LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Jazz and Wine-ის ფესტივალზე კახეთში ნინა სიმონის შვილი, ლისა სიმონი იმღერებს

682
lisasimoni

Eastern Promotions და TBC Concept – თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს Jazz and Wine Kakheti.

3 ოქტომბერს, კახეთში, „რადისონ ქოლექშენ, წინანდლის მამულში“, რიგით მეოთხე ფესტივალი – Jazz and Wine Kakheti გაიმართება.

ფესტივალის ჰედლაინერია სოულისა და ჯაზის ვარსკვლავი ლისა სიმონ (Lisa Simone).

ფესტივალში ასევე მონაწილეობას იღებენ ბექა გოჩიაშვილის ტრიო, რუსა მანველი და დავით მაზანაშვილის ტრიო.

„Jazz and Wine Kakheti“-ის ფარგლებში, კონცერტების გარდა, ქართული ღვინის მწარმოებელი მცირე კომპანიები მოაწყობენ ღვინის დეგუსტაციებს და ჯაზური მუსიკის ფონზე სტუმრებს საშუალებას მისცემენ დააგემოვნონ სხვადასხვა სახის ღვინო.

„ფესტივალის ეს ფორმატი ჩვენ არ მოგვიფიქრებია.უამრავ ღვინის მწარმოებელ ქვეყანაში ეს ფორმა დამკვიდრებულია და ღვინისა და ჯაზის სინთეზი ძალიან მიღებულია. ეს ფესტივალი კახეთში თანდათან იკრებს ძალას. „ისთერნ ფრომოუშენსის“ რეპუტაცია საერთაშორისო ასპარეზზე გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ყოველ წელს კიდევ უფრო მეტად დავაინტერესოთ მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკოსები საქართველოში ჩამოსვლით. ამჯერად ძალიან გაგვიმართლა და უდიდესი მუსიკოსი ესტუმრება Jazz and Wine-ის ფესტივალს. პანდემიის პერიოდში ის არის ერთ-ერთი დიდი ვარსკვლოავი, რომელიც ჩვენს ქვეყანას ესტუმრება. ის ამერიკელია, მაგრამ საფრანგეთში ცხოვრობს და ყველა მასთან მომუშავე მუსიკოსიც საფრანგეთის მოქალაქეა, ამიტომაც გახდა შესაძლებელი მისი საქართველოში მოწვევა. საკმაოდ რთული იყო დათანხმება, თან, რამდენიმე დღით ჩამოდის, თუმცა მისთვის სპეციალური ექსკურსია დაიგეგმა და ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რეგიონისთვის მისი აქ ყოფნა, შეიძლება ითქვას, კახეთისთვის კარგი რეკლამა იქნება.

 ფესტივალზე დამსწრეებს საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ 16-მდე სხვადასხვა მცირე მარნის ღვინო, საღამოს კი ჯერ ქართველი მუსიკოსების, შემდეგ კი ლისას კონცერტებს დაესწრონ“, აცხადებენ „ისთერნ ფრომოუშენსში“.

მსახიობი, კომპოზიტორი და მომღერალი, ლისა სიმონი, ლეგენდარული შემსრულებლის, ნინა სიმონის ერთადერთი შვილია, რომელიც ყველა პრესტიჟული ფესტივალის სასურველი სტუმარი გახლავთ. ის ცნობილია საკუთარი ნამუშევრებით ბროდვეიზე: „მეფე ლომში“, „აიდაში“, „საბრალონი“. ის გახლავთ აღმასრულებელი პროდიუსერი „ნეტფლქისის“ ფილმისა „რა მოხდა, მის სიმონ?“, რომელიც დედის, ნინა სიმონის ცხოვრებას ეძღვნება. თავად ლისას შემოქმედება ოთხ ალბომს ითვლის, მათ შორისაა: „Simone on Simone“, „All is Well“, „My World“, and „Live at the Edge“.

ბავშვობისას, სიმონი ძალიან ხშირად ცხოვრობდა ნათესავებთან დედის დაკავებული გრაფიკის გამო, ცნობილია, რომ ნინას ქორწინებაში პრობლემები ჰქონდა, ლეგენდარულ მომღერალს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემაც აწუხებდა. ახალგაზრდობაში ლისა ამერიკის შეერთებული შტატების ავიაძალებში მსახურობდა 10 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც იქიდან წამოვიდა, მუსიკალური კარიერის გაკეთება გადაწყვიტა და სხვადასხვა ევროპელი არტისტის ბექვოკალისტად მუშაობდა.

სიმონის დებიუტი თეატრალურ სცენაზე შედგა ენდრიუ ლოიდ ვებერის მიუზიკლის „იესო ქრისტე, სუპერვარსკვლავი“ ნაციონალურ ტურნეზე, 1996 წლიდან ის ბროდვეიზე აგრძელებს მოღვაწეობას და მონაწილეობს „დისნეის“ „აიდაში“ და „მეფე ლომში“.

1998 წლიდან მან ორი ალბომი ჩაწერა და ტურნეშიც მიიღო მონაწილეობა, როგორც ჯგუფ Liquid Soulის ვოკალისტმა. მათთან ერთად, 2000 წელს, ნომინირებული გახლდათ „გრემის“ პრესტიჟულ ჯილდოზე.

სწორედ ეს საინტერესო მუსიკოსი და პერსონა იქნება Jazz and Wine-ის წლევანდელი ფესტივალის მთავარი ვარსკვლავი და მისი მოსმენის საშუალება გექნებათ წინანდალში.

წარმოგიდგენთ ფესტივალის პროგრამას:

3 ოქტომბერი

ამფითეატრის მიმდებარე ტერიტორია

14:00-ქართული ღვინის დეგუსტაცია

რუსა მანველი;

დავით მაზანაშვილის ტრიო;

ამფითეატრი

19:00 – ბექა გოჩიაშვილის ტრიო;

20:30 – ლისა სიმონ;

ქვეყანაში არსებული ეპიდ-ვითარებიდან გამომდინარე წელს ფესტივალზე მხოლოდ სპეციალური ნაკრებები გაიყიდება,რაც მოიცავს, წინანდლის მამულის ტერიტორიაზე არსებულ სასტუმროებში განთავსებას და ღონისძიებაზე დასასწრებ ბილეთებს.

„რადისონ ქოლექშენ, წინანდლის მამული“ – 2 ადამიანის განთავსება და ღონისძიების ბილეთები – ფასი 800 ლარიდან (ნომრის კატეგორიების მიხედვით);

სასტუმრო „პარკ ჰოტელ“ – 2 ადამიანის განთავსება და ღონისძიების ბილეთები – ფასი 600 ლარი.

ნაკრებებზე მოქმედებს თიბისი კონცეპტ ფასდაკლება -20%, ფასდაკლების მისაღებად დაუკავშირდით კონცეპტ ასისტენტს.

ფესტივალის ნაკრების შესაძენად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 577 790 017;

ფესტივალის ოფიციალური სპონსორია კომპანია Visa;

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები