21 ივნისს, ლოს-ანჯელესში, 38-ე Kid’s Choice Awards გაიმართა. სატელევიზიო არხის – ,,ნიკელოდეონი” პატარა მაყურებელმა გამარჯვებულები მუსიკის, კინოს, ტელევიზიის, სპორტისა და სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლინა. ცერემონიის ჰოსთი, თაილა იყო. სამხრეთ აფრიკელმა არტისტმა წამყვანის ამპლუა პირველად მოირგო.

მუსიკალური კატეგორიის ტოპ გამარჯვებული, საბრინა კარპენტერი გახდა. მინიჭებული 4 ნომინაციიდან, მან სამში მოიგო. მომღერლის დისკი Short n’ Sweet 18 წლამდე მსმენელისთვის, ,,რჩეულ ალბომად” იქცა.
ბავშვებმა ,,ფავორიტ ქალ და მამაკაც არტისტებად”, SZA და ბრუნო მარსი დაასახელეს.
კინოს კატეგორიის ლიდერად, Wicked მოგვევლინა. ფილმი დაჯილდოების ყველაზე მეტ, რვა ნომინაციაში იყო წარდგენილი. ბროდვეის მიუზიკლის მხატვრულმა ადაპტაციამ სამ, მათ შორის ,,რჩეული ფილმის” ნომინაციაში გაიმარჯვა.
,,რჩეულ ქალ და მამაკაც მსახიობებად”, არიანა გრანდე და ჯეკ ბლექი დასახელდნენ. ამ უკანასკნელმა დაჯილდოების სპეციალური პრემიაც მიიღო. ის ,,კომედიების მეფედ” აღიარეს. პირველად პრესტიჟული ჯილდო 2023 წელს, ადამ სენდლერს გადასცეს.
სპეციალური ჯილდო მიენიჭა რიანასაც. ის ,,აიქონად” აღიარეს. პრემია დაჯილდოებაზე პირველად გაიცა.
სატელევიზიო პროგრამებს შორის ხმათა უმრავლესობით ყველაზე მეტი, ასევე სამი ჯილდო Nickelodeon-ის კომედიური ჟანრის სერიალმა – The Thundermans: Undercover მოიპოვა.
შოუზე Katseye-ისა და Machine Gun Kelly პერფორმანსები შედგა.