LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იყო პერიოდი, როცა ყველაფერს არ ვმღეროდი და ძალიან ვცდებოდი… ჩემი არასწორი დამოკიდებულება შემდგომში გამოვასწორე“ – სოფო ბედია

12
სოფო-ბედია

,,უკვე არაერთხელ ვახსენე ქართველი ებრაელები და ეს სიმღერაც ჩვენს ძმობას და სიყვარულს მივუძღვენი” – მომღერალი სოფო ბედია ,,არ დაიდარდოს” გადაცემას ,,საღამოს რადიოშოუ” ესტუმრა, სადაც მის კარიერაზე ისაუბრა და სიმღერის პრემიერაც შემოგვთავაზა.

სოფო, როგორ გაიხსენებდი 2009 წელს შენს მიერ შესრულებულ ჯანსუღ კახიძის უბერებელ ჰანგს „არც მოლოდინი“ პროექტში „ჯეოსტარი“?

ზოგადად, ჯანსუღ კახიძე ჩემი მთავარი მუსიკალური მოტივაციაა, მთელი ჩემი ოჯახი მის სიმღერებზე გავიზარდეთ. ამ სიმღერას ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. როდესაც „ჯეოსტარის“ პირველი ლაივი ამ სიმღერით დავხურე, დარბაზი ფეხზე იდგა, ამ ემოციის დავიწყება კი არარსებულია, უბედნიერესი ვიყავი. ეს იყო ჩემი პირველი ნაბიჯი ფართო პუბლიკის წინაშე.

აღნიშნული სიმღერის და პროექტის გარდა, კიდევ რომელ მნიშვნელოვან ნაბიჯს, ნათელ წერტილს გაიხსენებ შენი მუსიკალური კარიერის დასაწყისიდან?

მანამდე იყო პატარ-პატარა კონცერტები, სალონური თემები. პირველი პროექტი „ნუცას სკოლა“ იყო და ეს კიდევ სხვა რაღაც იყო, მაგრამ ძალიან ცნობილი „ჯეოსტარით“ გავხდი, ამ პროექტში მთელი საქართველო იყო ჩაბმული. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი პირველი წარმატებული ნაბიჯი მაინც „ჯეოსტარი“ იყო, მე ასე ვთვლი.

შენს რეპერტუარში ძალიან ბევრი ცნობილი კომპოზიტორის ნამუშევარია. მაინტერესებს, თანამედროვეობის რომელ კომპოზიტორს გამოარჩევდი, რომელი უფრო ახლოს არის შენთან?

სიახლე არ არის და მგონი, ყველამ იცის, რომ ჩემი სიმღერების უმეტესობა ჩემს ძალიან ახლო და უნიჭიერეს მეგობარს, კაკი ბოლქვაძეს ეკუთვნის. მნიშვნელოვანია, კომპოზიტორიც მოერგოს მომღერალს და მომღერალმაც მოირგოს კომპოზიტორის მიერ დაწერილი სიმღერა. რაღაც კარგი მუზა ვარ კაკისთვის და ჩემთვის კიდევ უფრო განსაკუთრებულად წერს. უკვე 6 სიმღერა მაქვს მისი და დიდი მადლობა მას, რომ ასეთი ნიჭიერია და ასეთი კარგი მეგობარია. ძალიან ბევრი კარგი კომპოზიტორია და არ მინდა, ვინმე გამომრჩეს, მაგალითად, ძალიან კარგი დამსახურებები აქვთ: ლილიკო ნემსაძეს, ნანა ბალახაშვილს, ცირა ბზიშვილს. ცირა არა მარტო კომპოზიტორია, არამედ ჩემი სიმღერების მუსიკალური გამფორმებელიცაა, უზომოდ მიყვარს და ვაფასებ. ცირამ დაწერა ჩემი უსაყვარლესი ადამიანისადმი, მამაჩემისადმი მიძღვნილი სიმღერა „მე მოვალ შენთან“. ამ სიმღერას კიდევ სხვა საკრალური დატვირთვა აქვს, სხვა განზომილებაში მაგდებს. ეს სიმღერა იმხელა ემოციებს იწვევს ჩემში, რომ არ არსებობს ეს სიმღერა ვიმღერო ან მოვისმინო და არ ამეტიროს. ეს ნამუშევარი მამასთან ერთად განვლილ ყოველ წუთს მახსენებს. ცირამ ისე გააკეთა ეს სიმღერა, თითქოს, მანაც ჩემთან ერთად გაიარა ეს ყველაფერი.

