LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იყო უხეში მოპყრობა… სურათი იმაზე მძიმეა, ვიდრე ვსაუბრობ” – ირაკლი პეტრიაშვილი უცხოეთში დასაქმების მიზნით წასული სტუდენტების პრობლემებზე საუბრობს

189
პეტ

„საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების” თავმჯდომარე აცხადებს, რომ სახელმწიფომ უნდა გააკონტროლოს კერძო დასაქმების კომპანიები, რომლებიც სტუდენტების საზღვარგარეთ დასაქმებას უზრუნველყოფენ.

ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, უცხოეთში დასაქმების მიზნით წასულ სტუდენტებს როგორც საცხოვრებლისა და სამუშაო ადგილის, ისე გადასახადებისა და ხელშეკრულებების მიმართულებით უამრავი პრობლემა ექმნებათ.

„ჩვენ გერმანიაში დასაქმებულმა 16-მა პირმა მოგვმართა. სახელმწიფომ უნდა გააკონტროლოს კერძო დასაქმების კომპანიები, რომლებიც სტუდენტების საზღვარგარეთ დასაქმებას უზრუნველყოფენ. მათ ან არ ესმით თავიანთი ფუნქცია, ან ჩვეულებრივი თაღლითები არიან. მე სტუდენტურ უცხოურ დასაქმებას უარყოფითად, რა თქმა უნდა, არ განვიხილავ, მაგრამ ეს ღირსეულ პირობებში უნდა ხდებოდეს.

იმ 16-მა სტუდენტმა, რომლებმაც მოგვმართეს, დასაქმების კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმეს, თუმცა მათ ამ ხელშეკრულების ასლი არ აქვთ. ხელშეკრულება გაფორმებულია გერმანულ ენაზე და სტუდენტებმა ეს ენა არ იციან. როგორც საცხოვრებელთან, ისე დასაქმების ადგილთან დაკავშირებით მათ უამრავი პრობლემა შეექმნათ. ნაცვლად იმისა, რომ დასაქმებულიყვნენ შოკოლადის ქარხანაში, საავტომობილო ქარხნებში მათ 15-კილოიანი ტვირთების ზიდვა უწევდათ. ეს მაშინ, როდესაც თავიდანვე გააფრთხილეს კომპანიები, რომ ფიზიკური სამუშაოსთვის მზად არ იყვნენ. ამის გამო ერთ-ერთი სტუდენტის ჯანმრთელობა დღესაც სავალალო მდგომარეობაშია. ასევე, იყო უხეში მოპყრობა და საშინელი საცხოვრებელი პირობები, რასაც უაზრო გადასახადები ერთვოდა თან. მათ უწევდათ კათოლიკური ეკლესიის მოსაკრებლის გადახდა მაშინ, როდესაც ისინი მრწამსით კათოლიკეები არ არიან. სურათი იმაზე მძიმეა, ვიდრე მე ვსაუბრობ. ორგანიზაციებმა ყველაფერი გავაკეთეთ სიტუაციის გამოსასწორებლად, თუმცა მიგრანტების შესახებ კანონი უკეთ მოაგვარებდა ყველაფერს“, – განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში.

magti 5g