„საქართველოს დამსახურებული პედაგოგი“, ღირსების მედლის მფლობელი მუსიკოსი დოდო ცინცაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“ ავრცელებს.
„თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი” ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა „საქართველოს დამსახურებული პედაგოგი“, ღირსების მედლის მფლობელი, „ნიჭიერთა ათწლედის“ კურსდამთავრებული, ყველასათვის ძვირფასი, საყვარელი, განსაკუთრებული პიროვნება და მუსიკოსი, ქალბატონი დოდო ცინცაძე.
ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი ცოდნა, ენერგია, გამოცდილება და უდიდესი სიყვარული თავდაუზოგავად მოახმარა სკოლას, რომელიც მისთვის არასდროს ყოფილა მხოლოდ სამსახური, არამედ ეს იყო მისი მეორე სახლი და დიდი ოჯახი.
მთელი ცხოვრების განმავლობაში „ათწლედი“ იყო ის ადგილი, სადაც ქალბატონი დოდო ძალიან ბედნიერად გრძნობდა თავს, ჯერ როგორც მოსწავლე სკოლაში სწავლის პერიოდში, შემდგომში კი მრავალი თაობის აღმზრდელი, ღვაწლმოსილი პედაგოგი.
ქალბატონი დოდო ცინცაძე ჩვენს სკოლაში ნახევარი საუკუნე აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. წლების განმავლობაში არაერთი ვარსკვლავი აღიზარდა მის კლასში, მის მიერ აღზრდილმა მოსწავლეებმა უამრავ პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსებსა და ფესტივალებზე მოიპოვეს ლაურეატის წოდება და ჩვენი ქვეყნის სახელი გაიტანეს საერთაშორისო სარბიელზე.
სამართლიანად შეიძლება ითქვას, რომ განსაკუთრებულია მისი ღვაწლი ქართული კულტურის და ზოგადად საშემსრულებლო ხელოვნების წინაშე. ქალბატონი დოდოს და მისი თაობის პედაგოგების პროფესიონალიზმის, საქმისადმი ერთგულების, თავდაუზოგავი შრომის დამსახურეებაა ის ფაქტი, რომ ქართული საფორტეპიანო სკოლა, წლების მანძილზე უმაღლეს საშემსრულებლო სტანდარტს ინარჩუნებს.
2021 წელს ქალბატონი დოდო ცინცაძე საქართველოს სამუსიკო ხელოვნების აღორძინების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ღირსეული სამსახურისათვის, ღირსების მედლით დაჯილდოვდა.
ქალბატონი დოდო ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიუხედვად, სიცოცხლის ბოლომდე, დიდი ინტერესით ადევნებდა თვალყურს მისთვის განსაკუთრებულად ძვირფასი სკოლის შემოქმედებით ცხოვრებას.
მართლაც განუზომელია ქალბატონი დოდოს გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილი.
ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის” მთელი კოლექტივი უსამძიმრებს ქალბატონი დოდოს გარდაცვალებას მის ოჯახს, მეგობრებს, მოსწავლეებს ახლობლებს, კოლეგებს და ქართულ მუსიკალურ საზოგადოებას.
ჩვენი სკოლა ქედს იხრის ქალბატონი დოდოს ხსოვნის წინაშე და მადლობას უხდის იმ უდიდესი წვლილისათვის, რომელიც მას მიუძღვის არამარტო „ათწლედის“, არამედ ქართული ეროვნული კულტურის წინაშე“, – წერია „ნიჭიერთა ათწლედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.