ვიცი, რომ მამა შენი მენტორიც იყო. ახლა როცა სიმღერას ასრულებ და სცენაზე დგახარ, ფიქრობ მის მითითებებზე?

მამა იყო ჩემი მენტორი, ჩემი პირველი მასწავლებელი, მან მაზიარა ნამდვილ ქართულ სიმღერას. მამა ჭეშმარიტად ქართველი კაცი იყო, თავისი სიმღერით, თავისი ცეკვით ა.შ.  ხვიჩა ბედია ჩემთვის არის და ყოველთვის იქნება კაცობის და ხელოვნების მაგალითი. შენიშვნას არასდროს მეუბნებოდა, ისე გამაკეთებინებდა სიმღერას ახლიდან, რომ შენიშვნის მსგავს არაფერს მეტყოდა. ყოველთვის ვცდილობ, ისე ვიმღერო, როგორც მამას მოეწონებოდა და გაუხარდებოდა. ის ჩემთვის მთავარი შემფასებელია და ზუსტად ვიცი ჩემი და ჩემი ძმის ყოველი ნაბიჯით და წარმატებით ბედნიერია და ხარობს, იქ სადაც არის. ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო მომღერალია ჩემი ძმა, მართლაც განსაკუთრებული ნიჭის მქონე ადამიანია.

სოფო, გაქვს საკუთარი სტუდია და ამეცადინებ ბავშვებს. მოგვიყევი ამ სტუდიაზე,

დიახ, „Bedia studio“. უკვე მეოთხე წელია, რაც ეს სტუდია არსებობს და ჩემი მეორე ოჯახია. სხვათა შორის, კაკის იდეა იყო, რომ სტუდია გამეხსნა. კაკი ძალიან მეხმარება ბავშვების სწორად შეფუთვაში, ვუღებთ კლიპებს, ვუწერთ სიმღერებს და ვეხმარებით ახალ-ახალი ნაბიჯების გადადგმაში. ძალიან მაგარი ბავშვები მყავს და მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ბავშვს თავად ვამეცადინებ, ეს ძალიან დიდი სიამოვნებაა. მყავს რამდენიმე უნიჭიერესი მოსწავლე, რომელიც ზუსტად ვიცი, რომ დარჩება სცენაზე.

როგორ შეიქმნა სიმღერა „მოსალხენი პოპური“ ?

ეს პოპური არაჩვეულებრივი კომპოზიტორების სიმღერებს აერთიანებს. ეს ნამუშევარი უფრო ემიგრანტებისთვის გავაკეთე. მე განსაკუთრებული შეხება მაქვს ქართველ ებრაელებთან, მათი ძალიან ხშირი სტუმარი ვარ და ეს პოპურიც მათთვის შეიქმნა. მანამდე იყო „თქვენ გიმღერით ბედია“ , რომელიც ძალიან ხუმრობა-ხუმრობით ჩავწერე და ცოტა მეუხერხულებოდა. გიორგი წერეთელმა დაწერა რაღაც შოუსთვის ეს სიმღერა და მე და ოთარ ტატიშვილმა ვიმღერეთ დუეტში. ისეთი აღფრთოვანება და მოწონება დაიმსახურა ამ სიმღერამ და ისეთ კოლოსალურ ნახვებზე ავიდა, რომ გადავწყვიტე მარტოსაც ჩამეწერა. იყო პერიოდი, როცა ყველაფერს არ ვმღეროდი და ძალიან ვცდებოდი, რადგან თუ კარგი მომღერალი ხარ, ყველას უნდა ასიამოვნო. მე ყოველთვის კარგად ვერთობოდი ასეთ სიმღერებზე, მაგრამ ვთვლიდი, რომ შესასრულებლად საჩემო არ იყო. ჩემი არასწორი დამოკიდებულება შემდგომში გამოვასწორე და ძალიან მიხარია, რადგან დიდ მოწონებას იმსახურებს ეს სიმღერები.

დღეს გვაქვს სიმღერის „ქართველი და ებრაელი“ პრემიერა. როგორ შეიქმნა ეს სიმღერა?

უკვე არაერთხელ ვახსენე ქართველი ებრაელები და ეს სიმღერაც ჩვენს ძმობას და სიყვარულს მივუძღვენი. სიმღერის ლექსიც და მუსიკაც კაკი ბოლქვაძის გახლავთ. ჩაიწერა ზაზა გოჩიტაშვილის სტუდიაში, მას ეკუთვნის არანჟირება.

 

სოფო ბედია – ქართველი და ებრაელი

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

სოფო ბედია – დამაგვიანდა. Live

 

სოფო ბედია. “საღამოს რადიო შოუ”. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები