ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე თანამდებობიდან გადადგა. აღნიშნული განცხადება მან ცოტა ხნის წინ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი განმარტებით, ის საქმიანობას „ქართულ ოცნებაში“ გააგრძელებს და პოლიტსაბჭოს წევრი იქნება.
„მინდა დავიწყო მადლობით. მინდა მადლობა გადავუხადო სამედიცინო საზოგადოებას, თითოეულ ექიმს, ექთანს და ყველას, ვინც პანდემიის პერიოდში ჩვენთან ერთად დაუღალავად იბრძოდა ჩვენი თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის გადასარჩენად. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ვინც გაგებით ეკიდებოდა ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც ჩვენ ჯანდაცვაში, მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადასარჩენად ვიღებდით. მინდა მადლობა გადავუხადო სამინისტროს გუნდს, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პანდემია იყო, დაუღალავად ებრძოდა იმ უხილავ მტერს, რომელმაც შეიწირა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე. ამისთვის სამინისტროს გუნდი ნამდვილად 24- საათიან რეჟიმში მუშაობდა.
ჩემთვის ჯანდაცვის მინისტრობა არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. განვლილ პერიოდში ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ გადაგვედგა ღირსეული და სწორი ნაბიჯები. ყველა ჩვენი ქმედება და გადაწყვეტილება მიმართული იყო მხოლოდ ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის საუკეთესო გამოსავლის მისაღწევად. მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება და რა თქმა უნდა, მთავარი გამოწვევა და მოქმედების სამიზნე იყო პენდემიასთან ბრძოლა, სამინისტრომ განახორციელა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც როგორც სოციალურ, ასევე ჯანმრთელობის და შრომის უსაფრთხოების კუთხით აისახება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე და ეს ჩვენთვის არის ძალიან დიდი მიღწევა. ძალიან ვაფასებ იმას, რომ ჩვენი სამინისტროს თანამშრომლები ამისთვისაც დაუღალავად შრომობდნენ.
ასევე მინდა ხაზი გავუსვა ბევრ ისეთ ღონისძიებას, რომელიც ამ პერიოდში განხორციელდა – ეს იყო სახელმწიფო ჰოლდინგის ჩამოყალიბება, სახელმწიფო კლინიკების გაერთიანება, ეს არის საქართველოს 30 წლის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ჯანდაცვაში განხორციელდა. კოვიდპანდემიის მიმართულებით ავიღეთ ყველაზე დიდი დარტყმა და გავუმკლავდით პანდემიას. მინდა თითოეულ აქ დასაქმებულ ადამიანსაც მადლობა გადავუხადო.
ასევე არ შეიძლება გამომრჩეს პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებული რეფორმა, როგორც დაფინანსების კუთხით, ასევე ტექნოლოგიური გაუმჯობესების კუთხით. დარწმუნებული ვარ, ამ განხორციელებული სამუშაოთი ჩვენ შევძლებთ რეგიონში და სოფლად, ადგილზე მივუტანთ ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობას.
ჩემთვის მნიშვნელოვანია რეგულირების სამსახურში განხორციელებული ცვლილებები. „ჯიემპი“ და „ჯიდიპის“ სტანდარტი, რომელიც საბოლოოდ საქართველოში დაიწყო, სექტორის სრული ჩართულობით და მობილიზებით. მადლობა მინდა გადავუხადო ფარმასექტორს იმ მზაობისთვის, რომელიც მათ ბოლო პერიოდში დააფიქსირეს და ეს გადის მაღალ პასუხისმგებლობაზე, რადგან ამით ჩვენს თითოეულ მოქალაქეს მივაწვდით ხარისხიან მედიკამენტს, რომელიც პირველ რიგში აისახება თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე.
მნიშვნელოვანია ასევე დევნილების სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტები, ასამდე ნგრევადი ობიექტი დავხურეთ და რა თქმა უნდა, ეს ყველა პროექტი სამინისტროს ფორმატში კვლავ გაგრძელდება.
ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი პროექტი, რომელიც ნამდვილად არის უპრეცედენტო საქართველოს ისტორიაში და მე ძალიან მიხარია, რომ ეს პროექტი დაიწყო „ქართული ოცნების“ ფარგლებში, ეს არის „სოციალური კოდექსი“, რომელიც გახდება ჩვენი მოქალაქეების სოციალური საჭიროებების უსაფრთხოების ის გარანტი და ის პლატფორმა, რითაც ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ საშუალება ჰქონდეთ სიცოცხლის და ცხოვრების ხარისხი ისეთი, როგორიც გააჩნია ყველა ევროპულ ოჯახს და ეს „ქართული ოცნებისთვის“ არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან, ჩვენი განაცხადები ყველა არის სოციალური და ჩვენი გზა ნამდვილად არის ევროპისკენ. ეს პროექტი უკვე ერთი წელია მიმდინარეობს. შემდეგ წელს უკვე დავიწყებთ განხორციელების კონკრეტულ გეგმას და მე დარწმუნებული ვარ, რომ სამინისტრო და მისი გუნდი ამ პროგრამასაც და ამ პროექტსაც წარმატებით გააგრძელებს.
მინდა აღვნიშნო, რომ წლის ბოლომდე ჩვენ გვაქვს დაგეგმილი მნიშვნელოვანი ღონისძიებები, ეს ეხება ჩვენს ანგარიშებს ყველა მიმართულებით, ვინაიდან, როგორც საჯარო მოხელე, ვგრძნობ მაღალ პასუხისმგებლობას და ვთვლი, რომ ვალდებული ვარ, ჩვენს მოქალაქეებს ჩავაბაროთ ანგარიში ყველა ამ განხორციელებული საქმიანობის შესახებ“, – დასძინა ეკატერინე ტიკარაძემ.