LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იწყება მაღალი სიცხით, სამ დღეში ჩნდება გამონაყარი სახეზე… „მაიმუნის ყვავილის“ ვაქცინა არსებობს, რომელიც 2019 წელს დარეგისტრირდა – ბუწაშვილი

271
1588960332-მაია-ბუწაშვილი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი აცხადებს,  „ჩუტყვავილას ვაქცინას არანაირი დამცველობითი ეფექტი არ გააჩნია „მაიმუნის ყვავილის“ წინააღმდეგ,“ – ამის შესახებ,  ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.

მისი თქმით,  „მაიმუნის ყვავილი“ და ჩუტყვავილა სხვადასხვა ჯგუფის ვირუსებია, შესაბამისად არსებული ვაქცინა ინფიცირებისგან დასაცავად არ გამოდგება.

მსოფლიოში მაიმუნის ჩუტყვავილა ვრცელდება – ჯანდაცვის ექსპერტები იშვიათ ვირუსულ დაავადებაზე

„სოციალური ქსელის მეშვეობით ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ჩუტყვავილას ვაქცინა იცავს მაიმუნის ყვავილისგან ინფიცირებისგან.

ჩუტყვავილასთან ამ ვირუსს არანაირი კავშირი არ აქვს, აბსოლუტურად სხვადასხვა ჯგუფის ვირუსებია და შესაბამისად, ჩუტყვავილას ვაქცინას არანაირი დამცველობითი ეფექტი არ გააჩნია მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგ,”- განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

ბუწაშვილმა „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელების ისტორიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვირუსმა ფაქტობრივად ყველა რეგიონი მოიცვა.

„მაიმუნის ყვავილი არ გაჩენილა ახლა, 1958 წელს აღმოაჩინეს ეს ვირუსი მაიმუნებში და 1970 წლიდან გავრცელდა ადამიანებში.

13 მაისიდან დაიწყო ეპიდაფეთქება, შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ პირველი შემთხვევაა ისტორიაში, როდესაც მაიმუნის ყვავილის შემთხვევები არ უკავშირდება აფრიკის კონტინენტს.

ვირუსი ამ დრომდე კონცენტრირებული იყო ან აფრიკის რეგიონში, ან უკავშირდებოდა აფრიკაში მოგზაურობას. დღეს არსებული შემთხვევები საერთოდ არ უკავშირდება აფრიკის კონტინენტს. გავრცელება აქვს ევროპის ქვეყნებში, აშშ-ში, კანადასა და ავსტრალიაში, პირველი შემთხვევა დაფიქსირდა საუდის არაბეთშიც სამი დღის წინ.

ფაქტობრივად ყველა რეგიონი მოიცვა. საერთო ჯამში, მსოფლიოს მასშტაბით 300 შემთხვევაა დაფიქსირებული,”- აღნიშნა მაია ბუწაშვილმა და დასძინა, რომ სამიზნე ახალგაზრდა ასაკის ადამიანები არიან კორონავირუსისგან განსხვავებით.

„კორონავირუსისგან განსხვავებით, სამიზნე უფრო ახალგაზრდა ასაკია. პირველ რიგში, იმიტომ რომ 50 წელს გადაცილებულები აცრილები არიან ყვავილზე. ვინც ყვავილზე არის აცრილი, გარკვეულწილად დაცულია „მაიმუნის ყვავილის“ მიმართაც, ამიტომ მოსახლეობის ეს ფენა იმუნურია“,- განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

მისი განცხადებით, ვირუსი გადადის ჰაერწვეთოვანი გზით, ასევე ბიოლოგიურ სითხეებზე მჭიდრო კონტაქტით. როგორც მან აღნიშნა, „მაიმუნის ყვავილით“ ინფექცია უფრო ძნელად გადადის, ვიდრე კორონავირუსი.

„მაიმუნის ყვავილის“ სიმპტომებზე საუბრისას ბუწაშვილი ამბობს, გამონაყარი იწყება სამ დღეში.

„ეს არის ვირუსული ტიპის ინფექცია, ჰგავს ყვავილის ვირუსს. იწვევს დაავადებას, რომელსაც აქვს უფრო მსუბუქი სიმპტომები. იწყება მაღალი სიცხით, გრიპის მსგავსი სიმპტომით. თავის ტკივილი და ლიმფური ჯირკვლების გადიდება, სამ დღეში იწყება გამონაყარი სახიდან, შემდეგ კი სხეულის სხვა ნაწილებზე ვრცელდება.

სპეციფიურია, რომ ხელის და ფეხის გულებზეც ფიქსირდება გამონაყარი. თანდათანობით, გამონაყარის ელემენტებში ჩნდება სითხე, გადაიქცევა ბუშტუკებად ჩირქოვანი შიგთავსით. შემდეგში ბუშტუკები იფარება ფუფხებით და შეუძლია დატოვოს ნაწიბურები“, – განაცხადა ბუწაშვილმა.

როგორც ინფექციონისტმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, უკვე არსებობს „მაიმუნის ყვავილის“ საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც 2019 წელს დარეგისტრირდა.

„ეფექტურია ყვავილის ვაქცინაც, ასევე არსებობს „მაიმუნის ყვავილის“ ვაქცინაც, რომელიც 2019 წელს დარეგისტრირდა.

რაც შეეხება ანტივირუსულ მედიკამენტებს, არსებობს დარეგისტრირებული ანტივირუსული მედიკამენტებიც. 18 მაისს დარეგისტრირდა ვენაში გასაკეთებელი ფორმაც იმათთვის, ვისთვისაც ყლაპვა იქნება გართულებული დამძიმებული მდგომარეობის გამო“, – აღნიშნა მან.

მისი შეფასებით, შემთხვევათა რაოდენობიდან გამომდინარე ნაადრევია პანდემიურ გავრცელებაზე საუბარი. როგორც მან აღნიშნა, ამის არგუმენტად შეიძლება მოვიყვანოთ ის, რომ ადვილად არ ვრცელდება და არსებობს იმუნური ფენა, „თუმცა გამორიცხული, რა თქმა უნდა, არ არის“.

„მზადყოფნა გამოხატული იქნებოდა იმაში, რომ დაგვეწყო ზრუნვა ვაქცინებზე. მოლაპარაკებები უნდა იქნას დაწყებული, რომ საჭიროების შემთხვევაში ქვეყანაში გვქონდეს ვაქცინის მარაგი და ანტივირუსული მედიკამენტები“, – განმარტა ბუწაშვილმა.

“მაიმუნის ყვავილის” გავრცელების შემთხვევაში, დაგვიცავს თუ არა ინფიცირებისგან ბავშვობაში გაკეთებული “ყვავილის” საწინააღმდეგო აცრა

magti 5g