LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანმო-ს გენერალურ დირექტორთან ნაცნობობა მქონდა, მაქსიმალურად დავაჩქარეთ პროცესი და დღეს საქართველოში მილიონზე მეტი „ფაიზერი“ მივიღეთ: ღარიბაშვილი

127
ირაკლი ღარიბაშვილი

„როცა მე პრემიერ-მინისტრად დავინიშნე, საქართველოში ვაქცინები არ ჩამოვიდა, პირდაპირ მომწოდებლებთან დავიწყეთ მუშაობა. ჯანმო-ს გენერალურ დირექტორთან მქონდა ნაცნობობა და მისი უშუალო შუამავლობით დავუკავშირდი „ფაიზერის“ პრეზიდენტს, პროცესი მაქსიმალურად დავაჩქარეთ  და დღეს საქართველოში, მილიონზე მეტი „ფაიზერი“ მივიღეთ,“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, წალკაში „ქართული ოცნების“ წალკის მერობის კანდიდატის, ილია საბაძის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, 5 თვის წინ, მთავრობა COVAX-ის პლატფორმას უცდიდა, რომლისგანაც ყველა ქვეყანა ვაქცინებს ელოდებოდა, მაგრამ მოხდა დაგვიანება და ვაქცინები იმ დროისთვის, როცა ის  პრემიერ-მინისტრად დაინიშნა, საქართველოში არ ჩამოვიდა.

„მე გადავწყვიტე მაშინ, დავავალე კაბინეტს და მუშაობა პირდაპირ მწარმოებლებთან, მომწოდებლებთან დავიწყეთ. მაშინ კომუნიკაციაზე საერთოდ არავინ არ გამოდიოდა. კვირების განმავლობაში ელოდებოდნენ პასუხს მეილით. ჯერ კიდევ ჩემი პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს, მე მქონდა ნაცნობობა  ჯანმო-ს გენერალურ დირექტორთან, რომელიც იმ დროს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.

მასთან მქონდა პირდაპირი კომუნიკაცია, მისი დახმარებით, მისი უშუალო კომუნიკაციითა და შუამავლობით დავუკავშირდი „ფაიზერის“ პრეზიდენტს, მწარმოებელი კომპანიის პრეზიდენტს, რომელმაც საკუთარი ადმინისტრაციის უფროსის ჩართულობით, ჩემს აპარატთან, ჩემს ადმინისტრაციასთან, ასევე ჯანდაცვის სამინისტროსთან, მაქსიმალურად დავაჩქარეთ პროცესი და დღეს, საქართველოში მილიონზე მეტი „ფაიზერი“ მივიღეთ. მილიონი ცალკე, რომელიც ჩვენ ვიყიდეთ და ნახევარი მილიონი პრეზიდენტ ბაიდენის საჩუქარი საქართველოსთვის“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ ის საქართველოში ჩინური ვაქცინის შემოტანის მომხრე პირველივე დღეებიდან იყო, რადგან ჯანმო-ს გენერალური დირექტორისგან ჰქონდა ინფორმაცია, რომ ჩინური ვაქცინების ავტორიზაციის საკითხი მხოლოდ დროის ამბავი იყო.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, იმ დროს ვაქცინებზე მოთხოვნა გაზრდილი იყო და იმისთვის, რომ ვაქცინის მიწოდება არ შეფერხებულიყო, ჩინეთის პრემიერთან უშუალო კომუნიკაცია ჰქონდა.

„მაშინ იყო დილემა, ასეთი კითხვა არსებობდა ჩინურ ვაქცინებთან დაკავშირებით. პირველივე დღეებიდან ვიყავი მომხრე და საქართველოში ჩინური ვაქცინების შემოტანა, სწორედ ჩემი ინიციატივა იყო. იმიტომ, რომ ისევ ჩემი კარგი მეგობრის და ნაცნობის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის რჩევით, პრივატულ საუბრებში მან მითხრა, რომ ორივე ჩინური ვაქცინა იქნება აღიარებული უახლოეს კვირებში და თვეებში, დროის ამბავია.

მე მაშინ დავავალე მთავრობას და დავუკვეთეთ „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ვაქცინები. ახლა რა ხდებოდა ამ პროცესში – მოთხოვნა იყო საკმაოდ გაზრდილი, ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ბევრს ჰქონდა და არა მხოლოდ ჩვენ, ამიტომ მოწოდებასთან დაკავშირებით შეფერხება იყო.

ჩინეთის პრემიერთან მქონდა კომუნიკაცია, შედეგად მივაღწიეთ იმას, რომ მილიონნახევარი ჩინური ვაქცინა დღეს არის საქართველოში. ანუ, საუკეთესო ვაქცინების მობილიზება, უმოკლეს დროში შევძელით. ეკონომიკა გავხსენით და ყველა რეიტინგით, პარამეტრით დავუბრუნდით, ვუბრუნდებით პანდემიამდელ მდგომარეობას“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პოპულალურები