9 აპრილთან დაკავშირებით ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს გვიზიარებს.
„მე შენ როდის უნდა დაგამშვიდო,
ოდეს თავად ვეღარ ვმშვიდდები?!
ალბათ ღამე უნდა გავათენოთ,
მჯერა, კვლავ ცხელ სანთლებს აღვანთებთ, –
ისე არ მოკვდება საქართველო,
დედა არ უტიროს ჯალათებს!“
მორის ფოცხიშვილი
ლექსად თქმული აწმყოც და მომავალიც, ასე მწამს მეც და ასე მჯერა!!!
ზუსტად ვიცი, რას განიცდიდნენ მშობლები, რომელთაც მიწაზე გართხმული დასისხლიანებული შვილები დახვდათ 9 აპრილის დილას…მოუშუშებელი ტკივილი. სკოლის მოსწავლე ვიყავი და კარგად მახსოვს მაშინაც ბევრს უსაყვედურია „თავსგასული ახალგაზრდებიო“, დღეს ის ახალგაზრდები სამშობლოსთვის მებრძოლი გმირები არიან და მათი გმირობა და სახელი, რომელმაც თავისუფლება მოგვიტანა, სამუდამოდ შემორჩა საქართველოს ისტორიას.
ნათელი მათ წმინდა სულებს!!!
თავისუფლება და გამარჯვება ჩვენს ქვეყანას!!!“ – წერს იზა ომაძე.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.
36 წლის წინ დაღუპული გმირები არიან: აზა ადამია – 22 წლის; ნათია ბაშალეიშვილი – 16 წლის; ეკა ბეჟანიშვილი – 15 წლის; ნატო გიორგაძე – 23 წლის; თამუნა დოლიძე – 28 წლის; თინა ენუქიძე – 70 წლის; ნინო თოიძე – 22 წლის; ზაირა კიკვიძე – 61 წლის; მანანა ლოლაძე – 34 წლის; თამარ მამულაშვილი – 50 წლის; ვენერა მეტრეველი – 45 წლის; მამუკა ნოზაძე – 21 წლის; ნანა სამარგულიანი – 41 წლის; შალვა ქვასროლიაშვილი – 35 წლის; მარინა ჭყონია-სამარგულიანი – 31 წლის; ელისო ჭიპაშვილი – 25 წლის; თამარ ჭოველიძე – 16 წლის; ნოდარ ჯანგირაშვილი – 40 წლის; მზია ჯინჭარაძე – 43 წლის; მანანა მელქაძე – 26 წლის და გია ქარსელაძე – 25 წლის.