პარლამენტთან ოპოზიციის აქცია გრძელდება, ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები ბანერებითა და სასტვენებით პარლამენტის შესასვლელებთან „სირცხვილის კორიდორებს“ აწყობენ. მათი მთავარი მოთხოვნა პროპორციული საარჩევნო სისტემაა.
ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა უცვლელია და აცხადებენ, პროტესტი არ დასრულდება, სანამ არ მიიღებენ პროპორციულ არჩევნებს.
უმრავლესობის დეპუტატთა ნაწილი პარლამენტის შენობაშია, სადაც უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.
პარლამენტი ოთხივე მხრიდან პიკეტირებულია: ერთპარტიულობა უნდა დამთავრდეს (ფოტო, ვიდეო)
როგორც „ფორტუნას“ “ნაციონალური მოძრაობის”ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განუცხადა, ოპოზიცია პარლამენტთან შეიკრიბა, რადგან საგაზაფხულო სესია დაიწყო. მათ სურდათ თვალებში ჩაეხედათ დეპუტატებისთვის, რომლებმაც საქართველოს მოსახლეობას პროპორციული არჩევნები წაართვა.
„ჩვენ სირცხვილის დერეფანს ვაკეთებთ, გვინდოდა თვალებში ჩაგვეხედა ყველა იმ დეპუტატისთვის, რომლებმაც წაართვა საქართველოს მოსახლეობას პროპორციული არჩევნები, თუმცა ჩუმად დაუნიშნიათ თურმე უმრავლესობის სხდომა და დილით ადრე შეაპარეს “ქართული ოცნების” დეპუტატები პარლამენტში. თუ ასე სურთ ყოფნა, ასე ჩუმად, დამალვით შეპარვა ყველა სახელმწიფო უწყებაში კი ბატონო, ეს მათი არჩევანია. იყვნენ ასე დამალულები, მაგრამ როდემდე დაემალებიან საქართველოს მოსახლეობას, იმ ხალხს, რომლის უმრავლესობამ დაუჭირა მხარი პროპორციულ არჩევნებს ამ ქვეყანაში“.
უდუმაშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმის მიმართ ზეწოლა გაგრძელდება ქვეყნის დასავლელი პარტნიორებისგანაც და ივანიშვილს მოუწევს დათმობაზე წასვლა.
სამოქალაქო აქტივისტ გიგა მაქარაშვილის განცხადებით, ოპოზიცია რჩება პროტესტის რეჟიმში. მათი მთავარი გენგეგმა არის პროპორციული არჩევნების მოთხოვნა და პარლამენტის ყველა შესასვლელთან „სირცხვილის კორიდორის“ მოწყობა.
„გვაქვს უფლება მოვითხოვოთ ის საარჩევნო სისტემა, რომელიც გვინდა, რომ გვქონდეს. გვაქვს უფლება მოვითხოვოთ იმ დანაპირების შესრულება, რომელიც გასცა მთავრობამ. ბიძინა ივანიშვილი თუ ფიქრობს, რომ შეუძლია მხოლოდ სიტყვებამდე დაიყვანოს დანაპირები, ძალიან ცდება, მას მოუწევს პროპორციული არჩევნების ჩატარება, უნდა ეს თუ არ უნდა. ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი და ჩვენ ამ არჩევნებს აუცილებლად ჩავატარებთ“, – უთხრა „ფორტუნას“ გიგა მაქარაშვილმა.
როგორც “ფორტუნას” აქციის ერთერთმა მონაწილემ განუცხადა, აქციებს ექნება სისტემატიური სახე: „ყველგან იქნება დისკომფორტი, დაუძინებელი მტრები ვიქნებით ბიძინასი და მისი მონების“, – განაცხადა ქალბატონმა.