იყიდე უკრაინული, იყიდე უკრაინელისგან, იყიდე უკრაინელისთვის. „ფაბერმა“ გადაწყვიტა, გააერთიანოს სხვადასხვა უკრაინული ბრენდი და დიზაინერი ერთ სივრცეში და საწყის ეტაპზე საქართველოში, შემდეგ კი გლობალურადაც უკრაინული პროდუქციის რეალიზაცია უზრუნველყოს.
„ფაბერის“ მიზანია, რომ უკრაინული მოდა და კულტურა ხელმისაწვდომი გახდეს როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო მასშტაბით და წაახალისოს, შეიძინონ უკრაინული.
„ბიზნესკურიერი“ ანანო დოლაბერიძეს – „ფაბერის“ თანადამფუძნებელს ესაუბრა.
– ანანო, უკრაინაში უკვე გქონდათ გარკვეული წარმატება. ალბათ, ამასაც უკავშირდება ეს ახალი ინიციატივა.

– ნახევარ წელზე მეტია, აქტიურად ვმუშაობთ უკრაინის ბაზარზე გასასვლელად. ჯერ აპლიკაცია მოვამზადეთ ტექნოლოგიურად, ორ სხვადასხვა ბაზარზე მუშაობა რომ შეგვძლებოდა. 2021 წლის ნოემბრის თვეში დავიწყეთ ოპერირება. საკმაოდ კარგი ზრდა გვქონდა, გვყავს უკრაინაში გუნდი და მარტის თვეში დაგეგმილი გვქონდა ყველანაირი აქტივობა, გრანდიოზული პიარკამპანია და აპლიკაციის წარდგენა.
სამწუხაროდ, ამ ყველაფრის განხორციელება ვერ შევძელით. თავიდან გულახდილად რომ გითხრათ, ორი კვირის განმავლობაში გვქონდა მომენტი, რომ ვფიქრობდით, რა გაგვეკეთებინა. ვფიქრობდით, სხვა მარკეტისკენ [ბაზრისკენ] ხომ არ აგვეღო გეზი, მაგრამ ძალიან აქტიურად გამოჩნდა, უკრაინელების თავდადებულობა და სიმამაცე და ჩვენი გუნდიც ასეთი აღმოჩნდა. უკრაინელებმა ძალიან დიდი მოტივაცია მოგვცეს და გვიბიძგეს.
ახლა არის დრო საქმის კეთების. იმის ნაცვლად, რომ უკრაინაზე ვთქვათ უარი, უნდა ვიფიქროთ, თვითონ უკრაინაში რა შეიძლება გავაკეთოთ.
ორი კვირის ვადაში დავიწყეთ უკვე განახლებულ სტრატეგიასა და გეგმაზე ფიქრი და მივხვდით, რომ ამ სიტუაციიდან გამომდინარე, უკვე შეიძლებოდა გლობალურად მოქმედება და თუ მანამდე „ფაბერი“ ისე იყო მოწყობილი, რომ ლოკალურად ვაპირებდით მთელ ქვეყანაში განვითარებას, პიარს და მომხმარებლების მოზიდვას, ახლა ცოტა შეგვეცვალა გეგმები და საკითხს განსხვავებულად ვუყურებთ.
სწორედ ამ თემას უკავშირდება ეს ჩვენი ახალი სტრატეგიაც, „იყიდე უკრაინული, იყიდე უკრაინელისგან, იყიდე უკრაინელისთვის“.
პირველი ფაზა მორჩება მაისის დასაწყისში და ის ფაქტი, რომ საქართველოში უკვე გვყავს საკმაოდ დიდი რაოდენობის მომხმარებლები და კარგად ვართ დაფუძნებულები, გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ პირველ რიგში საქართველოში დავაანონსოთ ეს პროექტი და ჩვენ ქვეყანაში იყოს საპილოტე პროექტი.
ამ დროისთვის შემიძლია, თამამად გითხრათ, რომ ყველაზე კარგი უკრაინული ბრენდები იქნებიან „ფაბერზე“ წარმოდგენილი და ყოველდღიურად გვემატებიან. დიდი ინტერესი გაჩნდა.
მიხარია, რომ ამ პროექტში ჩართულია „ვიზა“, ის არის ჩვენი პარტნიორი და უზრუნველყოფს საქართველოში უკრაინიდან უფასო მოწოდებას. ეს დღევანდელ დღეს დიდი უპირატესობაა. ერთია, რომ შენ გაქვს სურვილი შეიძინო უკრაინელისგან და მასთან ერთად იშოპინგო, დაეხმარო, რომ შენი წვლილი შეიტანო, იმისთვის, რომ კომპანიას დამატებითი შემოსავალი ჰქონდეს, მაგრამ მეორე ძალიან დიდი წინაღობა საერთაშორისო გადაზიდვების არის ხარჯი, რომელიც დამაბრკოლებელია. ჩვენ შემთხვევაში ეს იქნება უფასო და ვფიქრობ, ეს ძალიან საინტერესოა.
– მოთხოვნა როგორია ადგილობრივ ბაზარზე უკრაინული პროდუქციის მიმართ?
– ძალიან დიდი სურვილია, უკრაინელების მხარდაჭერის და გვერდში დგომის. ამ პროექტის მიზანიც სწორედ ის არის, რომ გავაცნოთ უკრაინული მოდერ – კულტურა საქართველოს და ქართულ მოსახლეობას, მოვუყვეთ მათ შესახებ და მივცეთ შესაძლებლობა, რომ შეიძინონ.
რადგან ერთია, როდესაც გინდა, რომ უკრაინელს დაეხმარო, მაგრამ მეორეა ის, რომ მართლა ძალიან დიდი ხარისხის, ძალიან კარგი პროდუქციაა უკრაინულ დიზაინერებთან. ისინი საერთაშორისო ბაზრებზე ძალიან წარმატებულები არიან და მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხითაც გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა. ზოგადად ჩვენი პროექტის მიზანია, რომ გრძელვადიან პერიოდში იყოს ისეთი მოცემულობა, რომ შევძლოთ უკრაინელების დახმარება.
ომი რომ დასრულდება, შემდგომ პერიოდში ამ ნაწილში ჩართულობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება. სწორედ ამას ემსახურება ჩვენი მეორე ეტაპი. საუბარია გადაყიდვის პლატფორმაზე. ჩვენი მეორე ეტაპის გეგმაა, რომ უშუალოდ უკრაინული, ინდივიდუალური გამყიდველებისგან შეძლონ ყიდვა და ნებისმიერ უკრაინელს თუ მოუნდება რამის გაყიდვა, დადოს „ფაბერზე“ და ეს იყოს ხელმისაწვდომი უკრაინული გლობალური ბაზრისთვის. გვინდა, შესაძლებელი და ხელმისაწვდომი იყოს უკრაინული გარდერობი მთელი მსოფლიოსთვის.
რადგან დღევანდელ დღეს ძალიან აქტიურად ხდება უკრაინელების დახმარება და სხვადასხვა დონაციები, თუ ჰუმანიტარული დახმარების გაწევა.
ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, ტექნოლოგიის წვლილი ამ ყველაფერში, რომ სწორად გადამისამართდეს და სადაც საჭიროებაა იქ მოხდეს მიწოდება.
ამიტომ მესამე ფაზა იქნება, „იყიდე უკრაინელისთვის“, რაც ნიშნავს, რომ ასევე უკრაინაში, უკრაინელებს შეეძლებათ, რომ „ფაბერზე“ შექმნან პროფაილები, ჰქონდეთ თავიანთი საჭიროებების „ლისტები“.
ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია, სწორად მოხდეს მოთხოვნა-მიწოდების დაბალანსება და რომ ადამიანს, რაც სჭირდება, ის მივაწოდოთ.
თუნდაც დღევანდელ დღეს ძალიან ბევრი ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნა, მაგრამ მე პირადად ზუსტად არ ვიცი, ვისთან ჩავიდა და რამდენად გამოადგა ეს დახმარება. შესაბამისად. მე უფრო ბედნიერი და გახარებული ვიქნები, თუ მეცოდინება, რომ სადღაც რომელიღაც ქალაქში, პირობითად მარია იცვამს ჩემს გაგზავნილ ნივთს.
დღეს ეს არის ჩვენი გეგმა უკრაინასთან მიმართებით, უკვე აქტიური მოლაპარაკებები გვაქვს კომპანიებთან და ძალიან მალე გავხსნით საერთაშორისო გადაზიდვებს. გვჯერა, რომ ეს პროექტი იქნება ძალიან წარმატებული.
გვინდა, რომ იყოს გრძელვადიანად ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი და თუ მექნება იმის საშუალება, რომ ვიყიდო ჯინსი და ვიტყვი, მოდი, ვიყიდი უკრაინელისთვის, რადგან მას დამატებითი შემოსავალი ექნება ამ ყველაფრისგან …
– ვუსურვოთ უკრაინას გამარჯვება, შემდეგ, რა თქმა უნდა, მშვიდობა და ყველა ბიზნესი, რომელიც უკრაინაში იყო, დარწმუნებული ვარ, გააქტიურდება და ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ეს დღე შორს არაა.
