თბილისის მერია სავაჭრო ცენტრ “ბავშვთა სამყაროს” მოვაჭრეებს სხვადასხვა ბაზრობებზე გადანაწილებას სთავაზობს, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს შეთავაზება ეხება აბსოლუტურად ყველა მოვაჭრეს, რომელიც სავაჭრო ცენტრ “ბავშვთა სამყაროში” საქმიანობდა.
”ამ ადამიანებს შევთავაზებთ და თავიანთი სურვილის შემთხვევაში მოხდება მათი გადანაწილება სხვადასხვა ბაზრობებზე. ჩვენ გვქონდა ბაზრობების მესაკუთრეებთან კომუნიკაცია და მზად ვართ, რომ მათ ამის შესახებ შუამდგომლობა გავუწიოთ, რათა არ შეწყვიტონ მათ საქმიანობა”, – აღნიშნა აბაშიძემ.
რაც შეეხება დამწვარ სავაჭრო ცენტრს, შენობის გაყიდვა არ იგეგმება, – ამის შესახებ სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ დირექტორმა გიორგი მაჭავარიანმა განაცხადა. როგორც მან განმარტა, ხანძრის შედეგად დამწვარი შენობის მშენებლობას მაქსიმუმ 2 წელი დასჭირდება.
„არაფერს არ გავყიდით. ჩვენ შესძლებისდაგვარად შევეცდებით, რომ აღვადგინოთ შენობა, თუ აღდგება. თუ არადა, ალბათ, დაზღვევა ჩვენს პრობლემას გაითვალისწინებს და გვერდით დაგვიდგება. მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერსაც, რომ მიიღეს განკარგულება და სთხოვეს როგორც სადაზღვევო კომპანიას, ასევე ბანკებსაც, რომ ამ ხალხს გვერდით დაუდგნენ და გადაუვადონ კრედიტები. თუ გამოძიება მალე დამთავრდება, მაქსიმუმ 2 წელიწადში უნდა დავამთავროთ მშენებლობა-რეკონსტრუქცია“, – განმარტა „ბავშვთა სამყაროს“ დირექტორმა.
აღნიშნულ თემას დღეს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილიც გამოეხმაურა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც მოხდება განადგურებული პროდუქციის მოცულობისა და ზიანის დადგენა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური უსწრაფეს რეჟიმში მოახდენს სასაქონლო მატრიალური ფასეულობის ჩამოწერას გადამხდელებზე იმისთვის, რომ მათ საგადასახადო ვალდებულებები აღარ წარმოექმნას განადგურებულ საქონელზე. ” გარდა ამისა, უკვე შემდგომ პერიოდში ინდივიდუალურად მოხდება შესწავლა თითოეული ამ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების და საგადასახადო დავალიანებების და ინდივიდუალურად იქნება გადაწყვეტილება მიღებული. იქედან გამომდინარე, რომ მომავალ საქმიანობაში პრობლემა არ შეიქმნას”, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.