2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე მოკლული ნიკო კვარაცხსელიას დედა, იზა ომაძე დაბადების დღის მილოცვისთვის სოციალურ ქსელში სამადლობელ სტატუსს აქვეყნებს.
ამასთან, იზა ომაძე პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ეხმიანება და წერს, რომ იმედიანად უყურებს მომავალს და სჯერა, რომ ქვეყნის გამარჯვება გარდაუვალია:
„მადლობა და ჩემი მადლიერება.
„დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა“.
მადლობა თვითეულ თქვენთაგანს იმ სიტყვებისთვის რომელიც ჩემი გამხნევებისთვის, დალოცვისთვის, მოლოცვისთვის გამოიყენეთ. უფალმა სიკეთე და წყალობა მოგცეთ, ბედნიერი დღეები მრავლად.
გუშინდელი დღე ურთულესი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში ორმაგად, ნიკოს გარეშე და ის რაც ისტორიულად გაფორმდა, მაგრამ ამავე დროს ჩემთვის ძალიან სიმბოლური!
ჩემი პოზიცია ღიად და საჯაროდ, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქეს, არაერთხელ დამიფიქსირებია, განა გუშინ და გუშინწინ, არამედ 2021 წლის 15 სექტემბრიდან მოყოლებული, სწორედ რომ ეს შედეგი დადგებოდა ვიცოდით მაშინ!
ხელისუფალს და მის მართველობას, მის შექმნილ სისტემას, რომლის დროსაც შვილი დამიხვრიტეს და საქმე თაროზე შემოდეს არასოდეს ვეტყვი კის!
არც მის თავსმოხვეულ კანონებს ვეტყვი კის, რომელიც ბინძურ საბჭოურ სისტემაში გვაბრუნებს!
ჩემი შვილის გამოუძიებელი საქმე, რომელიც, ფაქტობრივად, ხელისგულზე დევს, ბევრ ეჭვს ამყარებს!
მიუხედავად დიდი ტკივილისა, ამდენი უსამართლობისა, მე მაინც იმედიანად ვუყურებ მომავალს, მეიმედება ჩვენი შვილები, გამარჯვება ჩვენი ქვეყნისა არის გარდაუვალია.
წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო, ეს მამხნევებს, ის ამბავიც მამხნევებს, ხელმწიფემ ავზის რძით ავსება რომ უბრძანა ხალხს და თითოეულმა მათგანმა წყალი რომ მიიტანა სხვის იმედად, რომ სხვა რძეს მიიტანდა, ასე რომ მეგობრებო, ვისაც ჩვენი ქვეყნის მომავალი გვაღელვებს, მივიდეთ Молоко -ს ნაცვლად, სუფთა და კამკამა წყლით ავზის ასავსებად, წყლის ძალა და მადლი განა ჩემი ასახსნელია?
მადლობა კიდევ ერთხელ მთელი გულით თითოეულ თქვენგანს მოლოცვისთვის.
მე კი როგორც სახარებისეული სწავლება გვეუბნება, ვლოცულობ ჩემი სამშობლოსთვის, ჩემი ოჯახისთვის და ვლოცულობ იმ ადამიანების სულებისთვის, თუ მათ ეს გააჩნიათ, ვინც სასტიკი ტკივილი მიაყენა ჩვენს ოჯახს პრდაპირი თუ ირიბი თანამონაწილეობით, მოიფიქრა, დაუკვეთა, შეასრულა თუ დაფარა ეს უსასტიკესი დანაშაული.
ამასობაში ზოგიერთი მათგანი, გამდიდრდა, ზოგიერთი მათგანი გამრავლდა და ზოგიც კი განათლდა, მე კი ისევ ვლოცულობ გულმხურვალედ და უფალს გამძლეობას ვთხოვ ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის და მწამს, რომ ის აუცილებლად მოვა ჩვენთან…
ყველა მიყვარხართ ადამიანებო, ვისაც სული გაგაჩნიათ.
P.S. ეს ჩემთვის ძალიან ძვირფასი საჩუქარი გუშინ ძალიან ღირსეულმა ადამიანმა, მოძღვარმა მაჩუქა. მე ამ წიგნში ბევრი მაქვს კიდევ წასაკითხი და სასწავლი, მადლობა მას საჩუქრისთვის და იმ ღვაწლისთვის, რასაც ის ჩემი ნიკოსთვის აკეთებს და რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანისთვის, მრავალჟამიერ მისი მსახურება
ასე გასრულდა ამბავი:
მოიგონებენ წარსულს მკვიდრები,
აბუბუნდება ქვეყნად ყველა მთა,
გავდიადდები,
გავსულდიდდები
და ავენთები მამულს კელაპტრად.
შევდგები ცერზე, როგორც ავაზა,
ერთს გადავხედავ დღეებს გაფრენილს,
მერე მოვკვდები ისე ლამაზად,
ვით დაიბადა ეს ყველაფერი“.
ჩვენი შვილების მომავალი არის გაბრწყინებული, გაერთიანებული და ძლიერი საქართველოთი თავისუფალი სამყაროსკენ.
კი ევროპას, არა საბჭოთა სისტემას“, – წერს იზა ომაძე სოციალურ ქსელში.
მადლობა და ჩემი მადლიერება✨✨✨✨✨ “დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა.” მადლობა თვითეულ…
Posted by Iza Omadze on ოთხშაბათი, 29 მაისი, 2024