რადიო „არ დაიდარდოს“ ეთერს „ქართული ხმების“ წევრი ბადრი ჩიხიაშვილი სტუმრობდა, რომელმაც მსმენელს ანსამბლის ახალი პოპური წარუდგინა, ასევე პროექტზე „მიძღვნა დიდ ბიჭებს“ და დაგეგმილ კონცერტებზე ისაუბრა.
ბადრი, აქტიურად მიმდინარეობს თქვენი კონცერტები პროექტის „მიძღვნა დიდ ბიჭებს“ ფარგლებში, მოგვიყევით უკვე ჩატარებულ და სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე.
ორდღიანი სოლოკონცერტი გვქონდა „ფილარმონიაში“ და საკმაოდ წარმატებით, ანშლაგით ჩაიარა. პროექტმა სრულიად შეცვალა მსმენელის დამოკიდებულება ჩვენთან მიმართებით. 10 წლიანი პაუზის შემდეგ, რა თქმა უნდა, ხდება ემოციების გაციება და ამ ყველაფერმა კვლავ გააღვივა ემოციები და იმდენად ახალი ელფერი შეგვმატა ახალმა რეპერტუარმა, რომ საკმაოდ დიდი მოთხოვნა გამოიწვია ხალხის მხრიდან. უნდოდათ, რომ ეს ყველაფერი კვლავ განმეორებულიყო და კვლავ შევხვედროდით ერთმანეთს. ამ ყველაფრისთვის მადლობა ქეთი გაბისიანს, რომ არა ის, ასეთი რეპერტუარი არ შედგებოდა. სასიხარულოა, რომ მსმენელების დიდი არმია შეგვემატა, ახალგაზრდების სახით. ჩვენი ჩანაფიქრიც ის იყო, რომ თან დიდი თაობისთვის გვეცა პატივი და თან ახალგაზრდა თაობისთვის შეგვეყვარებინა ჩვენი სიმღერები. ვიტყოდი, რომ ეს პროექტი საკმაოდ წარმატებით განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი „კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით“ ხდება და დიდი მადლობა მათ.
ხალხისგან იყო დიდი მოთხოვნა, რომ ეს სოლოკონცერტები განმეორებულიყო, ამიტომ რეგიონებში ვაპირებთ ჩვენი რეპერტუარის წარდგენას.
ახლახან, დუშეთში გვქონდა კონცერტი და ისეთი სასიამოვნო და კარგი განწყობა იყო… დარბაზი ახალგაზრდებით იყო სავსე, ჩვენთან ერთად მღეროდნენ.
ხვალ, 27 აგვისტოს გურჯაანი გველოდება და დიდი მზადებაა. 4 აგვისტოს სამტრედიას ვეწვევით. შემდეგი რეგიონებიც აუცილებლად მალე დაანონსდება.
ვისაუბროთ თქვენს ახალ პოპურზე, რომელშიც შესულია მუსიკა კინოფილმებიდან „თოჯინები იცინიან“ და „ნინო“.
„ქართულ ხმებს“ რომ შევუერთდი, მაგ პერიოდში, დავიწყეთ აქტიური მუშაობა და რეპერტუარის განახლება. თვითონ ბიჭებმა გამოთქვეს სურვილი, როგორც ახალმა წევრმა, გვინდა, რომ შენი მხრიდან სხვა ფერი შემოიტანო, სხვანაირად გამოჩნდეს შენი შემოქმედება, ხასიათი და ის, რომ ჩვენთან ხარო. ერთობლივად მოვიფიქრეთ, რომ კინოფილმებიდან აგვეღო პოპური. ლევან აბშილავა არის მუსიკალური გაფორმების ხელმძღვანელი, თავის ბენდთან ერთად. ნამუშევარი საკმაოდ სასიამოვნო მოსასმენი გამოვიდა.
როგორია სამომავლო გეგმები?
ამ ყველაფერთან ერთად, გვაქვს ახალი პროექტი, რომელზეც აქტიურად მიდის მუშაობა და რომელშიც 10 სიმღერა შედის. ეს ისეთი სიმღერებია, რომელსაც ყველა თაობა თავისებურად და ლამაზად მიიღებს.
ქართული ხმები – პოპური კინოფილმებიდან “თოჯინები იცინიან” და “ნინო”
აუდიოჩანაწერი