LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯაშუშობაში ბრალდებული და შემდეგ პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ტრისტან წითელაშვილი აშშ-ის  წინააღმდეგ გააქტიურდა

133

ჯაშუშობაში ბრალდებული და შემდეგ პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ტრისტან წითელაშვილი, რომელიც ყოველთვის  ანტი დასავლური  პროპაგანდით გამოირჩეოდა, ახლა უკვე  ახალი სკანდალის დაწყებას ცდილობს.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ე.წ. სამეცნიერო კონფერენციის ჩანაწერი, რომელიც 30 მაისს თსუ-ში  ჩატარდა და  სიტყვით გამოსვლისას ტრისტან წითელაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ამერიკის საელჩოს და ამერიკის ელჩის მძევალია.

პოლკოვნიკის თქმით, იან კელი პანკისის ხეობაში მყოფ ისლამურ სახელმწიფოს მებრძოლებს შეხვდა.

“ამერიკის ელჩმა იმ დონეზე ითავხედა, პანკისის ხეობაში ავიდა და სირიიდან დაბრუნებული ისლამური სახელმწიფოს მებრძოლ ტერორისტებს შეხვდა იქ. რისთვის? იმისთვის, რომ ის კერებს ქმნის იქ,” – განაცხადა ტრისტან წითელაშვილმა.

პოლკოვნიკმა საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველომ რუსეთთან პირდაპირი დიალოგი უნდა დაიწყო და განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან აფხაზეთის და ოსეთის თემაზე დიალოგისთვის მზად არის.

ვიდეოჩანაწერი ე.წ. კონფერენციის ორგანიზატორებმა ვებგვერდებიდან უკვე აიღეს.

 

იან კელის  პასუხი

იან კელი გამოთქმულ ბრალდებებს დღეს გამოეხმაურა და მას უსაფუძვლო უწოდა.

„მოხარული ვარ, რომ ამ უსაფუძვლო ბრალდებებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას გავცე პასუხი. პანკისის ხეობაში ვიყავი ერთხელ და ისიც საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად. ალბათ, სულ რაღაც ნახევარი საათის განმავლობაში ვიმყოფებოდი იქ. მიმაჩნია, რომ საქმიანობის გამჭვირვალობა და საჯაროობა არის უმნიშვნელოვანესი. ჩემი საქმიანობა არის გამჭვირვალე, საჯარო და გაშუქებული. მე მხარს ვუჭერ საქართველოს რეფორმების პროცესს, საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და საქართველოს განვითარებას. ზოგადად, ჩემი მთავრობა ებრძვის ტერორიზმისა და ექსტრემიზმის ნებისმიერ გამოვლინებას,“ – განაცხადა იან კელიმ.

 

თსუ ემიჯნება იმ აბსურდულ განცხადებებს, რაც ე.წ. სამეცნიერო შეხვედრაზე გაკეთდა – თსუ-ს  რეაქცია 

თსუ-ში აცხადებენ, რომ უნივერისიტეტს სივრცის დათმობისთვის ერთ-ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა მიმართა და წერილში მითითებული იყო, რომ შეხვედრა სამეცნიერო შინაარსის უნდა ყოფილიყო და შესაბამისად, მან უნივერსიტეტი მოატყუა.

„უნივერსიტეტი ინფორმირებული არ იყო. უნივერსიტეტის ერთ-ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა შეცდომაში შეიყვანა ფაკულტეტი. ამ შეხვედრასთან დაკავშირებით მათ თემა შეცვალეს, შესაბამისად, მოატყუეს ფაკულტეტი და უნივერსიტეტი. ჩვენი უნივერსიტეტის არცერთი სტუდენტი, პროფესორი, თანამშრომელი ამ შეხვედრას არ ესწრებოდა,“ – განაცხადა თსუ-ს პრორექტორმა,  მიხეილ ჩხენკელმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ თსუ ამ  განცხადებებს კატეგორიულად  ემიჯნება.

„მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კატეგორიულად ემიჯნება იმ აბსურდულ განცხადებებს, რაც ე.წ. სამეცნიერო შეკრებაზე გაკეთდა. ჩვენი უნივერსიტეტი იყო, არის და იქნება ევროპული ღირებულებების ერთგული,“ – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა

 

წითელაშვილის პორტფოლიო 

ტრისტან წითელაშვილი, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით იყო დაკავებული,  „ქართულმა ოცნებამ“ 2013 წელს პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლა. მას ბრალად 2008 წლის აგვისტოს ომში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა და საიდუმლო ინფორმაციის მიწოდება ედებოდა. რასაც, ცხადია, თავად უარყოფდა და თავს იმით იმართლებდა, რომ მაშინდელ ხელისუფლებას მისი მოშორება იმიტომ უნდოდა, რომ  ბევრი რამ იცოდა, მაგრამ არ აკონკრეტებდა,  რა იცოდა.

2013 წელს ის  უკვე ხელისუფლებაში მოსულმა „ქარულმა ოცნებამ“  პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლა, რაც მისთვის ბრალის ავტომატურად მოხსნას ნიშნავდა.

თუმცა, ის მას შემდეგაც გაეხვა სკანდალში, როდესაც 2016 წელს გენშტაბის ყოფილმა უფროსმა, გიგი კალანდაძემ, განაცხადა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე აშენებული საიდუმლო სამხედრო ობიექტების კოორდინატები და მთელი ინფორმაცია ტრისტან წითელაშვილმა ფირზე გადაიღო, რომელიც შემდეგ საქართველოს მტერი ქვეყნის ხელში აღმოჩნდა. საიდუმლო ბაზაზე შესვლა კი სამსახურეობრივი საშვით შეძლო. გადაღების დროს წითელაშვილს ხელი სამხედროებმა შეუშალეს, თუმცა უშედეგოდ. სამხედროებმა, კალანდაძის ინფორმაციით, ამის შესახებ ინფორმაცია ზემდგომებს მიაწოდეს, თუმცა,  ეს საქმე არ გამოიძიეს  და ეს საკითხი დღემდე კითხვის ქვეშ არის.

რაც მთავარია, მის მიმართ ბრალდებები  წლებია, არსებობს. ჯერ კიდევ 2002 წლის აპრილში „რადიო თავისუფლება“ წერდა, რომ პოლკოვნიკი წითელაშვილი საქართველოში მორიგ სამხედრო გადატრიალებას წინასწარმეტყველებდა, თითქოს მაშინდელი პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე, მის მაშინდელ ოპოზიციას, რომელიც  მაშინ პროდასავლურ ძალად  ითვლებოდა, სამხედრო გადატრიალების მეშვეობით უნდა ჩამოეცილებინათ ხელისუფლებიდან.  მისივე თქმით, ამ საქმეში ჩართულნი იყვნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში მონაწილე ვეტერანები, რომლებიც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში მოტყუებით ჩააბეს. როგორც წითელაშვილი აცხადებდა, უფრო დეტალურ ინფორმაციას მოსალოდნელი სახელმწიფო გადატრიალების შესახებ შესაბამისი ორგანოები ჩეჩენი აიუბ პაიკაევისგან მიიღებენ, რომლის ბრალეულობის დასადგენად, როგორც ის მაშინ აცხადებდა, უშიშროების საგამოძიებო ორგანოები თურმე უკვე ახორციელებენ შესაბამის საპროცესო ქმედებებს. მაგრამ, უშიშროების სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, აიუბ პაიკაევის საქმე ამ უწყებაში არ აღმოჩნდა.

მისი მხრიდან ამ ინფორმაციის გაჟღერება აღქმული  იქნა, როგორც დასავლეთის წინააღმდეგ  მიზანმიმართული პოლიტიკის ნაწილი,  რომელიც რუსეთის ინტერესებში შედიოდა.

ამას კი წინ უძღოდა ჟურნალისტური გამოძიების მასალა,  რომლის თანხმად, ის იარაღის უკანონო ბიზნესში იყო  ჩართული, სადაც უკვე ზემოთ ნახსენები აიუბ პაიკაევი მონაწილეობდა.  ფარული კამერით გადაღებულ კადრებზე, წითელაშვილთან ერთად, სწორედ ზემოხსენებული აიუბ პაიკაევი იყო დაფიქსირებული.

თუმცა,  წითელაშვილი აცხადებდა, რომ, იარაღით ვაჭრობის საბაბით, კავშირზე გასვლა წინასწარ იყო შეთანხმებული უშიშროების ორგანოებთან და მიზნად ახალი სახელმწიფო გადატრიალების გეგმის გამჟღავნებას ისახავდა. რაც შემდეგ არ დადასტურდა.

ამასთან,  წითელაშვილი 2000-იანი წლების დასაწყისში  ბრალდების მთავარ მოწმედ გადიოდა სახელმწიფო ღალატში “მხილებული” გენერლის, გუჯარ ყურაშვილის, სასამართლო პროცესზე, რომელიც სახელმწიფო ბრალდების კრახით დასრულდა.

 

რუსა მაჩაიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები