიჩნია. ერთხელ იყო მიტინგზე, რომ დახმარებოდა, რადგან სამედიცინოს სტუდენტია, ეხმარებოდა, არც დაზიანებულა. წყალიც მიესხა, რა ვქნა, რევოლუცია როცა ეწყობა, იქ ფიზიკურადაც დაზიანდები“, – ამბობს ნინო ნადირაძე Ambebi.ge-სთან ინტერვიუში ნინო ნადირაძე.
ნინო ნადირაძე ასევე პასუხობს შეკითხვას – „რა პოზიციაზეა მისი მეუღლე, გუგა კუზანოვი და უჭერს თუ არა ნინო ნადირაძეს მხარს“.
„კი ბატონო, ჩვენ ოჯახის წევრები, ივიკოს ჩათვლით ერთმანეთს ყველაფერში მხარს ვუჭერთ. ივამ თავისი თვალით ნახა, როგორ იყენებდა ძალიან ბევრი არაკეთილსინდისიერი საკუთარი დედის წინააღმდეგ. გაოცებული იყო, რატომ ფიქრობს ეს ხალხი, რომ დედაზე უარს ვიტყვიო. შეიძლება შეხედულებაზე ვთქვა უარი, მაგრამ დედაზე უარს არ ვიტყვიო. ჩვენი ოჯახი არის ერთ მუშტად შეკრული და ნორმალურ, საღად მოაზროვნე ადამიანებში შეუძლებელია პოლიტიკა გახდეს ზიზღისა და ერთმანეთის დაპირისპირების მიზეზი. შეუძლებელია ერთ დღეს გათენდეს და საყვარელი ადამიანი, მისი პოლიტიკური შეხედულების გამო შეიზიზღო“, – ამბობს ნინო ნადირაძე.